ცოტა განსხვავებული თვალით თუ შევხედავთ, ჩვენი ფანჯრები ტელევიზორის ეკრანებს წააგავს. მოპირდაპირე კორპუსიდან ცნობისმოყვარე თვალით რომ მოაშტერდებიან ხოლმე და მთელი დღის მომენტებს ნაწყვეტ კადრებად ხედავენ… არ იციან, რა ხდება ფანჯრის ჩარჩოებს მიღმა, მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთით აწყობენ ამბავს.
ვერაფერს ვიტყვით თქვენს მეზობლებზე, მაგრამ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში Rear Window მთავარი გმირი სწორედ ამ როლს ირგებს. საუბარია 1954 წლის კლასიკაზე, რომელიც ერთ-ერთ საკულტო ნამუშევრად მიიჩნევა კინემატოგრაფიაში. სცენარი ჯონ მაიკლ ჰეისს ეკუთვნის — მან კორნელ ვულრიხის 1942 წლის მოთხრობის „It Had to Be Murder“ ადაპტაციაზე იმუშავა, ჰიჩკოკმა კი Paramount Pictures-ის დახმარებით გადაიღო.
ამ ფილმის სიუჟეტი სწორედ ფანჯრიდან დანახულ ყოველდღიურობაზეა აგებული. მთავარი გმირი, ლ. ბ. ჯეფრისი (ჯეიმს სტიუარტის შესრულებით), ფოტოჟურნალისტია, რომელიც მოტეხილი ფეხის გამო საკუთარ ბინაშია „გამოკეტილი“. დროის გასაყვანად კი გადაწყვეტს, ფანჯრიდან მეზობლებს დააკვირდეს… თითოეული ფანჯრის მიღმა სხვადასხვა ამბავი ვითარდება — დაწყებული მარტოხელა ქალის ილუზორული პაემნით, დასრულებული ახალდაქორწინებული წყვილითა და წინასწარ დაგეგმილი მკვლელობით.
ასევე, ფილმის მთავარი გმირები არიან ლიზა ფრემონტი — ჯეფრისის შეყვარებული და სტელა — ჯეფრისის ექთანი.
ეზოში გამავალი ფანჯარა და მისი სიმბოლური დატვირთვა
იმისათვის, რომ ჯეფრისის პერსპექტივა მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო, ჰიჩკოკმა მასშტაბური, დეტალური დეკორაცია შექმნა, რომელიც მთელი ეზოსა და ბინების რეალისტურ სიმულაციას წარმოადგენდა. მსგავსი ფორმით გადაღებამ სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრების „პარალელური სიუჟეტების“ სინქრონიზაციაც გაამარტივა.
საგულისხმოა, რომ ერთი სივრცის — ჯეფრისის ბინისა და ფანჯრიდან ხილული ეზოს — გამოყენებით ჰიჩკოკმა შექმნა ჩაკეტილობისა და იზოლაციის ძლიერი განცდა. რეალურად, ეს ფიზიკური შეზღუდვა მეტაფორაა მთავარი გმირის მდგომარეობისა და, ამავდროულად, მაყურებლისთვის ერთგვარი ჩარჩოსავითაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სცენებს მიღმა რამე დაინახოს.
გარდა ამისა, ფანჯარა კინოთეატრის ეკრანის სიმბოლოდაც მოიაზრება. ჯეფრისი, მაყურებლის მსგავსად, „საზღვრის“ მიღმაა და უბრალოდ აკვირდება მოვლენებს, რაც ფილმის აღქმის პროცესს წააგავს. ის მოქმედებაში არ ერევა, ვიდრე ფინალში თავად არ გახდება ერთ-ერთი „დაკვირვების ობიექტი“.
