ალბათ, ერთხელ მაინც გიოცნებიათ, Central Perk-ის კაფეში შესულიყავით და „მეგობრები“ დაგხვედროდნენ. უცნობი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ახლო და ძვირფასი — ჩენდლერი, მონიკა, რეიჩელი, ჯოუი, ფიბი და როსი. ეს ის სახელებია, რომელთა ერთიანობამაც ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო შოუ Friends შექმნა. უკვე ათწლეულებია, მათი ამბები, სახალისო სიტუაციები, ემოციური მომენტები თუ სასიყვარულო ურთიერთობები ყველა თაობის მაყურებელს იზიდავს…
ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც სცენარისტებმა დევიდ კრეინმა და მარტა კაუფმანმა შექმნეს კონცეფცია, რომელიც მოგვიანებით Friends-ად იქცა. მათი მიზანი ისეთი სიტკომიდ გადაღება იყო, რომელიც 20-30 წლის ახალგაზრდების ცხოვრებას, ყოველდღიურ გამოწვევებს, მეგობრობასა და სასიყვარულო თავგადასავლებს ასახავდა.
პილოტი 1994 წელს დამტკიცდა, NBC-ის მიერ. მართალია, სატელევიზიო კომპანიაში უიმედოდ იყვნენ განწყობილნი და მიაჩნდათ, რომ სიტკომი დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
თავდაპირველად სიტკომის სახელი Insomnia Café უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი — Friends Like Us. საბოლოოდ, Friends-ის იდეამდე მივიდნენ… მისი პროდიუსერები იყვნენ კევინ ბრაიტი, კრეინი და კაუფმანი.
მარტა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სერიალის მთავარი ღერძი მეგობრობის თემა იქნებოდა, თუმცა შოუს წარმატებისთვის აუცილებელი იყო პერსონაჟების განსაკუთრებული ინდივიდუალიზმი. შესაბამისად, თითოეული გმირი არა მხოლოდ სახასიათო, არამედ რეალისტური და ბუნებრივად კომედიური უნდა ყოფილიყო. ამის მისაღწევად, სცენარისტებმა თითოეულ პერსონაჟს ისეთი ხასიათი და უნიკალური თვისებები მიანიჭეს, რომ მაყურებლისთვის დაუვიწყარი გამხდარიყვნენ.
თავის მხრივ, ამ ქასთის ქიმია სიტკომის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, მეთ ლებლანკმა, მეთიუ პერიმ და დევიდ შვიმერმა თავიანთი პერსონაჟები ნამდვილ საკულტო ფიგურებად აქციეს.
რეალურად, მთავარი გმირების კონცეფციის ჩამოყალიბებისას სცენარისტები ერთი პრინციპის მიხედვით მოქმედებდნენ: თითოეული მათგანი მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო და მათ შორის ურთიერთშეთავსებაც ბუნებრივად წარმოქმნილიყო. ასე ვთქვათ, ყოველი პერსონაჟი სრულიად განსხვავებული ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა მათი სინთეზი და ერთმანეთთან ურთიერთქმედება კომედიური და ემოციური მომენტების კასკადს ქმნიდა. ამასთან, პერსონაჟები რეალისტურები იყვნენ და ისეთ სიტუაციებში ხვდებოდნენ, რომელთა წარმოსახვაც მაყურებლისთვის ძალიან ადვილი იყო.
რაც მთავარია, Friends-ის გმირები არასდროს მოქმედებდნენ საკუთარი ხასიათის წინააღმდეგ. მათი ქმედებები ყოველთვის ბუნებრივი და დამაჯერებელი იყო. სეზონების განმავლობაში განვითარდნენ, მაგრამ მაინც ინარჩუნებდნენ მათთვის სახასიათო თვისებებს.
მთლიანობაში, მარტა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა შექმნეს გმირები, რომლებიც ერთდროულად სასაცილო, სევდიანი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. მათი კონცეფცია ეფუძნებოდა რეალური ადამიანების მსგავსებას — მათ უნდოდათ, რომ მაყურებლებს ამ პერსონაჟებთან დაეკავშირებინათ თავი.
Friends-ის იდეალური სცენარი, ბუნებრივი დიალოგები და თანაბრად განვითარებული სიუჟეტური ხაზები სცენარისტების მიერ წლების განმავლობაში ნაფიქრი და დეტალურად დამუშავებული მიდგომის შედეგია. ასე ვთქვათ, დევიდ კრეინისა და მარტა კაუფმანის ხელმძღვანელობით, დაწესდა სტანდარტი, თუ როგორ უნდა შეიქმნას სახალისო, ემოციური და მაყურებელზე მუდმივად ზემოქმედების მქონე სიუჟეტები.
