ჰოლივუდური დასასრული, როგორც კინემატოგრაფიის შაბლონი

ჰოლივუდური დასასრული, როგორც კინემატოგრაფიის შაბლონი

„ჰოლივუდური დასასრული“ — ეს არის ტერმინი, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოდ დამკვიდრდა კინემატოგრაფიაში და სცენარისტებისა თუ რეჟისორებისთვის ერთგვარ შაბლონურ ფორმად იქცა. ამ ფრაზით ისეთი დასასრული იგულისხმება, რომელიც მაყურებლისთვის ემოციურად დამაკმაყოფილებელი და ოპტიმისტურია. ტრადიციულად, ის მოიცავს სიუჟეტის მთავარი კონფლიქტის გადაჭრას, პერსონაჟთა ბედნიერებასა და დამაიმედებელ შედეგებს.

მაგალითად, კლასიკურ რომანტიკულ კომედიებში, როგორებიცაა „When Harry Met Sally“ ან „Pretty Woman“, მთავარი პერსონაჟები რთული სიუჟეტური გზის გავლის შემდეგ ბედნიერებას აღწევენ. სასწაულებრივად, ყველანაირი პრობლემა გვარდება, გმირები გამოწვევებს უმკლავდებიან და მათი სიყვარული „იმარჯვებს“. სცენარის მსგავსი განვითარება მაყურებელს იმედიან განწყობას უტოვებს, რაც ხშირად კომერციული წარმატების საწინდარიცაა. 

When Harry Met Sally

ტერმინის წარმოშობა და ისტორია

„ჰოლივუდური დასასრული“, როგორც იდეა, ჰოლივუდის ოქროს ხანაში (1920-50-იანი წლები) დამკვიდრდა, როცა ამერიკულ კინოში პუბლიკის ემოციური კმაყოფილების უზრუნველყოფა უმთავრეს ასპექტს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, ფილმების სტანდარტიზაციის ეპოქაში, დიდი სტუდიები ქმნიდნენ პროდუქციას, რომელიც ფართო მასებისთვის იქნებოდა მიმზიდველი. ბედნიერი დასასრული კი ჰოლივუდისთვის კომერციული სარფიანობის ერთგვარ ფორმულად იქცა, რადგან მაყურებლებს სურდათ, ფილმისგან დადებითი ემოციები მიეღოთ…

ბუნებრივია, ეს ტენდენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა… ამ დროს პუბლიკას განსაკუთრებით სჭირდებოდა იმედისმომცემი და ოპტიმისტური ისტორიები. შესაბამისად, „ჰოლივუდური დასასრული“ მაყურებელს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემებისგან დროებით გაქცევაში ეხმარებოდა; ამავდროულად, ამერიკული კულტურული ღირებულებების, მაგალითად, ოჯახის, სიყვარულისა და სამართლიანობის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.

„ჰოლივუდური დასასრულის“ ძირითადი მახასიათებლები

ეს შაბლონი სცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ემოციას, მორალურ გაკვეთილებსა თუ სიუჟეტის კვანძის გახსნას. მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  1. კონფლიქტის გადაჭრა — სიუჟეტში წამოჭრილი მთავარი პრობლემა, რომელიც გმირებს სირთულეებს უქმნის, საბოლოოდ გვარდება. ასე ამბავს ლოგიკური დასასრული აქვს და მაყურებელს „ღიად“ არ რჩება საკითხები;
  2. პერსონაჟთა ტრანსფორმაცია — ხშირად გმირები მნიშვნელოვან პიროვნულ ზრდას განიცდიან. მათი ევოლუცია კი მაყურებლისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა;
  3. მორალური გზავნილი — ჰოლივუდური დასასრული ხშირად გაჯერებულია მორალური გაკვეთილებით. ეს შეიძლება ეხებოდეს სამართლიანობას, სიყვარულსა თუ მეგობრობას და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას;
  4. ემოციური კმაყოფილება — ასეთი დასასრული მაყურებლის დადებით ემოციურ განწყობას ეხმიანება. კომერციული წარმატება კი, როგორც წესი, დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილია ხალხი ფილმის ყურების შემდეგ.
Pretty Woman

როგორ ცვლის „ჰოლივუდური დასასრულის“ შაბლონი ფილმს?

მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია ერთი საკულტო მაგალითი განვიხილოთ. ფილმი „პეიზაჟი ნისლში“ (Topio stin omichli), რომელიც 1988 წელს გადაიღო რეჟისორმა თეო ანგელოპულოსმა, საბერძნეთის ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარია. ეს დრამა მოგვითხრობს ბავშვობის, დაკარგული იმედებისა და ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ. ამასთან, სცენარი სავსეა სიმბოლიზმითა თუ ფილოსოფიური საკითხებით.

ბუნებრივია,„პეიზაჟი ნისლში“ ჰოლივუდური დასასრულით რადიკალურად განსხვავებულ ემოციურ გამოცდილებას მოგვაწვდიდა; ამასთან, სავარაუდოდ, დაკარგავდა იმ სიღრმესა და სიმბოლიზმს, რაც მას თანამედროვეობის კლასიკად აქცევს.

Topio stin omichli

მოდით, წარმოვიდგინოთ მისი ამ შაბლონში მოქცევა:

ორიგინალში, ბავშვები, ვოულა და ალექსანდროსი, თავიანთი მამის მოსაძებნად რთულ, ბუნდოვან გზას გადიან. მათი მოგზაურობა სავსეა სირთულეებითა და ძალადობით, ხოლო ფინალი ღიად რჩება: ბავშვები აღწევენ ერთგვარ საზღვარს, რომელიც შეიძლება სიმბოლო იყოს იმ გაურკვეველი მომავლისა, რომლისკენაც ისინი მიდიან… ამ ღია დასასრულმა ფილმს პოეტური, ფილოსოფიური და მტკივნეული სიღრმე შესძინა.

ხოლო თუ ფილმი ჰოლივუდურ ფორმულაში მოექცეოდა, დასასრული ბევრად ოპტიმისტური და დამაკმაყოფილებელი იქნებოდა:

  1. მამის პოვნა — ბავშვები იპოვიდნენ მამას, რომელიც კეთილი და მზრუნველი ადამიანი აღმოჩნდებოდა… ის სიხარულით მიიღებდა შვილებს და მათთან ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ყველა დაბრკოლება კი, რომელიც გზაზე შეხვდათ, პერსონაჟების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს;
  2. პოზიტიური გზავნილი — ფილმი დადებით ნოტაზე დასრულდებოდა, ბავშვები ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ. მამის დახმარებით, წარსულის ტრავმებს გაუმკლავდებოდნენ და ბედნიერები იქნებოდნენ;
  3. პრობლემების იდეალიზებული გადაწყვეტა — გზად შემხვედრი ადამიანები, რომლებიც ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ, ამ შემთხვევაში განსხვავებულ როლს შეითავსებდნენ… კერძოდ, სიყვარულსა და თანადგომას გამოიჩენდნენ, სათანადოდ დაეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში.

რეალურად, „ჰოლივუდური დასასრული“ ფილმს უფრო „მარტივ“ და კომერციულად მიმზიდველ პროდუქტად აქცევდა. მაყურებელი თავს უკეთ იგრძნობდა, რადგან ბავშვების სირთულეები საბოლოოდ კეთილშობილური და ბედნიერი ფინალით დასრულდებოდა. თუმცა სიუჟეტი იმ პოეტურ და ფილოსოფიურ განზომილებას დაკარგავდა, რომელიც მაყურებელს ცხოვრებისეულ სირთულეებზე აფიქრებს. 

ამავდროულად, დაირღვეოდა რეალობასთან კავშირი, რადგან სინამდვილეში კონფლიქტებს ყოველთვის იდეალურ გამოსავალს ვერ ვუძებნით. რომ აღარაფერი ვთქვათ სიმბოლიზმის გაუფასურებაზე — ნისლი, როგორც ცხოვრებისეული გაურკვევლობის სიმბოლო, დაკარგავდა თავის მნიშვნელობას, რადგან ბავშვების გზა ნათელ და ადვილად პროგნოზირებად ფინალს მიაღწევდა.

მთლიანობაში, „პეიზაჟი ნისლში“ თავისი ღია და სევდიანი დასასრულით გვთავაზობს რეალურ, ემოციურ გამოცდილებას. „ჰოლივუდური დასასრული“ კი ამ ფილმს შეცვლიდა კომერციული ნარატივისკენ, სადაც მთავარი მიზანი მაყურებლის კომფორტის უზრუნველყოფაა და არა მისი ემოციური თუ ინტელექტუალური გამოწვევა. 

