“ბომბის თეორია”

(მაგიდას, რომელზეც ახლა ჩემი ლეპტოპი და სხვა ნივთები მიდევს, ფეხი დაზიანებული აქვს)

როცა ფილმს ვუყურებთ, თითქმის ყოველ კადრსა თუ მომენტში ველოდებით რაღაც ისეთ მოულოდნელს, უცბად რომ გაგვაკვირვებს. ან იმას მიგვახვედრებს, პირობითად, რამდენიმე წუთის წინ მაგიდის რაღაც ნაწილს რატომ არ ედო მტვერი… ამგვარი ნიუანსების შესაბამისად გამოყენება აუდიტორიის ჩართულობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს — კერძოდ, კინორეჟისორები ხშირად თხრობის ორ ძირითად კონცეფციას მიმართავენ: სიურპრიზსა და მოლოდინს.

ორივე კონცეფცია განსხვავებულად მოქმედებს, მაგრამ ფორმულა ერთნაირად მუშაობს: მათ სწორად გამოყენებას შეუძლია, ეკრანებს მიგვაჯაჭვოს ფილმის პირველიდან ბოლო წუთებამდე. 

სიურპრიზის შემთხვევაში გაურკვევლობის ირონიაში გვახვევენ რეჟისორები — რაღაც ისეთ მოულოდნელს გვახვედრებენ, საერთოდ რომ ვერ ვიფიქრებდით…

ხოლო მოლოდინი საკმარის ინფორმაციას გვაძლევს სხვადასხვა კითხვის დასასმელად, მაგრამ პასუხები არსად ჩანს. ვერც მაყურებელი შიფრავს ყველაფერს და ვერც პერსონაჟი, რაც დრამატულ დაძაბულობას ქმნის. მაგალითად, ალფრედ ჰიჩკოკი ხშირად მიმართავდა გაურკვევლობის მეთოდს, რათა აუდიტორიაში ხანგრძლივი დაძაბულობა და აუტანელი აჟიოტაჟი შეექმნა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიჩკოკმა „ბომბის თეორიაზე“ ისაუბრა, რომელიც ასევე ორგვარი სახით წარმოიდგინა. „დავუშვათ, მაგიდასთან ვსხედვართ, რომლის ქვეშაც ბომბი დევს. არაფერი ხდება, სრულიად მოულოდნელად კი ბომბი ფეთქდება. ეს 15-წამიანი სიურპრიზის ეფექტის მომტანი იქნება… თუმცა თუ მაყურებელს წინასწარ ვაჩვენებთ, რომ მაგიდის ქვეშ ბომბია, 15-წუთიანი მოლოდინის რეჟიმს შევქმნით“, — განმარტავდა ჰიჩკოკი.

(აქ თქვენ მოლოდინი გაქვთ, რომ მაგიდა მალე უნდა გატყდეს, ჩემი ნივთები კი ძირს დაიყაროს. ოდნავ მეც დავზიანდები)

ცხადია, მსგავსი მოლოდინის რეჟიმი თითოეულ ჩვენგანში მეტ ჩართულობასაც იწვევს. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იქმნება, საყვარელ გმირს რაღაც საფრთხე რომ ელის და ჩვენ, ეკრანებს მიღმა მყოფნი, ვუყვირით: გაიქეცი!!! თითქოს, ჩვენს ხმას გაიგებენ… საკუთარ თავებს სიუჟეტის ნაწილად წარმოვიდგენთ, იქნებ რამის შეცვლა შეგვეძლოს — აი, ჩვენ თუ დავუძახებთ, უცბად ხრამიდან მობრუნდება ეს ჩვენი გმირი.

(ახლა ვინმე ცდილობთ, მაგიდის დაზიანებულ ფეხზე გამაფრთხილოთ?)

მართალია, ჰიჩკოკი ძირითადად მოლოდინის კონცეფციას ეყრდნობოდა, მაგრამ საინტერესოა მოლოდინისა და სიურპრიზის სინთეზიც. ანუ რეჟისორმა მაყურებელს საშუალება მისცეს, რაღაც წინასწარ განჭვრიტოს, მაგრამ საბოლოოდ მოულოდნელი შედეგით დასრულდეს. სცენარისტმა და რეჟისორმა ისე „დაგვიყარეს ეჭვის მარცვლები”, ხელოვნურად მიგვიყვანეს ცრუ დასკვნებამდე; მარიონეტებივით გვათამაშეს და ბოლოს სრულიად განსხვავებული სიმართლე მივიღეთ.

(ჰიჩკოკის ნაწილის დაწერის შემდეგ ავდექი და ყველა ნივთი სხვაგან გადავალაგე. მაგიდას თავად მოვაძრე ფეხი და დახრილად დავამხე, რატომ უნდა ვყოფილიყავი დაძაბულ მოლოდინში?!)