მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტორი თავად ძერწავს გმირებს და უმეტესად ერთმანეთისგან განსხვავებულ თვისებებს ანიჭებს, თითოეული მათგანის იდენტობა გარკვეულ შაბლონებში ექცევა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, არქეტიპულ პერსონაჟებად ნაწილდებიან, რასაც შვეიცარიელ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრ კარლ გუსტავ იუნგს უნდა ვუმადლოდეთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ მან გააცნობიერა, რომ ადამიანთა არაცნობიერ აზროვნებაში საერთო შაბლონები არსებობს — კვლევების საფუძველზე, 12 ძირითადი არქეტიპი განსაზღვრა. მოგვიანებით კი ეს იქცა ლიტერატურაში, თეატრსა და კინემატოგრაფიაში ამა თუ იმ პერსონაჟის შექმნის საფუძვლად.
ცხადია, არქეტიპული პერსონაჟი კლიშეს არ ნიშნავს; ავტორის მიერ შექმნილი გმირი სწორხაზოვანი, ბანალური ან მარტივად ამოსაცნობი არ უნდა იყოს. სანაცვლოდ, შეიძლება, შაბლონს ჩონჩხის ფუნქცია მივანიჭოთ — ეს ჩონჩხი სტრუქტურული რუკის მსგავსად მოქმედებს; აყალიბებს პერსონაჟის ძირითად როლს, მოტივაციასა და ქცევის ლოგიკას. ანატომიურ პარალელსაც თუ გავავლებთ, ჩონჩხი სხეულის სტრუქტურის სისწორეს განაპირობებს და ასევეა არქეტიპულ შაბლონებშიც… ეს უკანასკნელი გმირის განვითარების თანმიმდევრულობას უწყობს ხელს, რაც ავტომატურად აისახება სიუჟეტის ერთიან ხაზზე.
სიმბოლურად, არქეტიპული შაბლონი მხოლოდ ჩარჩოს წარმოადგენს. სცენარისტი ან მწერალი კი ამ ჩარჩოზე პერსონაჟის ინდივიდუალურ თვისებებს, ისტორიას, უნიკალურ მახასიათებლებსა და კონფლიქტებს „ამაგრებს“.
რეალურად, კინემატოგრაფიაში არქეტიპული პერსონაჟების ინტეგრირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კინო, როგორც თხრობის ფორმა, განვითარდა. 1920-30-იანი წლების პერიოდი, რომელიც „ჰოლივუდის ოქროს ხანად“ მოიხსენიება, უკვე შაბლონებზე დაფუძნებულ გმირებს აერთიანებდა. მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟი „მაწანწალა“ კლასიკური „ყოველდღიური ადამიანის“ არქეტიპის თვალსაჩინო მაგალითია.
თუმცა ეს მეთოდი 1940-50-იან წლებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა, როდესაც ამერიკელმა მწერალმა ჯოზეფ კემპბელმა ნაშრომი „ათასი სახის გმირი“ გამოაქვეყნა. ავტორმა იუნგის არქეტიპებზე დაყრდნობით გაანალიზა „გმირის მოგზაურობა“ და აჩვენა, როგორ ეფუძნება ეს შაბლონები უძველეს მითოლოგიას, ლიტერატურასა თუ თანამედროვე თხრობას. ცხადია, მისი იდეები მალევე აიტაცეს სცენარისტებმა, რადგან ნაშრომი ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა მრავალფეროვანი პერსონაჟების შესაქმნელად. მაგალითად, ჯორჯ ლუკასმა „ვარსკვლავური ომები“ სწორედ „გმირის მოგზაურობის“ არქეტიპულ სტრუქტურაზე დაყრდნობით შექმნა.
ამასთან, ჯოზეფ კემპბელის მოდელი სცენარისტებს სიუჟეტის ეტაპობრივი განვითარების რუკას აძლევს — აქ ყოველი არქეტიპი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს: გმირი, მენტორი, ანტაგონისტი, მოკავშირე და სხვ.
ხოლო 1960-70-იანი წლების კინემატოგრაფიაში, როდესაც რეჟისორები უფრო მეტად ექსპერიმენტულ სიუჟეტებს ეძებდნენ, არქეტიპული პერსონაჟები ახალი ინტერპრეტაციებით გაჩნდნენ. კერძოდ, სცენარისტებმა ცალკეული შაბლონების შერწყმა და ერთგვარი ჰიბრიდული ვერსიების შექმნა დაიწყეს, თუმცა თითოეულის საფუძვლები მაინც მკაფიოდ იგრძნობოდა.
რა თქმა უნდა, არქეტიპული პერსონაჟები თანამედროვე კინემატოგრაფიის განუყოფელი ნაწილიცაა. უბრალოდ, აქ ხშირად ირღვევა ტრადიციული სტრუქტურა, რათა უნიკალური და საინტერესო, კომპლექსური ნარატივები მივიღოთ. მაგალითად, სცენარისტები თავდაყირა აყენებენ საფუძვლიანად დამკვიდრებულ დეტალებს — შესაძლოა, ანტაგონისტი სიმპათიური პერსონაჟი იყოს და გარკვეული დადებითი თვისებები ჰქონდეს; ხოლო პროტაგონისტი მორალურად არამყარი აღმოჩნდეს. ასე ვთქვათ, სტერეოტიპული მოლოდინები იმსხვრევა.
