REAR WINDOW — პერსონაჟების მნიშვნელობა

ცოტა განსხვავებული თვალით თუ შევხედავთ, ჩვენი ფანჯრები ტელევიზორის ეკრანებს წააგავს. მოპირდაპირე კორპუსიდან ცნობისმოყვარე თვალით რომ მოაშტერდებიან ხოლმე და მთელი დღის მომენტებს ნაწყვეტ კადრებად ხედავენ… არ იციან, რა ხდება ფანჯრის ჩარჩოებს მიღმა, მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთით აწყობენ ამბავს. 

ვერაფერს ვიტყვით თქვენს მეზობლებზე, მაგრამ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში Rear Window მთავარი გმირი სწორედ ამ როლს ირგებს. საუბარია 1954 წლის კლასიკაზე, რომელიც ერთ-ერთ საკულტო ნამუშევრად მიიჩნევა კინემატოგრაფიაში. სცენარი ჯონ მაიკლ ჰეისს ეკუთვნის — მან კორნელ ვულრიხის 1942 წლის მოთხრობის „It Had to Be Murder“ ადაპტაციაზე იმუშავა, ჰიჩკოკმა კი Paramount Pictures-ის დახმარებით გადაიღო. 

ამ ფილმის სიუჟეტი სწორედ ფანჯრიდან დანახულ ყოველდღიურობაზეა აგებული. მთავარი გმირი, ლ. ბ. ჯეფრისი (ჯეიმს სტიუარტის შესრულებით), ფოტოჟურნალისტია, რომელიც მოტეხილი ფეხის გამო საკუთარ ბინაშია „გამოკეტილი“. დროის გასაყვანად კი გადაწყვეტს, ფანჯრიდან მეზობლებს დააკვირდეს… თითოეული ფანჯრის მიღმა სხვადასხვა ამბავი ვითარდება — დაწყებული მარტოხელა ქალის ილუზორული პაემნით, დასრულებული ახალდაქორწინებული წყვილითა და წინასწარ დაგეგმილი მკვლელობით. 

ასევე, ფილმის მთავარი გმირები არიან ლიზა ფრემონტი — ჯეფრისის შეყვარებული და სტელა — ჯეფრისის ექთანი.

ეზოში გამავალი ფანჯარა და მისი სიმბოლური დატვირთვა 

იმისათვის, რომ ჯეფრისის პერსპექტივა მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო, ჰიჩკოკმა მასშტაბური, დეტალური დეკორაცია შექმნა, რომელიც მთელი ეზოსა და ბინების რეალისტურ სიმულაციას წარმოადგენდა. მსგავსი ფორმით გადაღებამ სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრების „პარალელური სიუჟეტების“ სინქრონიზაციაც გაამარტივა. 

საგულისხმოა, რომ ერთი სივრცის — ჯეფრისის ბინისა და ფანჯრიდან ხილული ეზოს — გამოყენებით ჰიჩკოკმა შექმნა ჩაკეტილობისა და იზოლაციის ძლიერი განცდა. რეალურად, ეს ფიზიკური შეზღუდვა მეტაფორაა მთავარი გმირის მდგომარეობისა და, ამავდროულად, მაყურებლისთვის ერთგვარი ჩარჩოსავითაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სცენებს მიღმა რამე დაინახოს.

გარდა ამისა, ფანჯარა კინოთეატრის ეკრანის სიმბოლოდაც მოიაზრება. ჯეფრისი, მაყურებლის მსგავსად, „საზღვრის“ მიღმაა და უბრალოდ აკვირდება მოვლენებს, რაც ფილმის აღქმის პროცესს წააგავს. ის მოქმედებაში არ ერევა, ვიდრე ფინალში თავად არ გახდება ერთ-ერთი „დაკვირვების ობიექტი“.

თავის მხრივ, ჰიჩკოკი მიზანმიმართულად არ გვაძლევს „ღმერთის ხედვას“ (omniscient perspective). ყველაფერს ვხედავთ მხოლოდ ჯეფრისის თვალით და ეზოში გამავალი ფანჯრიდან. შესაბამისად, იძულებულნი ვართ, მთავარი პერსონაჟის აღქმებს მივყვეთ და ნებისმიერ მოსაზრებაში ავტომატურად დავეთანხმოთ… რეჟისორის მიზანიც ეს იყო: მაყურებლის გონებაში ფსიქოლოგიური ჩართულობა გამოეწვია.

პერსონაჟების განვითარება და გაკვეთილი სცენარისტებისთვის

Rear Window პერსონაჟების განვითარების დახვეწილი და კომპლექსური მიდგომით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, მთავარი გმირების ურთიერთობების ევოლუცია ცენტრალურ როლს თამაშობს და სიუჟეტის განვითარებასაც დიდწილად სწორედ ეს განსაზღვრავს. თავის მხრივ, სცენარისტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღონ ამ ასპექტიდან, ვინაიდან ჰიჩკოკი იყენებს დეტალებს, მინიშნებებს და დრამატულ სიტუაციებს, რათა პერსონაჟების ფსიქოლოგიური თუ ემოციური სიღრმეები უფრო თვალსაჩინო გახადოს.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ მთავარი გმირების ევოლუცია:

ლ.ბ. ჯეფრისი: მთავარი გმირის ტრანსფორმაცია

ფილმის დასაწყისში ჯეფრისი წარმოდგენილია როგორც ნეიტრალური და პასიური პერსონაჟი. რადგანაც სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს, მეზობლების ცხოვრებას აკვირდება ფანჯრიდან, რაც მისთვის ერთგვარ გასართობად იქცევა… ეს ფიზიკური შეზღუდვა სცენარისტებს აჩვენებს, როგორ შეიძლება, პერსონაჟის ნაკლოვანებები თხრობის მთავარ მექანიზმად იქცეს. ჯეფრისის უუნარობა, იმოქმედოს ფანჯრის მიღმა იმ დონეზე, როგორც თავად სურს, მაყურებელს აიძულებს, მასთან ერთად შეიგრძნოს იზოლაცია და უსუსურობა.