სცენარის შექმნის მთავარი ხერხი გუნდური მუშაობა იყო. Friends-ის სცენარისტთა გუნდი დაახლოებით 12 ადამიანს მოიცავდა, რომლებიც იდეების გენერაციაზე ერთობლივად მუშაობდნენ. პროცესი იწყებოდა თათბირით, სადაც ყველა სცენარისტი თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ იდეებს. მათი მიზანი ეპიზოდების იმგვარად შექმნა იყო, რომ სიუჟეტი ერთდროულად გასართობი, რეალისტური და ემოციურად მიმზიდველი ყოფილიყო.
კრეინისა და კაუფმანის თქმით, სერიალის იდეალური სიუჟეტების ძიება იწყებოდა ერთი მარტივი კითხვით: „რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდნენ ჩვენი გმირები, რომლებიც მაყურებელს დააინტერესებს და გააცინებს?“.
თითოეული იდეა, რომელიც იმ დროს იბადებოდა, სიღრმისეულად განიხილებოდა. თავდაპირველად ფურცელზე დაწერილი იდეები „გადახარისხდებოდა“, ხოლო შემდეგ საუკეთესო თემები უკვე აუტლაინებად გადაიქცეოდა.
ამასთან, სცენარის დაწერის შემდეგ თითოეული ეპიზოდი ცოცხალი აუდიტორიის წინ იტესტებოდა. თუ ხუმრობებს საკმარისი რეაქცია არ ჰქონდა, სცენარისტები ან თავად ეპიზოდის გადაღებისას ამატებდნენ ახალ ხუმრობებს, ან სცენარებს ხელახლა წერდნენ.
მათი მიდგომა იყო უშეცდომო და დახვეწილი სცენარი, რაც მაყურებლისთვის ხარისხის გარანტიას იძლეოდა.
აუტლაინის პრინციპები
Friends-ის სცენარისტებს მკაფიო პრინციპები ჰქონდათ, რომლითაც თითოეულ ეპიზოდში აუტლაინს აყალიბებდნენ.
პირველი პრინციპი პერსონაჟების თანასწორი ჩართულობა იყო. თითოეულ ეპიზოდში ექვსივე მთავარი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ჩართული სიუჟეტურ ხაზებში. სცენარისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ თითოეულ გმირს თავისი „მინი ისტორია“ ჰქონოდა. სწორედ ეს ხერხი ქმნიდა მრავალფეროვნებას და ყველა გმირს თანაბარი დრო აძლევდა მაყურებელთან დასაკავშირებლად.
თითოეული ეპიზოდი იყოფოდა სამ სიუჟეტურ ხაზად — A, B და C.
მაგალითად, ეპიზოდში „The One With The Embryos“, A სიუჟეტი იყო მონიკასა და რეიჩელის ბინის ვიქტორინა, რომელიც სასაცილო დაპირისპირებაში გადაიზარდა. B სიუჟეტი ეხებოდა ფიბის ემბრიონის ტრანსფერს — უფრო ემოციურ და სერიოზულ ისტორიას. C სიუჟეტი კი ჯოუისა და ჩენდლერის პატარა, ყოველდღიურ სიტუაციებს შეეხებოდა.
სცენარისტები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ყველა ხუმრობა, კონფლიქტი და დიალოგი მთავარი გმირების ხასიათიდან გამომდინარე დაწერილიყო. ჩენდლერის ნერვული ხუმრობები, ფიბის უცნაური და „არამიწიერი“ აზროვნება, მონიკას პერფექციონიზმი, როსის ნერვული და სერიოზული ბუნება — ყველაფერი სიუჟეტის ორგანულ ნაწილად იქცა.
მაგალითად, მონიკას პერფექციონიზმი მუდმივად იუმორისტული სიტუაციების წყარო იყო. ეპიზოდებში, სადაც ის სახლს მილიმეტრებში ალაგებდა ან საჭმელზე ზრუნავდა ზედმეტი სერიოზულობით, ბუნებრივად იქმნებოდა კომიკური სიტუაციები.
სცენარისტებმა დიდი ყურადღება გაამახვილეს კომედიისა და ემოციური მომენტების ბალანსზე. მიუხედავად იმისა, რომ Friends სიტკომია, ეპიზოდებში ხშირად წინა პლანზე წევდნენ მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებს.
რეიჩელისა და როსის ურთიერთობა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მათი ურთიერთობის სერიოზულ მომენტებს კომედიური დიალოგები თუ სიტუაციები ყოველთვის ამსუბუქებდა. ამგვარი ბალანსი მაყურებელს საშუალებას აძლევდა, რეალური ემოცია შეეგრძნო, მაგრამ კომედიური ელემენტებით გაენეიტრალებინა სიმძაფრე.
მთლიანობაში, Friends-ის სცენარისტებმა იდეალური სცენარი შექმნეს არა მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭით, არამედ მკაცრი სამუშაო პროცესითა და სისტემატური მიდგომით. მათი პრინციპები მოიცავდა პერსონაჟების უნიკალურ ხასიათს, მრავალფეროვან სიუჟეტურ ხაზებს, დიალოგების ორგანულობასა თუ კომედიისა და დრამის სრულყოფილ შერწყმას.