ამავდროულად, თანამედროვეობაშიც ხშირად ქმნიან ისეთ გმირებს, რომლებიც საკუთარ თავში რამდენიმე არქეტიპს აერთიანებენ. ასე უფრო საინტერესო, მრავალშრიან პერსონაჟებს იღებენ. მაგალითად, „შურისმაძიებლებში“ ტონი სტარკი ერთდროულად არის „შემქმნელი“, „მეამბოხე“ და „გმირი“.
რამდენი ტიპის არქეტიპი არსებობს კინემატოგრაფიაში?
ზოგადად, არქეტიპების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტრუქტურას ვიყენებთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კარლ იუნგმა 12 ძირითადი არქეტიპი გამოკვეთა, მაგრამ სცენარისტები ხშირად ავითარებენ ან კონკრეტული სიუჟეტების საჭიროებს არგებენ მათ.
მოდით, განვიხილოთ კინემატოგრაფიაში არსებული ყველაზე გავრცელებული არქეტიპული პერსონაჟები.
- გმირი — მთავარი პერსონაჟი, რომელიც გამოწვევებს უმკლავდება და მიზანს აღწევს;
- მენტორი — ბრძენი ფიგურა, რომელიც გმირს მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებს და საჭირო დახმარებას უწევს;
- ჩრდილი — გმირის მთავარი მტერი, რომელიც ხშირად ანტაგონისტია. შესაძლოა, პროტაგონისტის შიშის სახითაც კი იყოს გამოვლენილი;
- მზრუნველი ადამიანი — პერსონაჟი, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას უწევს სხვებს და მუდმივად იცავს ნებისმიერი სირთულისგან;
- უდანაშაულო — სუფთა, მორალურად მართალი პერსონაჟი, რომელიც ბედნიერებას ან უსაფრთხოებას ეძებს;
- ხუმარა — მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს იუმორი წარმოადგენს; ხშირად ხდება ქაოსის მიზეზი;
- მმართველი — ლიდერი, რომელიც მუდმივად კონტროლსა და წესრიგზეა ფოკუსირებული;
- საყვარელი — ვნების, რომანტიკის ან ემოციური კავშირის მაძიებელი;
- ჩვეულებრივი ადამიანი — ჩვეულებრივი, მარტივი პერსონაჟი, რომელიც არაჩვეულებრივ სიტუაციებში ხვდება;
- მეამბოხე — ავტორიტეტის, ნორმებისა და არსებული რეალობის დამრღვევი;
- მაძიებელი — ეძებს ახალ გამოცდილებას, თავისუფლებას ან თვითგამორკვევის პროცესშია;
- შემოქმედი — ახალი იდეებისა და ინოვაციების მაძიებელია; საკუთარი წარმოსახვის ძალით ქმნის ყველაფერს.
სხვა ხშირად გამოყენებული არქეტიპები კინოში
12 კლასიკური არქეტიპის გარდა, ფილმები ხშირად შეიცავს დამატებით არქეტიპებს, რაც სიუჟეტს დამატებით ფენას სძენს:
- მეგობარი — გმირის ერთგული თანამგზავრი;
- ფატალური ქალი — გამომწვევი და ქარიზმატული პერსონაჟი, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვებზე მანიპულირებს;
- აუტსაიდერი — მარგინალური პერსონაჟი, რომელიც თავის დამკვიდრებას ცდილობს;
- მეოცნებე — პერსონაჟი, რომელსაც დიდი მიზნები და სხვებისგან განსხვავებული, ინოვაციური ხედვა აქვს.
ობიექტურად თუ შევაფასებთ, არქეტიპული პერსონაჟების გამოყენება სცენარისტებს ბევრი მიმართულებით ეხმარება. ეს არის სიუჟეტისა და პერსონაჟის განვითარების ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც თხრობის ლოგიკასა თუ ემოციურ გავლენას აყალიბებს. პირველ რიგში, ამ შაბლონების მეშვეობით, ავტორი იღებს მყარ სტრუქტურას, უნივერსალურობის ელემენტსა და კრეატიულ თავისუფლებას…
ამავდროულად, არქეტიპის არსებობა სცენარისტს ეხმარება, მკაფიოდ განსაზღვროს პერსონაჟის ძირითადი როლი სიუჟეტში. მაგალითად, „გმირი“ არის ის, ვინც უნდა გადალახოს დაბრკოლებები და ტრანსფორმირდეს; ხოლო „მენტორი“ — ის, ვინც გმირს ცოდნის გაზიარებით ეხმარება. თანაც არქეტიპული პერსონაჟები ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს — პირობითად, გმირისა და მენტორის, ან გმირისა და ანტაგონისტის ურთიერთობა ავტომატურად ბადებს დაძაბულობას, განვითარების ხაზსა და ემოციურ წნეხს.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ არქეტიპები უნივერსალურ პერსონაჟებს წარმოადგენს, რომლებიც ყველა კულტურისთვის ნაცნობია. შესაბამისად, მაყურებელიც ადვილად გრძნობს მათ „სინამდვილეს“ და ემოციურად უკავშირდება.
მთლიანობაში, არქეტიპები არის არამარტო „ჩონჩხი“, არამედ საფუძველი, რომელზეც სცენარისტი თავისუფლად აგებს მრავალფეროვან და უნიკალურ ისტორიებს. ეს მათ აძლევს უნარს, შექმნან ამბები, რომლებიც უნივერსალურად გასაგები და მარადიულად აქტუალურია.