ჯეფრისი ფილმის უმეტეს ნაწილში დისტანციიდან აკვირდება მოვლენებს, მაგრამ ფინალში მისი სამყაროს საზღვრები ირღვევა, როცა  უფრო აქტიურ როლში გადადის და მონაწილეობას იღებს მეზობლის — ლარს თორვალდის — დანაშაულის გამოძიებაში. ეს ტრანსფორმაცია გვასწავლის, რომ პერსონაჟის ჩართულობის დინამიკა (დისტანციიდან უშუალო მოქმედებამდე) შეიძლება მძლავრი სიუჟეტური ინსტრუმენტი იყოს.

ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯეფრისის პერსონაჟი მარტივად აღქმადი და რეალისტურია. ის არ არის გმირი ტრადიციული გაგებით — შეცდომებს უშვებს, აწყდება სიძნელეებსა და მორალურ ტვირთს. ეს სცენარისტებს ასწავლის, რომ უფრო ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟები მაყურებელთან ძლიერ კავშირს ქმნიან.

ლიზა ფრემონტი: გენდერული სტერეოტიპების დაძლევა

ლიზა ფრემონტის პერსონაჟის განვითარება სცენარისტებისთვის მრავალ მნიშვნელოვან გაკვეთილს მოიცავს. მისი ტრანსფორმაცია „გლამურული ქალის“ სტერეოტიპული სურათიდან მამაც და აქტიურ მონაწილემდე საინტერესოდაა გაშლილი. 

ლიზა ფილმის დასაწყისში წარმოდგენილია, როგორც დახვეწილი, ლამაზი და წარმატებული ქალი, რომელიც, ერთი შეხედვით, ჯეფრისის „რეგულარული“ ცხოვრებისთვის შეუფერებელია. მისი სტილი, მანერები და ქცევა გვახსენებს ტრადიციულ გენდერულ ნორმებს, სადაც ქალი პასიური თანამგზავრის როლშია. თუმცა, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ლიზა თანდათან აქტიურ როლს ითავისებს. ჯეფრისის მორალური დილემები და ფანჯრიდან დანახული მოვლენები მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მთავარი გმირისთვის. ლიზა ინიციატივას იჩენს და აქტიურად ერთვება თორვალდის დანაშაულის გამოძიებაში. მისი ეს ტრანსფორმაცია სცენარისტებისთვის მაგალითია, როგორ შეიძლება, მეორეხარისხოვანმა პერსონაჟმა სიუჟეტში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

ლიზას ევოლუცია ასევე წარმოაჩენს, რომ პერსონაჟის ცვლილებას ძირითადი ურთიერთობების გარდაქმნაც შეუძლია. კერძოდ, მისი და ჯეფრისის ურთიერთობა ფილმის დასაწყისში დისტანცირებულია — თითქოს, სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან. მოგვიანებით კი, ლიზას მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს გამოძიებაში და სირთულეებს წინ აღუდგეს, მათ კავშირს აძლიერებს. ეს გვასწავლის, რომ პერსონაჟის განვითარება არა მხოლოდ მისი პირადი ტრანსფორმაცია უნდა იყოს, არამედ იმ ურთიერთობების გაძლიერების საშუალებაც, რომლებიც სიუჟეტისთვის გადამწყვეტია.

სტელა: პრაქტიკულობისა და სიბრძნის ხმა

ექთანი სტელას ფილმის დასაწყისში მხოლოდ მეორეხარისხოვანი და პრაქტიკული პერსონაჟის სახით გვევლინება; მოგვიანებით კი მნიშვნელოვან ნარატიულ და თემატურ ფუნქციას იძენს. ერთი, რაც თავიდანვე გამოკვეთილად ჩანს, სტელას პრაქტიკულობა, პირდაპირობა და მსუბუქი იუმორია. ის კრიტიკულად უყურებს ჯეფრისის ქცევას და მუდმივ ზნეობრივ შეფასებებს აკეთებს… თუმცა როცა თორვალდის შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებები იკვეთება, სტელა თანდათან ახალ როლს იძენს — „დამცინავი კრიტიკოსიდან“ თანამოაზრედ გადაიქცევა.

რეალურად, სტელას ტრანსფორმაცია სცენარისტებს ასწავლის, რომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი მხოლოდ სიუჟეტის „ფონად“ არ უნდა იყოს შექმნილი. სანაცვლოდ, შესაძლოა, ერთგვარი „მორალური კომპასის“ როლი მოირგოს — ამ შემთხვევაში სტელას შეხედულებები ჯეფრისის მორალურ დილემებს განსხვავებული პერსპექტივით წარმოაჩენს. ავტომატურად, მაყურებელსაც ეხმარება, მთავარი გმირის ქმედებების ეთიკური მხარე უფრო ობიექტურად გაიაზროს.

მეზობლები: ადამიანის მრავალფეროვანი ცხოვრების სარკე

ცხადია, მეზობლები სიმბოლური სახით არიან წარმოდგენილნი. თითოეული მათგანი განსხვავებული ცხოვრების სტილსა თუ ემოციურ მდგომარეობას შეესაბამება:

  • თორვალდი და მისი მეუღლე — მათი დაძაბული ქორწინება კონფლიქტის ძირითადი წყაროა. ეს წყვილი ურთიერთობების ჩიხსა და მორალურ განადგურებას ასახავს;
  • მოცეკვავე გოგონა — მისი ცეკვა და ენერგია თითქოს ცხოვრების სიხარულს გამოხატავს, რაც ეზოს სხვა პერსონაჟების ყოველდღიურ რუტინასთან კონტრასტშია. თუმცა მისი მარტოსულობა მხოლოდ ყალბი, ზედაპირული  პოზიტიურობითაა შენიღბული;
  • კომპოზიტორი — მისი მუსიკა ემოციურ ფონს აძლიერებს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პერსონაჟის მარტოობის სიმბოლოს განასახიერებს;
  • ახალგაზრდა წყვილი — მათი ბედნიერი ქორწინება ჯეფრისისა და ლიზას შესაძლო მომავლის სარკეა, რაც ხაზს უსვამს მთავარი გმირის ეჭვებსა და ურთიერთობების დინამიკას;
  • მარტოხელა ქალი — ქალი, რომელიც წარმოსახვითი პაემნისთვის ემზადება, სიმბოლურად გამოხატავს ურბანული მარტოობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ასპექტს. მისი მცდელობა, შეიქმნას ილუზია რომანტიკული ურთიერთობის შესახებ, ავლენს ადამიანის ღრმა საჭიროებას კავშირისა და სიყვარულის მიმართ. 

