სად შეუძლია სცენარისტს დასაქმება?

„პირველად იყო სცენარი“ — ამ ფრაზაში სცენარის ნაცვლად სიტყვა უფრო ნაცნობია, მაგრამ ჩვენ სხვა საკითხი და მიმართულება ავირჩიეთ. ყველაფერი ხომ სცენარით იწყება, შემდეგ კი სხვადასხვა ფორმით ისხამს ხორცს…

დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ ვის სჭირდება სცენარისტი ან მის მიერ მოფიქრებული სცენარები. ეს არეალი კი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ზოგადად ჰგონიათ ხოლმე ერთი შეხედვით — თითქოს, მხოლოდ კინემატოგრაფიის, თეატრის ან ლიტერატურის ნაწილი იყოს. არადა, ამ პროფესიის ადამიანის ადგილი მოიძებნება ყველგან, სადაც შემოქმედებითი აზროვნება, წერა და ორიგინალური იდეების ნარატიულად გადმოცემაა საჭირო.

კინემატოგრაფია

რა თქმა უნდა, სცენარისტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სამუშაო სფერო კინემატოგრაფიაა. მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, სერიალების, სიტკომებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღმა ყოველთვის სცენარების წერის დიდი პროცესი იმალება…  სიუჟეტის, პერსონაჟების, დიალოგებისა და ზოგადი კონტექსტის შექმნა სწორედ სცენარისტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ პროფესიის დაუფლება მაღალი დონის შემოქმედებით უნარებს მოითხოვს, რომელთაც შესაბამისი დახვეწა სჭირდება, რათა შექმნილი ისტორია საინტერესო და თანმიმდევრული იყოს.

ამასთან, კინემატოგრაფიაში ყველაფერი გუნდურ პროცესზეა აგებული, სადაც სცენარისტი მჭიდროდ თანამშრომლობს რეჟისორთან და პროდიუსერებთან. ისინი ერთად მსჯელობენ  სიუჟეტის განვითარებაზე, ცვლილებებსა და სტრატეგიაზე. ამის მიხედვით, სცენარის პირველი სტრატეგია შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს — შესაბამისად, აუცილებელია ადაპტაციის უნარის ქონაც.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ფილმები იქმნება უკვე არსებული ლიტერატურული ნამუშევრების, წიგნების, კომიქსების ან პიესების მიხედვით. ამ შემთხვევაში, სცენარისტი მუშაობს ადაპტაციაზე — ანუ არსებული მასალის კინემატოგრაფიულ ენაზე გარდაქმნაზე, რაც მასალის გარკვეულწილად გადაკეთებასა და მორგებას მოითხოვს.

თეატრი

თეატრში, სცენარისტის როლი, ისევე როგორც კინემატოგრაფიაში, უმნიშვნელოვანესია — სწორედ მისი ნამუშევარი განსაზღვრავს სპექტაკლის შინაარსს, პერსონაჟებსა და დიალოგებს. ასევე, სცენარისტი განსაზღვრავს პიესის მოქმედებებისა და სცენების სტრუქტურას. თანაც, ვინაიდან თეატრში ხანგრძლივი პაუზები იშვიათია და ყველაფერი უწყვეტად ხდება, სცენარისტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს პიესის რიტმისა თუ მოქმედებების ბუნებრივი მიმდინარეობების მიმართ.

პიესის დაწერისას სცენარისტი ასევე აღწერს სცენებსა და გარემოს, რაც რეჟისორსა და მხატვარს ვიზუალური მხარის შექმნაში ეხმარება. ეს შეიძლება მოიცავდეს სცენის მორგებას, განათების, დეკორაციისა თუ მუსიკალური ფონის ინტეგრირებას. 

ცხადია, თეატრალური დადგმა სცენარისტისა და რეჟისორის თანამშრომლობით იქმნება. რეჟისორს შეუძლია, სცენარისტისგან განსხვავებული ხედვა შეიმუშაოს, სცენარისტი კი ამ მხრივაც მოქნილი უნდა იყოს. 

მთლიანობაში, თეატრში სცენარისტის როლი საკვანძოა, რადგან პიესის დაწერა სპექტაკლის საძირკველს წარმოადგენს. სცენარისტი ქმნის სიუჟეტს, პერსონაჟებს, დიალოგებსა და მოქმედებების ხაზს, რაც საბოლოოდ განაპირობებს, თუ როგორი იქნება სპექტაკლი და როგორ ემოციურ ეფექტს იქონიებს ის მაყურებელზე.

სატელევიზიო ინდუსტრია

სატელევიზიო ინდუსტრია იმდენად მასშტაბურია, რომ რთულია, ერთი მიმართულებით აღვწეროთ აქ სცენარისტის ფუნქცია თუ შესაძლებლობები. ამიტომაც, მოკლედ განვიხილავთ თითოეულ მათგანს:

  • სერიალები და სიტკომები — ამ შემთხვევაში, სცენარისტის ამოცანაა, შექმნას საინტერესო სიუჟეტური ხაზი, რომელიც შეიძლება რამდენიმე სეზონსაც მოიცავდეს. აუცილებელია კომპლექსური პერსონაჟების შექმნა, თითოეული სერიისთვის სხვადასხვა აუტლაინის მოფიქრება, საინტერესო ან სახალისო (ჟანრის მიხედვის) დიალოგები გაწერა და სიუჟეტის დინამიკა;
  • ანიმაციური შოუები — ანიმაციური სერიალებისა თუ ფილმების სცენარისტებს ევალებათ, ფანტაზიის თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანი ამბავი შექმნან. აქ სრულად იხსნება „ადამიანური“ შეზღუდვები და ვალდებულება, ყველაფერი რეალისტური იყოს, ბუნებრივად ქრება;
  • თოქ-შოუები და რეალითი შოუები — ამ შემთხვევაში სცენარისტის როლი განსხვავებულია, რადგან მთავარი აქცენტი დიალოგებსა და სიტუაციებზე გადმოდის. . თოქ-შოუს სცენარისტი წერს კითხვებს, სასაუბრო თემებს, თამაშებსა და მონოლოგებს, რათა შოუს წამყვანმა პროგრამა საინტერესოდ წარადგინოს. ხოლო რეალითი შოუებში სცენარისტები მონაწილეებს ისტორიების განვითარებაში ეხმარებიან და ამზადებენ რეალურ სიტუაციებზე მორგებულ სიუჟეტურ ხაზებს;
  • დოკუმენტური ფილმები/სერიალები და შოუები — ე. წ. დოკუმენტალისტი სცენარისტები რეალურ მოვლენებსა და პერსონაჟებზე დაფუძნებულ მასალებზე მუშაობენ. შესაბამისად, მათ ინფორმაცია ერთგვარ სტრუქტურაში უნდა მოაქციონ, რათა ისტორია თანმიმდევრული და საინტერესო იყოს. ასე ვთქვათ, ამგვარი სცენარი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ფაქტობრივ სიზუსტეს, ისე დრამატულ მოთხოვნებს. 

რეკლამა და მარკეტინგი

რეკლამასა და მარკეტინგში სცენარისტის როლი ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია, რადგან რეკლამის ან მარკეტინგული კამპანიის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სწორი სიუჟეტისა და მარკეტინგული მესიჯის ფორმულირებაზე.

უფრო კონკრეტულად, სწორედ სცენარისტი მუშაობს მოკლე, ეფექტური სიუჟეტების შექმნაზე — რამდენიმე წამში ან წუთში რომ გადმოსცემს ბრენდის მთავარ მესიჯს. თანაც გასათვალისწინებელია, რომ რეკლამებში სიუჟეტები ხშირად ემყარება ემოციებს, პრობლემის გადაჭრის გზას ან ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ამრიგად, სცენარისტიც პასუხისმგებელია, მაყურებლებს მარტივად გააგებინოს, რა შეუძლია კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას — რატომაა ის მნიშვნელოვანი.

ამასთანავე, მარკეტინგული კამპანიებისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო და პირდაპირი კომუნიკაცია. სცენარისტი მუშაობს ბრენდის სტრატეგიაზე და უზრუნველყოფს, რომ თითოეული სიტყვა სწორად გადმოსცემდეს ბრენდის იდენტობას, ღირებულებებსა და უნიკალურობას. 

ერთი მხრივ, დიალოგები და ტექსტებიც, რომლებიც რეკლამებში ჟღერდება, სცენარისტის ნამუშევარია. მისი ამოცანაა, შეარჩიოს სწორი ტონი, ენა და სტილი, რომელიც მიესადაგება როგორც პროდუქტს, ისე ბრენდის აუდიტორიას. ხოლო მეორე მხრივ, სცენარისტი ხშირად პასუხისმგებელია ვიზუალური სცენარის (storyboard) მომზადებაზეც, რომელიც აღწერს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს რეკლამა ვიზუალურად და როგორ განვითარდეს თითოეული კადრი.

გარდა სატელევიზიო რეკლამებისა, სცენარისტი მუშაობს ვიდეო და აუდიო ფორმატის მასალების შექმნაზეც სხვადასხვა პლატფორმისთვის — მათ შორისაა YouTube, პოდკასტები ან რადიო. თანაც ბევრ ბრენდს სჭირდება კამპანიები, რომლებიც სხვადასხვა მედიაში ერთდროულად ეშვება (ტელევიზია, სოციალური ქსელები, ბეჭდური მედია და ა. შ.). სცენარისტი კი ამ დროს ქმნის კრეატიულ კონცეფციას, რომელიც ყველა არხთანაა თავსებადი და, ამავდროულად, თითოეულის სპეციფიკასაც ითვალისწინებს.

ვიდეოთამაშები

ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში სცენარისტები თამაშების შინაარსისა და ისტორიების განვითარებაზე მუშაობენ. თამაშებისთვის სცენარების წერა მოიცავს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ მოთამაშის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დამოკიდებული სცენარის ალტერნატიულ განვითარებასაც.

პირველ რიგში, სცენარისტი იწყებს თამაშის სამყაროსა და სიუჟეტის ძირითადი ხაზის შექმნით. ის განსაზღვრავს თამაშის ცენტრალურ ისტორიას, პერსონაჟების მოტივაციებსა და მიზნებს, ასევე მოვლენების განვითარების ხაზს. ამას მოჰყვება მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შექმნა — მათი ხასიათის, უნარებისა თუ ისტორიის. 

ამავდროულად, ვიდეოთამაშებში ხშირად დიალოგები პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა პერსონაჟებსა და მოთამაშეს შორის. ამ დიალოგების უკანაც სცენარისტი დგას… ის პასუხისმგებელია სხვადასხვა ალტერნატიული ხაზების შექმნაზე — ყველაფერი მოთამაშის მიერ განხორციელებულ ქმედებებზეა დაფუძნებული.

მთლიანობაში, სცენარისტობა მრავალფეროვანი პროფესიაა, რომელიც უამრავ სხვადასხვა ინდუსტრიაში იძლევა განვითარების საშუალებას. კინემატოგრაფია, ტელევიზია, თეატრი, ვიდეოთამაშები, რეკლამა და მარკეტინგი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია… როგორც დასაწყისში ვთქვით, სცენარისტის ადგილი ყველგანაა, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და წერაა საჭირო!