თავის მხრივ, ჰიჩკოკი მიზანმიმართულად არ გვაძლევს „ღმერთის ხედვას“ (omniscient perspective). ყველაფერს ვხედავთ მხოლოდ ჯეფრისის თვალით და ეზოში გამავალი ფანჯრიდან. შესაბამისად, იძულებულნი ვართ, მთავარი პერსონაჟის აღქმებს მივყვეთ და ნებისმიერ მოსაზრებაში ავტომატურად დავეთანხმოთ… რეჟისორის მიზანიც ეს იყო: მაყურებლის გონებაში ფსიქოლოგიური ჩართულობა გამოეწვია.
პერსონაჟების განვითარება და გაკვეთილი სცენარისტებისთვის
Rear Window პერსონაჟების განვითარების დახვეწილი და კომპლექსური მიდგომით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, მთავარი გმირების ურთიერთობების ევოლუცია ცენტრალურ როლს თამაშობს და სიუჟეტის განვითარებასაც დიდწილად სწორედ ეს განსაზღვრავს. თავის მხრივ, სცენარისტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღონ ამ ასპექტიდან, ვინაიდან ჰიჩკოკი იყენებს დეტალებს, მინიშნებებს და დრამატულ სიტუაციებს, რათა პერსონაჟების ფსიქოლოგიური თუ ემოციური სიღრმეები უფრო თვალსაჩინო გახადოს.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ მთავარი გმირების ევოლუცია:
ლ.ბ. ჯეფრისი: მთავარი გმირის ტრანსფორმაცია
ფილმის დასაწყისში ჯეფრისი წარმოდგენილია როგორც ნეიტრალური და პასიური პერსონაჟი. რადგანაც სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს, მეზობლების ცხოვრებას აკვირდება ფანჯრიდან, რაც მისთვის ერთგვარ გასართობად იქცევა… ეს ფიზიკური შეზღუდვა სცენარისტებს აჩვენებს, როგორ შეიძლება, პერსონაჟის ნაკლოვანებები თხრობის მთავარ მექანიზმად იქცეს. ჯეფრისის უუნარობა, იმოქმედოს ფანჯრის მიღმა იმ დონეზე, როგორც თავად სურს, მაყურებელს აიძულებს, მასთან ერთად შეიგრძნოს იზოლაცია და უსუსურობა.
ჯეფრისი ფილმის უმეტეს ნაწილში დისტანციიდან აკვირდება მოვლენებს, მაგრამ ფინალში მისი სამყაროს საზღვრები ირღვევა, როცა უფრო აქტიურ როლში გადადის და მონაწილეობას იღებს მეზობლის — ლარს თორვალდის — დანაშაულის გამოძიებაში. ეს ტრანსფორმაცია გვასწავლის, რომ პერსონაჟის ჩართულობის დინამიკა (დისტანციიდან უშუალო მოქმედებამდე) შეიძლება მძლავრი სიუჟეტური ინსტრუმენტი იყოს.
ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯეფრისის პერსონაჟი მარტივად აღქმადი და რეალისტურია. ის არ არის გმირი ტრადიციული გაგებით — შეცდომებს უშვებს, აწყდება სიძნელეებსა და მორალურ ტვირთს. ეს სცენარისტებს ასწავლის, რომ უფრო ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟები მაყურებელთან ძლიერ კავშირს ქმნიან.
ლიზა ფრემონტი: გენდერული სტერეოტიპების დაძლევა
ლიზა ფრემონტის პერსონაჟის განვითარება სცენარისტებისთვის მრავალ მნიშვნელოვან გაკვეთილს მოიცავს. მისი ტრანსფორმაცია „გლამურული ქალის“ სტერეოტიპული სურათიდან მამაც და აქტიურ მონაწილემდე საინტერესოდაა გაშლილი.