მთლიანობაში, Rear Window-ის პერსონაჟების განვითარება სიუჟეტის ხერხემალს წარმოადგენს. მაიკლ ჰეისმა და ჰიჩკოკმა ოსტატურად გააცოცხლეს ურთიერთობები, ცვლილებები და კრიზისული სიტუაციები, რაც მაყურებელს არა მხოლოდ სიუჟეტური დრამით, არამედ ფსიქოლოგიური სიღრმეებითაც აჯადოებს.  ასე ვთქვათ, კარგად განვითარებული პერსონაჟები სიუჟეტის ემოციურ გავლენას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

ჰოლივუდური დასასრული, როგორც კინემატოგრაფიის შაბლონი

„ჰოლივუდური დასასრული“ — ეს არის ტერმინი, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოდ დამკვიდრდა კინემატოგრაფიაში და სცენარისტებისა თუ რეჟისორებისთვის ერთგვარ შაბლონურ ფორმად იქცა. ამ ფრაზით ისეთი დასასრული იგულისხმება, რომელიც მაყურებლისთვის ემოციურად დამაკმაყოფილებელი და ოპტიმისტურია. ტრადიციულად, ის მოიცავს სიუჟეტის მთავარი კონფლიქტის გადაჭრას, პერსონაჟთა ბედნიერებასა და დამაიმედებელ შედეგებს.

მაგალითად, კლასიკურ რომანტიკულ კომედიებში, როგორებიცაა „When Harry Met Sally“ ან „Pretty Woman“, მთავარი პერსონაჟები რთული სიუჟეტური გზის გავლის შემდეგ ბედნიერებას აღწევენ. სასწაულებრივად, ყველანაირი პრობლემა გვარდება, გმირები გამოწვევებს უმკლავდებიან და მათი სიყვარული „იმარჯვებს“. სცენარის მსგავსი განვითარება მაყურებელს იმედიან განწყობას უტოვებს, რაც ხშირად კომერციული წარმატების საწინდარიცაა. 

When Harry Met Sally

ტერმინის წარმოშობა და ისტორია

„ჰოლივუდური დასასრული“, როგორც იდეა, ჰოლივუდის ოქროს ხანაში (1920-50-იანი წლები) დამკვიდრდა, როცა ამერიკულ კინოში პუბლიკის ემოციური კმაყოფილების უზრუნველყოფა უმთავრეს ასპექტს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, ფილმების სტანდარტიზაციის ეპოქაში, დიდი სტუდიები ქმნიდნენ პროდუქციას, რომელიც ფართო მასებისთვის იქნებოდა მიმზიდველი. ბედნიერი დასასრული კი ჰოლივუდისთვის კომერციული სარფიანობის ერთგვარ ფორმულად იქცა, რადგან მაყურებლებს სურდათ, ფილმისგან დადებითი ემოციები მიეღოთ…

ბუნებრივია, ეს ტენდენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა… ამ დროს პუბლიკას განსაკუთრებით სჭირდებოდა იმედისმომცემი და ოპტიმისტური ისტორიები. შესაბამისად, „ჰოლივუდური დასასრული“ მაყურებელს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემებისგან დროებით გაქცევაში ეხმარებოდა; ამავდროულად, ამერიკული კულტურული ღირებულებების, მაგალითად, ოჯახის, სიყვარულისა და სამართლიანობის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.

„ჰოლივუდური დასასრულის“ ძირითადი მახასიათებლები

ეს შაბლონი სცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ემოციას, მორალურ გაკვეთილებსა თუ სიუჟეტის კვანძის გახსნას. მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  1. კონფლიქტის გადაჭრა — სიუჟეტში წამოჭრილი მთავარი პრობლემა, რომელიც გმირებს სირთულეებს უქმნის, საბოლოოდ გვარდება. ასე ამბავს ლოგიკური დასასრული აქვს და მაყურებელს „ღიად“ არ რჩება საკითხები;
  2. პერსონაჟთა ტრანსფორმაცია — ხშირად გმირები მნიშვნელოვან პიროვნულ ზრდას განიცდიან. მათი ევოლუცია კი მაყურებლისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა;
  3. მორალური გზავნილი — ჰოლივუდური დასასრული ხშირად გაჯერებულია მორალური გაკვეთილებით. ეს შეიძლება ეხებოდეს სამართლიანობას, სიყვარულსა თუ მეგობრობას და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას;
  4. ემოციური კმაყოფილება — ასეთი დასასრული მაყურებლის დადებით ემოციურ განწყობას ეხმიანება. კომერციული წარმატება კი, როგორც წესი, დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილია ხალხი ფილმის ყურების შემდეგ.
Pretty Woman

როგორ ცვლის „ჰოლივუდური დასასრულის“ შაბლონი ფილმს?

მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია ერთი საკულტო მაგალითი განვიხილოთ. ფილმი „პეიზაჟი ნისლში“ (Topio stin omichli), რომელიც 1988 წელს გადაიღო რეჟისორმა თეო ანგელოპულოსმა, საბერძნეთის ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარია. ეს დრამა მოგვითხრობს ბავშვობის, დაკარგული იმედებისა და ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ. ამასთან, სცენარი სავსეა სიმბოლიზმითა თუ ფილოსოფიური საკითხებით.

ბუნებრივია,„პეიზაჟი ნისლში“ ჰოლივუდური დასასრულით რადიკალურად განსხვავებულ ემოციურ გამოცდილებას მოგვაწვდიდა; ამასთან, სავარაუდოდ, დაკარგავდა იმ სიღრმესა და სიმბოლიზმს, რაც მას თანამედროვეობის კლასიკად აქცევს.