„ჰოლივუდური დასასრულის“ კრიტიკა

მიუხედავად მისი პოპულარობისა, „ჰოლივუდური დასასრული“ ხშირად კრიტიკის ობიექტია. სცენარისტებისა და რეჟისორების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სტილი მეტისმეტად პროგნოზირებადია და რეალური ცხოვრების სირთულეებსა თუ მრავალშრიანობას გაურბის. ამიტომაც, თანამედროვე კინემატოგრაფია ცდილობს, უფრო ბალანსირებული მიდგომა გამოიყენოს. ამიტომაც, დღესდღეობით რეჟისორები და სცენარისტები ხშირად ქმნიან ისეთ ნარატივებს, სადაც ჰოლივუდური დასასრულის ელემენტები კომბინირებულია რეალისტურ ტონალობასთან, რაც ფილმს უფრო ბუნებრივსა და დამაჯერებელს ხდის.

მაგალითად, მარტინ სკორსეზე ხშირად აკრიტიკებს ჰოლივუდის მიდრეკილებას, ყველაფერს ოპტიმისტური დასასრული მოუძებნოს. მისი აზრით, რეალობა უფრო რთული და მრავალმხრივია, კინო კი ცხოვრებას მთელი ამ მრავალფეროვნებით უნდა ასახავდეს. ფილმში „Taxi Driver“, სადაც მთავარი გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საბოლოოდ ღიად რჩება, სკორსეზე აჩვენებს, როგორ შეიძლება სიუჟეტი მაყურებლისთვის უფრო ღრმა და დამაფიქრებელი გახდეს.

ასევე, კვენტინ ტარანტინო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ჰოლივუდური დასასრული“ მაყურებლის ემოციებით მანიპულაციის იარაღად გამოიყენება. მისი ფილმები, მაგალითად, „Pulp Fiction“, უფრო მეტად არღვევს ტრადიციულ ნარატივს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. ტარანტინო მიიჩნევს, რომ ასეთი სტრუქტურა უფრო ბუნებრივი და საინტერესოა, ვიდრე წინასწარმეტყველებადი „ჰეფი ენდი“.

გასაკვირი არაა, რომ სტენლი კუბრიკიც, როგორც ინოვატორი რეჟისორი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ჰოლივუდურ შაბლონებს. მისი აზრით, ოპტიმისტური დასასრულები ზედმეტად ამარტივებს სიუჟეტს. ფილმში „2001: A Space Odyssey“ დასასრული აბსტრაქტული და ღრმაა, რაც მაყურებელს მრავალშრიან ინტერპრეტაციებს სთავაზობს, ნაცვლად მარტივი ემოციური კმაყოფილებისა.

დევიდ ლინჩიც ცნობილია იმით, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ნარატივებსა და ბედნიერ დასასრულებს. მისი ფილმები, მაგალითად, „Mulholland Drive“, წარმოაჩენს რეალობის სიზმრისეულ მხარეს, სადაც დამაკმაყოფილებელი დასასრულები შეუძლებელია. ლინჩის აზრით, ფილმმა უამრავი კითხვა უნდა დაგვიტოვოს… 

ხოლო ჩარლზ კაუფმანისთვის „ჰოლივუდური დასასრული“ ზედაპირულ გადაწყვეტას წარმოადგენს. ის ხშირად ამბობს, რომ ღიად დატოვებული დასასრული უკეთ გადმოსცემს ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა თუ ცხოვრებისთვის დამახასიათებელ დუალიზმს.

მთლიანობაში, ცნობილი სცენარისტები და რეჟისორები მიიჩნევენ, რომ „ჰოლივუდური დასასრული“ შესაძლებელია იყოს ეფექტური, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ორგანულად ერწყმის სიუჟეტს. როდესაც მისი გამოყენება ხდება შაბლონურად, ფილმი კარგავს უნიკალურობას და ღირებულებას. ამის გამო, ბევრმა კინემატოგრაფისტმა აირჩია, რომ გამოიკვლიოს ალტერნატიული გზები, რომლებიც მაყურებელს უფრო ღრმა ემოციურ გამოცდილებას სთავაზობს.