ლიზა ფილმის დასაწყისში წარმოდგენილია, როგორც დახვეწილი, ლამაზი და წარმატებული ქალი, რომელიც, ერთი შეხედვით, ჯეფრისის „რეგულარული“ ცხოვრებისთვის შეუფერებელია. მისი სტილი, მანერები და ქცევა გვახსენებს ტრადიციულ გენდერულ ნორმებს, სადაც ქალი პასიური თანამგზავრის როლშია. თუმცა, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ლიზა თანდათან აქტიურ როლს ითავისებს. ჯეფრისის მორალური დილემები და ფანჯრიდან დანახული მოვლენები მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მთავარი გმირისთვის. ლიზა ინიციატივას იჩენს და აქტიურად ერთვება თორვალდის დანაშაულის გამოძიებაში. მისი ეს ტრანსფორმაცია სცენარისტებისთვის მაგალითია, როგორ შეიძლება, მეორეხარისხოვანმა პერსონაჟმა სიუჟეტში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
ლიზას ევოლუცია ასევე წარმოაჩენს, რომ პერსონაჟის ცვლილებას ძირითადი ურთიერთობების გარდაქმნაც შეუძლია. კერძოდ, მისი და ჯეფრისის ურთიერთობა ფილმის დასაწყისში დისტანცირებულია — თითქოს, სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან. მოგვიანებით კი, ლიზას მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს გამოძიებაში და სირთულეებს წინ აღუდგეს, მათ კავშირს აძლიერებს. ეს გვასწავლის, რომ პერსონაჟის განვითარება არა მხოლოდ მისი პირადი ტრანსფორმაცია უნდა იყოს, არამედ იმ ურთიერთობების გაძლიერების საშუალებაც, რომლებიც სიუჟეტისთვის გადამწყვეტია.
სტელა: პრაქტიკულობისა და სიბრძნის ხმა
ექთანი სტელას ფილმის დასაწყისში მხოლოდ მეორეხარისხოვანი და პრაქტიკული პერსონაჟის სახით გვევლინება; მოგვიანებით კი მნიშვნელოვან ნარატიულ და თემატურ ფუნქციას იძენს. ერთი, რაც თავიდანვე გამოკვეთილად ჩანს, სტელას პრაქტიკულობა, პირდაპირობა და მსუბუქი იუმორია. ის კრიტიკულად უყურებს ჯეფრისის ქცევას და მუდმივ ზნეობრივ შეფასებებს აკეთებს… თუმცა როცა თორვალდის შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებები იკვეთება, სტელა თანდათან ახალ როლს იძენს — „დამცინავი კრიტიკოსიდან“ თანამოაზრედ გადაიქცევა.
რეალურად, სტელას ტრანსფორმაცია სცენარისტებს ასწავლის, რომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი მხოლოდ სიუჟეტის „ფონად“ არ უნდა იყოს შექმნილი. სანაცვლოდ, შესაძლოა, ერთგვარი „მორალური კომპასის“ როლი მოირგოს — ამ შემთხვევაში სტელას შეხედულებები ჯეფრისის მორალურ დილემებს განსხვავებული პერსპექტივით წარმოაჩენს. ავტომატურად, მაყურებელსაც ეხმარება, მთავარი გმირის ქმედებების ეთიკური მხარე უფრო ობიექტურად გაიაზროს.
მეზობლები: ადამიანის მრავალფეროვანი ცხოვრების სარკე
ცხადია, მეზობლები სიმბოლური სახით არიან წარმოდგენილნი. თითოეული მათგანი განსხვავებული ცხოვრების სტილსა თუ ემოციურ მდგომარეობას შეესაბამება:
მთლიანობაში, Rear Window-ის პერსონაჟების განვითარება სიუჟეტის ხერხემალს წარმოადგენს. მაიკლ ჰეისმა და ჰიჩკოკმა ოსტატურად გააცოცხლეს ურთიერთობები, ცვლილებები და კრიზისული სიტუაციები, რაც მაყურებელს არა მხოლოდ სიუჟეტური დრამით, არამედ ფსიქოლოგიური სიღრმეებითაც აჯადოებს. ასე ვთქვათ, კარგად განვითარებული პერსონაჟები სიუჟეტის ემოციურ გავლენას მნიშვნელოვნად აძლიერებს.