Topio stin omichli

მოდით, წარმოვიდგინოთ მისი ამ შაბლონში მოქცევა:

ორიგინალში, ბავშვები, ვოულა და ალექსანდროსი, თავიანთი მამის მოსაძებნად რთულ, ბუნდოვან გზას გადიან. მათი მოგზაურობა სავსეა სირთულეებითა და ძალადობით, ხოლო ფინალი ღიად რჩება: ბავშვები აღწევენ ერთგვარ საზღვარს, რომელიც შეიძლება სიმბოლო იყოს იმ გაურკვეველი მომავლისა, რომლისკენაც ისინი მიდიან… ამ ღია დასასრულმა ფილმს პოეტური, ფილოსოფიური და მტკივნეული სიღრმე შესძინა.

ხოლო თუ ფილმი ჰოლივუდურ ფორმულაში მოექცეოდა, დასასრული ბევრად ოპტიმისტური და დამაკმაყოფილებელი იქნებოდა:

  1. მამის პოვნა — ბავშვები იპოვიდნენ მამას, რომელიც კეთილი და მზრუნველი ადამიანი აღმოჩნდებოდა… ის სიხარულით მიიღებდა შვილებს და მათთან ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ყველა დაბრკოლება კი, რომელიც გზაზე შეხვდათ, პერსონაჟების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს;
  2. პოზიტიური გზავნილი — ფილმი დადებით ნოტაზე დასრულდებოდა, ბავშვები ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ. მამის დახმარებით, წარსულის ტრავმებს გაუმკლავდებოდნენ და ბედნიერები იქნებოდნენ;
  3. პრობლემების იდეალიზებული გადაწყვეტა — გზად შემხვედრი ადამიანები, რომლებიც ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, ამ შემთხვევაში განსხვავებულ როლს შეითავსებდნენ… კერძოდ, სიყვარულსა და თანადგომას გამოიჩენდნენ, სათანადოდ დაეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში.

რეალურად, „ჰოლივუდური დასასრული“ ფილმს უფრო „მარტივ“ და კომერციულად მიმზიდველ პროდუქტად აქცევდა. მაყურებელი თავს უკეთ იგრძნობდა, რადგან ბავშვების სირთულეები საბოლოოდ კეთილშობილური და ბედნიერი ფინალით დასრულდებოდა. თუმცა სიუჟეტი იმ პოეტურ და ფილოსოფიურ განზომილებას დაკარგავდა, რომელიც მაყურებელს ცხოვრებისეულ სირთულეებზე აფიქრებს. 

ამავდროულად, დაირღვეოდა რეალობასთან კავშირი, რადგან სინამდვილეში კონფლიქტებს ყოველთვის იდეალურ გამოსავალს ვერ ვუძებნით. რომ აღარაფერი ვთქვათ სიმბოლიზმის გაუფასურებაზე — ნისლი, როგორც ცხოვრებისეული გაურკვევლობის სიმბოლო, დაკარგავდა თავის მნიშვნელობას, რადგან ბავშვების გზა ნათელ და ადვილად პროგნოზირებად ფინალს მიაღწევდა.

მთლიანობაში, „პეიზაჟი ნისლში“ თავისი ღია და სევდიანი დასასრულით გვთავაზობს რეალურ, ემოციურ გამოცდილებას. „ჰოლივუდური დასასრული“ კი ამ ფილმს შეცვლიდა კომერციული ნარატივისკენ, სადაც მთავარი მიზანი მაყურებლის კომფორტის უზრუნველყოფაა და არა მისი ემოციური თუ ინტელექტუალური გამოწვევა. 

„ჰოლივუდური დასასრულის“ კრიტიკა

მიუხედავად მისი პოპულარობისა, „ჰოლივუდური დასასრული“ ხშირად კრიტიკის ობიექტია. სცენარისტებისა და რეჟისორების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სტილი მეტისმეტად პროგნოზირებადია და რეალური ცხოვრების სირთულეებსა თუ მრავალშრიანობას გაურბის. ამიტომაც, თანამედროვე კინემატოგრაფია ცდილობს, უფრო ბალანსირებული მიდგომა გამოიყენოს. ამიტომაც, დღესდღეობით რეჟისორები და სცენარისტები ხშირად ქმნიან ისეთ ნარატივებს, სადაც ჰოლივუდური დასასრულის ელემენტები კომბინირებულია რეალისტურ ტონალობასთან, რაც ფილმს უფრო ბუნებრივსა და დამაჯერებელს ხდის.

მაგალითად, მარტინ სკორსეზე ხშირად აკრიტიკებს ჰოლივუდის მიდრეკილებას, ყველაფერს ოპტიმისტური დასასრული მოუძებნოს. მისი აზრით, რეალობა უფრო რთული და მრავალმხრივია, კინო კი ცხოვრებას მთელი ამ მრავალფეროვნებით უნდა ასახავდეს. ფილმში „Taxi Driver“, სადაც მთავარი გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საბოლოოდ ღიად რჩება, სკორსეზე აჩვენებს, როგორ შეიძლება სიუჟეტი მაყურებლისთვის უფრო ღრმა და დამაფიქრებელი გახდეს.

ასევე, კვენტინ ტარანტინო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ჰოლივუდური დასასრული“ მაყურებლის ემოციებით მანიპულაციის იარაღად გამოიყენება. მისი ფილმები, მაგალითად, „Pulp Fiction“, უფრო მეტად არღვევს ტრადიციულ ნარატივს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. ტარანტინო მიიჩნევს, რომ ასეთი სტრუქტურა უფრო ბუნებრივი და საინტერესოა, ვიდრე წინასწარმეტყველებადი „ჰეფი ენდი“.

გასაკვირი არაა, რომ სტენლი კუბრიკიც, როგორც ინოვატორი რეჟისორი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ჰოლივუდურ შაბლონებს. მისი აზრით, ოპტიმისტური დასასრულები ზედმეტად ამარტივებს სიუჟეტს. ფილმში „2001: A Space Odyssey“ დასასრული აბსტრაქტული და ღრმაა, რაც მაყურებელს მრავალშრიან ინტერპრეტაციებს სთავაზობს, ნაცვლად მარტივი ემოციური კმაყოფილებისა.

დევიდ ლინჩიც ცნობილია იმით, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ნარატივებსა და ბედნიერ დასასრულებს. მისი ფილმები, მაგალითად, „Mulholland Drive“, წარმოაჩენს რეალობის სიზმრისეულ მხარეს, სადაც დამაკმაყოფილებელი დასასრულები შეუძლებელია. ლინჩის აზრით, ფილმმა უამრავი კითხვა უნდა დაგვიტოვოს… 

ხოლო ჩარლზ კაუფმანისთვის „ჰოლივუდური დასასრული“ ზედაპირულ გადაწყვეტას წარმოადგენს. ის ხშირად ამბობს, რომ ღიად დატოვებული დასასრული უკეთ გადმოსცემს ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა თუ ცხოვრებისთვის დამახასიათებელ დუალიზმს.

მთლიანობაში, ცნობილი სცენარისტები და რეჟისორები მიიჩნევენ, რომ „ჰოლივუდური დასასრული“ შესაძლებელია იყოს ეფექტური, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ორგანულად ერწყმის სიუჟეტს. როდესაც მისი გამოყენება ხდება შაბლონურად, ფილმი კარგავს უნიკალურობას და ღირებულებას. ამის გამო, ბევრმა კინემატოგრაფისტმა აირჩია, რომ გამოიკვლიოს ალტერნატიული გზები, რომლებიც მაყურებელს უფრო ღრმა ემოციურ გამოცდილებას სთავაზობს.

რისი სწავლა შეუძლიათ სცენარისტებს დევიდ ლინჩის შემოქმედებისგან?

„ფილმები სიზმრების მსგავსია. სწორედ ამიტომ ახდენენ ასეთ ძლიერ გავლენას ჩვენზე“, — ეს სიტყვები დევიდ ლინჩს ეკუთვნის, თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას. მისი სიურრეალისტური ელემენტებით, ფსიქოლოგიური სიღრმითა და მრავალმნიშვნელოვანი სიუჟეტებით მდიდარი ფილმები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კინემატოგრაფიის ისტორიაში. 

ბლოგი კონკრეტულად ამ ფრაზით შემთხვევით არ დაგვიწყია — ლინჩის ფილმები ხშირად სიზმრებს მოგვაგონებს… ასე ვთქვათ, კინოენით ჰყვებოდა სიზმრებს. სცენარისტი და რეჟისორი ისეთ სამყაროებს ქმნიდა, რომლებიც რეალურსა და ირეალურს შორის არსებულ ზღვარზე გადიოდა. მაგალითად, მისი საკულტო ფილმი „Mulholland Drive“ (2001) ნამდვილი სიზმრისეული კოშმარია. ამ უკანასკნელი სტრუქტურა აერთიანებს ლოგიკურ და ალოგიკურ სიუჟეტურ ხაზებს, რაც მაყურებელს რეალობის შეცნობის განსხვავებულ გზას უხსნის.

კადრი ფილმიდან „Mulholland Drive“

ზოგადად, დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული სტილის გაშიფვრა საკმაოდ რთულია, მაგრამ რამდენიმე ძირითად ელემენტს გამოვყოფთ:

1. სიურრეალიზმი და სიმბოლიზმი — ლინჩის ნამუშევრები იკვლევს არაცნობიერს, ფარულ ემოციებსა და ისეთ შინაგან მდგომარეობებს, რომლებიც ტრადიციულ კინოში იშვიათად გვხვდება. ეს ელემენტები ლინჩის ფილმებს არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულს, არამედ ინტელექტუალურად და ემოციურად ღრმას ხდის.

შეიძლება ითქვას, სიურრეალიზმი ლინჩის სტილის ბირთვია. მის ფილმებში რეალობა და ირეალურობა ერთმანეთს ერწყმის, რაც მაყურებელს სიზმრისეულ, ხშირად არალოგიკურ სამყაროში აქცევს. რეალობის ტრადიციულ კონცეფციას უპირისპირებს ალტერნატიულ, ფანტაზიურ რეალობებს, სადაც დრო, სივრცე და სიუჟეტის სტრუქტურა ხშირად იცვლება.

მაგალითად, „Eraserhead“-ში (1977) სიურრეალიზმთან თამაშით აერთიანებს ინდუსტრიულ დისტოპიასა თუ სიზმრისეულ ლანდშაფტებს. ზემოხსენებულ „Mulholland Drive“-ის სიუჟეტი კი დაფუძნებულია სიზმრის ლოგიკაზე, სადაც რეალობისა და ილუზიის საზღვარი განუწყვეტლივ იცვლება.

კადრი ფილმიდან „Eraserhead“

რაც შეეხება სიმბოლიზმს, ესეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი აღმოჩნდა ლონჩისთვის, რადგან იგი მაყურებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სცენა თუ ელემენტი სუბიექტურად აღიქვას. ამიტომაც, სიმბოლოებს პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით იყენებდა, რათა მრავალმნიშვნელოვანი შრეები შეექმნა. 

სიმბოლიზმის მაგალითები:

  • წითელი ფარდები („Twin Peaks“) — ეს სიმბოლო განასახიერებს იდუმალებას, არაცნობიერსა და ისეთი ძალების არსებობას, რომლებიც ადამიანურ გაგებას სცილდება;
  • ცეცხლი და ელექტრობა („Blue Velvet“; „Twin Peaks“) —  ეს ელემენტები ხშირად ასოცირდება ძალადობასთან, შინაგან ენერგიასთან და მომავლის შეცნობის შესაძლებლობასთან;
  • ცხოველები („Blue Velvet“) — ამ შემთხვევაში საუბარია ხოჭოებზე, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობენ ბალახში. მათი მეშვეობით, ლინჩი გამოხატავს იდეალურად დაბალანსებული ცხოვრების მიღმა არსებულ ქაოსსა და „მუქ ტონალობებს“. 
კადრი ფილმიდან „Blue Velvet“

2. ატმოსფერული ხმა და მუსიკა — დევიდ ლინჩის ფილმებში ატმოსფერული ხმა და მუსიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რაც მისი უნიკალური რეჟისორული ხელწერის განუყოფელი ნაწილია. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა აუდიო ელემენტებს, რადგან მათი მეშვეობით ემოციურ და ვიზუალურ შრეებს ქმნიდა. 

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ლინჩის ფილმებში ხმა ერთდროულად ემსახურება სიუჟეტის განვითარებას, ატმოსფეროს შექმნასა და ემოციური ინტენსივობის გაძლიერებას:

  • ხმოვანი ტექსტურები: ლინჩი ხშირად იყენებდა დაბალ, მონოტონურ ხმოვან ეფექტებს, როგორებიცაა ელექტრობის ბზუილი ან ქარის მოულოდნელი ხმა, რაც სიმშვიდის დროსაც კი დაძაბულობის განცდას აჩენს. მაგალითად, „Eraserhead“-ში ხმოვანი ფონური ხმები ფილმის დისტოპიურ და სიზმრისეულ ატმოსფეროს მნიშვნელოვნად აძლიერებს;
  • ხმების დისონანსი და ხარვეზები: მის ფილმებში ხმები ხშირად არაჰარმონიულია, რაც მაყურებელს დაუცველობის შეგრძნებას უქმნის. ეს აშკარად იგრძნობა „ცისფერ ხავერდში“, სადაც იდეალური გარეგანი სამყარო ხმების არატრადიციული გამოყენებით ნადგურდება.

ამავდროულად, ლინჩის ფილმებში მუსიკა ემოციური ბირთვია, რომელიც სიუჟეტის თემატიკას ამძაფრებს. მისი მუსიკალური თანამშრომლობა კომპოზიტორ ანჯელო ბადალამენტისთან საკულტო კინემატოგრაფიული მომენტების შექმნას უწყობს ხელს.

  • ემოციური სიმძაფრე: ბადალამენტის მუსიკა („ტვინ პიქსი“; „ცისფერი ხავერდი“) ატმოსფერულია და ხშირად ინარჩუნებს მელანქოლიურ, იდუმალ ტონს. მაგალითად, „Laura Palmer’s Theme“ („ტვინ პიქსი“) ერთდროულად გამოხატავს დრამატულობასა და იდუმალებას, რაც ფილმის ემოციურ ხერხემალს წარმოადგენს;
  • დროის განცდა: ლინჩი მუსიკას ხშირად იყენებს დროის განცდის შესაცვლელად, მაგალითად, ნელი, რეტროს სტილში შესრულებული სიმღერებით, რომლებიც ფილმის სამყაროს გამორჩეულ იდენტობას ანიჭებს. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ლინჩი სიჩუმესაც ერთგვარ ეფექტად იყენებდა — ხმის არარსებობას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებდა, როგორც თავად ხმას. სიჩუმეს მოულოდნელად აჩენდა, რათა მომდევნო სცენის დრამატულობა გაეძლიერებინა.

კადრი ფილმიდან „Twin Peaks“

3. პერიფერიული პერსონაჟები და მათი ისტორიები — ისინი არა მხოლოდ სიუჟეტის განუყოფელ ნაწილად გვევლინებიან, არამედ ხშირად ხელს უწყობენ ატმოსფეროს სიღრმისეული შრეების განვრცობას. ზოგადად, ლინჩის ფილმები იშვიათად ეყრდნობა მხოლოდ მთავარ გმირს ან სწორხაზოვან სცენარს. ამიტომაც, პერიფერიული პერსონაჟებით საზოგადოების „უჩინარ“ ნაწილს ასახავს: 

  • საზოგადოების ანარეკლი — ლინჩის პერიფერიული პერსონაჟები ხშირად ასახავენ საზოგადოების მიკროსამყაროს. Blue Velvet-ში პატარა ქალაქის მცხოვრებლები გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით იდეალური საზოგადოება მალავდეს ბნელ საიდუმლოებებს.
  • იდუმალება და სიმბოლიზმი — ლინჩი პერიფერიულ პერსონაჟებს ხშირად იყენებს იდუმალებისა და სიმბოლიზმის გასაძლიერებლად. ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ ფილმის მთავარი იდეების „ხმოვან გამოხატულებას“. მაგალითად, „მალჰოლანდ დრაივში“ უცნაური კაცი რესტორნის უკან ან მსახიობები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წამით ჩნდებიან, ქმნიან გაურკვევლობისა და ინტრიგის ატმოსფეროს.

მთლიანობაში, ლინჩის პერიფერიული პერსონაჟები ხშირად განასახიერებენ ისეთ თემებს, რომლებიც სცდება სიუჟეტის მთავარ ხაზს. მათი ისტორიები იკვლევს ადამიანის ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ თუ ფილოსოფიურ ასპექტებს. მაგალითად, შეიძლება არაცნობიერი შიშებისა და ემოციური განცდების გამოხატულებად მოგვევლინონ.

ამავდროულად, ლინჩის ფილმებში თითოეული პერსონაჟი თითქოს ერთიანი მოზაიკის დამოუკიდებელ ნაწილადაა შექმნილი. მათი ისტორიების აღქმა ცალკეულადაც შეიძლება, მაგრამ საერთოდ ატმოსფეროს განუყოფელ ელემენტებადაც რჩებიან.

რისი სწავლა შეუძლიათ სცენარისტებს დევიდ ლინჩის შემოქმედებისგან?

დევიდ ლინჩის უნიკალური ხედვა და კინოენით სიუჟეტების მოყოლის ინოვაციური მიდგომა მრავალ რეჟისორსა და სცენარისტს შთააგონებს. მისი ნამუშევრები გვასწავლის, რომ სცენარის შექმნა ხელოვნებაა, რომელიც სიღრმისეულ აზროვნებას, ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დეტალების მიმართ.

ის იდეალური სცენარის შექმნის პროცესს განიხილავდა, როგორც ინტუიციურ და სიღრმისეულ მოგზაურობას, რომელიც სცენარისტის შინაგან სამყაროსთან კავშირს მოითხოვს. შესაბამისად, შემოქმედებით ადამიანებს ურჩევდა, რომ სცენარების წერა მხოლოდ ლოგიკისა და სტრუქტურის მიხედვით არ განეხილათ… სანაცვლოდ, აუცილებლად უნდა მივმართოთ ინტუიციას, ემოციებსა თუ იდეების ბუნებრივი განვითარების პროცესს. 

აქვე გაგიზიარებთ დევიდ ლინჩის რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ სცენარის წერის პროცესში გამოიყენოთ:

1. იდეა, როგორც ამოსავალი წერტილი

„იდეა — ესაა საწყისი. ყველაფერი იდეით იწყება“

დევიდ ლინჩი ყოველთვის ხაზს უსვამდა სწორ იდეასთან კავშირს, როგორც შემოქმედებითი პროცესის საწყის და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. მისი აზრით, იდეა არის სცენარის სული, რომლის გარეშეც კინოს შექმნა უბრალოდ წარმოუდგენელია. ლინჩი აღნიშნავდა, რომ იდეა უნდა იყოს ის „ნაპერწკალი,“ რომელიც სცენარის მთელ პროცესს ამოძრავებს და აზრს აძლევს.

ლინჩის სიტყვებით, იდეა შემოქმედების საწყისი წერტილია. შესაბამისად, ძალდატანებით მოფიქრებულიც არ უნდა იყოს, პირიქით, ბუნებრივად უნდა გაჩნდეს. როგორც ამბობდა, იდეაზე ფიქრი მხოლოდ ინტელექტუალურ პროცესს კი არ წარმოადგენს, არამედ ინტუიციური აზროვნებიდან, არაცნობიერიდან და ხშირად სიზმრიდანაც კი მოდის. 

„იდეას უნდა მოუსმინო. ის თვითონ გეუბნება, რა უნდა გააკეთო“

სწორად შერჩეული იდეა განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი — ამიტომაც ფიქრობდა, რომ სცენარის წერის პროცესში ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა დაიკარგოს… სცენარისტს მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ რა არის ფილმის მთავარი აზრი ან მიზანი და ყველაფერი ამ იდეის ირგვლივ განავითაროს.  

იდეის არჩევის კრიტერიუმები ლინჩისთვის

ლინჩის აზრით, იდეა უნდა იყოს ის, რაც თავად სცენარისტისთვის მნიშვნელოვანია და შთამაგონებელია. ის შემოქმედებს ურჩევდა, ყურადღება მიაქციონ იმ თემებს, რომლებიც პირადად მათთვისაა ღირებული:

  1. ემოციური სიმართლე: იდეა უნდა იყოს გულწრფელი და ემოციურად მძლავრი;
  2. ინტუიციური სიმსუბუქე: არ უნდა იყოს ძალდატანებით მოფიქრებული;
  3. დაუვიწყარობა: კარგი იდეა არის ის, რომელიც ფიქრებში ხშირად „ბრუნდება“ და სცენარისტს თავისკენ იხმობს.

2. პერსონაჟების ფსიქოლოგიური სიღრმე

„შეიძლება ვერასდროს გავიგოთ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ პერსონაჟები, მაგრამ თუ მათში სიღრმეა, მაყურებელი ამას აუცილებლად იგრძნობს“

დევიდ ლინჩისთვის პერსონაჟების ფსიქოლოგიური სიღრმე სცენარის ცენტრალური ელემენტია. მისი ნამუშევრები გვიჩვენებს, რომ ფსიქოლოგიურად მდიდარი და მრავალშრიანი პერსონაჟები ქმნიან ძლიერ ემოციურ კავშირს მაყურებელთან. ამისათვის თითოეული გმირის შინაგან სამყაროს წარმოაჩენდა — ზოგჯერ უჩვეულო ქმედებებით ან არაორდინალური დიალოგებით. შეიძლება ითქვას, ასე ადამიანური ფსიქიკის სხვადასხვა გამოვლინებას აცოცხლებდა.

„პერსონაჟი უნდა იყოს ადამიანის ნამდვილი ანარეკლი, ყველა მისი ჩახლართული ემოციით, შიშებითა და სურვილებით. ეს ფილმს რეალურ ცხოვრებასთან აახლოებს“

პერსონაჟის ქცევა და მათი შინაგანი წინააღმდეგობები, ლინჩის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის გვასწავლის, რომ პერსონაჟის რეაქციები არ უნდა იყოს მხოლოდ ლოგიკაზე დაფუძნებული, არამედ უნდა ასახავდეს ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს. ამის მაგალითია ლორა პალმერი „Twin Peaks“-დან, რომლის იდენდტობაც მაყურებელს აჩვენებს როგორც სრულყოფილების გარეგნულ იერს, ისე მის შინაგან ქაოსს.

ლინჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ პერსონაჟების განვითარება ბუნებრივად უნდა მოხდეს. მოქმედებებსა და ქცევებში უნდა ყალიბდებოდეს მათი იდენტობა — მხოლოდ სიუჟეტის საჭიროებიდან გამომდინარე თუ გამოვავლენთ კონკრეტულ თვისებებს, ყველაფერი ყალბ იერს მიიღებს. ცხადია, ამგვარი მიდგომა პერსონაჟებს დამაჯერებლობას მატებს,

პერსონაჟების ფსიქოლოგიური სიღრმე ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფილმის ატმოსფეროს შექმნაში. ლინჩის ფილმებში პერსონაჟები ხშირად ასახავენ სიუჟეტის თემატურ და ემოციურ შრეებს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ჩაერთოს ფილმის სამყაროში.

3. მინიშნებები და არაპირდაპირი კომუნიკაცია

„თუ ფილმს ბოლომდე ახსნი, მას სიცოცხლეს მოკლავ“

დევიდ ლინჩი მინიშნებებსა და არაპირდაპირ კომუნიკაციას სცენარის წერის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევდა. მისი ფილმები ცნობილია იმით, რომ ბევრი რამ არც პირდაპირ არის ნათქვამი და არც ზედაპირულად აღქმადი, რაც მაყურებელს სიღრმისეულ ფიქრსა და ინტერპრეტაციაში ჩართვას აიძულებს. ლინჩის აზრით, კინოს მიზანი არ არის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა… სანაცვლოდ, განცდებისა და განცვიფრების აღძვრაა, რისთვისაც თავად სწორედ მინიშნებებსა თუ დეტალებს მიმართავდა.

როგორც ამბობდა, მინიშნებები იდუმალების საწინდარია — იდუმალება კი სიუჟეტს მრავალშრიანსა და ცოცხალს ხდის. თუკი მაყურებელს ყველაფერს მარტივად მივაწვდით, ფილმი მოსაწყენი იქნება. ამიტომაც, დეტალები იმგვარად უნდა იყოს ჩაქსოვილი, რომ მხოლოდ ინტუიციურ დონეზე აღიქმებოდეს. თავის მხრივ, ეს დეტალები შეიძლება იყოს ობიექტები, ფერები, მუსიკა ან დიალოგში გაჟღერებული ფრაზები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არაფერს ამბობს, მაგრამ არაცნობიერად მნიშვნელოვან აზრს ატარებს.

გარდა ამისა, ლინჩი აღნიშნავდა, რომ არაპირდაპირი კომუნიკაცია სიუჟეტს უფრო ღრმა და მდიდარ ფენებს მატებს. მაგალითად, „მალჰოლანდ დრაივში“ ბევრ სცენაში მაყურებელი კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იღებს, მაგრამ მინიშნებებისა და სიმბოლოების საშუალებით სიუჟეტის არაცნობიერი და ემოციური შრეები აშკარავდება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლინჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ სცენარისტი არ ეცადოს ყველაფრის ზედმიწევნით ახსნას… ვინაიდან ზედმეტი განმარტებები ფილმს იდუმალებასა და უნიკალურობას აცლის. რაც მთავარია, მინიშნებები ემოციურად დაკავშირებული უნდა იყოს სცენარისტის იდეასთან და ფილმის ატმოსფეროსთან. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლოების მექანიკური ჩასმა, არამედ პროცესია, რომელიც ფილმის ორგანულ ნაწილად იქცევა.

4. დიალოგის მნიშვნელობა

„ხანდახან სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. მაგრამ თუ სიტყვები საჭიროა, ისინი უნდა მოვიდნენ იმ სივრციდან, სადაც არაცნობიერი რეალობა ცხოვრობს“

დევიდ ლინჩისთვის დიალოგები სცენარის მნიშვნელოვანი, მაგრამ არაპირველადი ელემენტია. მისი აზრით, ფილმი პირველ რიგში ვიზუალური და ატმოსფერული საშუალებაა, რომელიც ემოციებისა და იდეების გადმოსაცემად სურათებსა და ხმებს იყენებს. დიალოგებს კი ის განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია სიუჟეტის გამდიდრება და პერსონაჟების ფსიქოლოგიის წარმოჩენა, მაგრამ არ უნდა დაიკავოს ცენტრალური როლი.

ლინჩი ხშირად იყენებს დიალოგებს მინიმალისტურად და მელოდიურად. მისი დიალოგები იშვიათადაა ზედმეტად განმარტებითი ან გადატვირთული. როგორც აღნიშნავდა, კარგი დიალოგი მაყურებელს ყველაფრის სიტყვებით გაგებას არ უნდა აიძულებდეს… სანაცვლოდ, სივრცეს უნდა ქმნიდეს ინტერპრეტაციისთვის და უფრო მეტად ემსახურებოდეს განწყობის შექმნას.

ლინჩის აზრით, კარგი დიალოგი არ უნდა აიძულებდეს მაყურებელს, გაიგოს ყველაფერი სიტყვების მიხედვით; ის უნდა ქმნიდეს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის და უფრო მეტად უნდა ემსახურებოდეს ატმოსფეროსა და განწყობის შექმნას, ვიდრე ინფორმაციის გადაცემას.

„დიალოგი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერი ახსნას. ის უფრო მეტად მინიშნება უნდა იყოს, ვიდრე განმარტება“

ამრიგად, ლინჩი სცენარისტებს ურჩევდა, მიენდონ დიალოგის ბუნებრიობას. მისი თქმით, სიტყვები უნდა მოდიოდეს პერსონაჟისგან და არა სცენარისტისგან. ეს ნიშნავს, რომ დიალოგი უნდა ასახავდეს პერსონაჟის შინაგან მდგომარეობასა და ემოციებს, ნაცვლად სცენარის ტექნიკური საჭიროებებისა.

მთლიანობაში, ლინჩის მიდგომა გვასწავლის, რომ დიალოგები სცენარის დამხმარე ელემენტია, რომელიც ემოციურ და არაცნობიერ შრეებს უფრო მძაფრს ხდის. 

5. არატრადიციული ნარატივის ძალა

„ფილმი უნდა იყოს მოგზაურობა, სადაც მაყურებელი თვითონ განსაზღვრავს მნიშვნელობას. არატრადიციული ნარატივი ამ თავისუფლებას აძლიერებს“

დევიდ ლინჩი არატრადიციულ ნარატივს სცენარის წერის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მისი აზრით, ეს არის საშუალება, რომელიც სცენარისტს აძლევს სრულ თავისუფლებას, გამოხატოს იდეები, ემოციები და სიუჟეტური შრეები ისე, რომ მაყურებელს აქტიური როლი ჰქონდეს. ის კინოს აღიქვამდა, როგორც სიზმრისეულ გამოცდილებას, სადაც რეალობის კანონები ირღვევა და ყველაფერი ემოციურ თუ არაცნობიერ დონეზე ხდება გასაგები.

ლინჩი ხშირად აღნიშნავდა, რომ არატრადიციულ ნარატივში არ არის საჭირო ყველაფერი პირდაპირ ითქვას; მისი მაგია იმაშია, რომ მაყურებელი სიუჟეტიდან საკუთარ ინტერპრეტაციებს ქმნის.

„ნარატივი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თავისივე ლოგიკას მიჰყვება“

დევიდ ლინჩის ხედვა არატრადიციული ნარატივის შესახებ შთააგონებს სცენარისტებს, რომ ტრადიციული სტრუქტურის ფარგლებს გასცდნენ და უფრო ღრმა, ინტუიციური და ემოციური ფორმებით შექმნან ფილმები. მისი მიდგომა გვასწავლის, რომ ნარატივი არა მხოლოდ ისტორიის მოყოლის ინსტრუმენტია, არამედ იმ ემოციებისა და იდეების გასაღები, რომლებიც სიტყვებს მიღმაა. 

ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციული სტრუქტურა უგულებელყოფილი უნდა იყოს, არამედ იმას, რომ სცენარისტმა უნდა გაბედოს, იმოქმედოს ამ სტრუქტურის ფარგლებს მიღმა, თუ ეს იდეას უკეთ გამოხატავს.