„თუ მწერალი საკმარისად კარგად იცნობს იმას, რასაც აღწერს, მას შეუძლია გამოტოვოს მრავალი დეტალი… და მკითხველს მაინც ექნება გრძნობა, რომ ეს დეტალები არსებობს. აისბერგი წყალქვეშ არსებული ნაწილითაც მოძრაობს“, — ეს სიტყვები ერნესტ ჰემინგუეის ეკუთვნის და იდეალურად აღწერს მის „აისბერგის თეორიას“. ეს უკანასკნელი მინიმალიზმის იდეაზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, მკითხველს ინტერპრეტაციის სივრცე უნდა დარჩეს.
ჰემინგუეი ფიქრობდა, რომ ტექსტის ზედაპირზე მხოლოდ ნაწილი უნდა ჩანდეს, ხოლო მთავარი აზრი და ემოცია უხილავად, „წყალქვეშ“ იმალებოდეს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ავტორმა ზედმეტი სიტყვები თუ აღწერილობები უნდა მოაშოროს ნარატივს, რათა მან უფრო მძლავრი და ინტენსიური ხასიათი შეიძინოს. ცხადია, მწერლის ამგვარ დამოკიდებულებაზე მისმა ჟურნალისტურმა გამოცდილებამ იქონია გავლენა — მიჩვეული იყო მოკლე, პირდაპირ და ლაკონიური წერის სტილს… შემდგომში კი სწორედ ამაზე დაყრდნობით შეიმუშავა თავისებური წერის მანერა — მკითხველი ზედაპირზე მხოლოდ 10%-ს ხედავს, ხოლო დანარჩენი 90% ფარულად იგრძნობა.
როგორ მუშაობს „აისბერგის თეორია“ სცენარის წერის ხელოვნებაში?
მართალია, ჰემინგუეიმ „აისბერგის თეორია“ ლიტერატურულ დარგში შეიმუშავა, თუმცა მალე ფართოდ გავრცელდა ხელოვნების სხვა მედიუმებშიც… მათ შორისაა სცენარის წერის ხელოვნება თუ კინემატოგრაფია, ვინაიდან აქ ამბის ზედმეტად ახსნა ან სიუჟეტში გადაჭარბებული განმარტებების მოცემა მაყურებლის აღქმას აფუჭებს.
- მინიმალისტური დიალოგი — ნაკლები სიტყვები, მეტი ქვეტექსტი
ჰემინგუეის აზრით, დიალოგი დაცლილი უნდა იყოს ზედმეტი სიტყვებისა თუ ექსპოზიციისგან. შესაბამისად, სცენარისტმა უნდა შეინარჩუნოს სიმარტივე და მაყურებელს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა დაუტოვოს. ასე ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ პერსონაჟმა ყველაფერი პირდაპირ თქვას, „დრამატული ქვეტექსტის“ გამოყენება გაცილებით ეფექტიანი იქნება.
მაგალითად, თუკი პერსონაჟი გაბრაზებულია, პირდაპირ არ იტყვის: „მე გაბრაზებული ვარ“. სანაცვლოდ, მის რეაქციებზე უნდა ვფოკუსირდეთ — იქნება ეს მოკლე, უხეში პასუხები, იერიშზე გადასვლა თუ დუმილი. სცენარისტის მთავარი მიზანიც ხომ იმის ჩვენებაა, როგორ გრძნობენ პერსონაჟები თავს და როგორ გამოხატავენ ამას ქმედებაში და არა უბრალოდ იმის მოყოლა, თუ რას განიცდიან. თავისთავად, ემოციური დატვირთვაც ბევრად ძლიერია, როდესაც მაყურებელი უშუალოდ ხედავს პერსონაჟის რეაქციას.
- ვიზუალური თხრობა — აჩვენე, არ მოჰყვე
კინემატოგრაფიაში მოქმედებები უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე სიტყვები. სცენარისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მაყურებელს აქვს უნარი, დაინახოს და იგრძნოს პერსონაჟების ემოციები, დრამა და კონფლიქტი სიტყვების მინიმალური რაოდენობითაც კი. იმის ნაცვლად, რომ ფილმის პერსონაჟებმა თქვან, რა ხდება მათ გონებაში, მათი ქცევები, სახის გამომეტყველება, მოძრაობა და გარემო უნდა გადმოსცემდეს ემოციასა თუ კონფლიქტს.
მაგალითად, თუ ფილმის გმირი მარტოსულია, სცენარისტს არ სჭირდება, რომ მას პირდაპირ ათქმევინოს: „მარტო ვარ და არავინ მყავს“. პირობითად, მაყურებელზე გაცილებით იმოქმედებს, თუ პერსონაჟი ბნელ ოთახში იჯდება, ერთ წერტილს მიაშტერდება ან ძველ ფოტოებს დაათვალიერებს. ამ ვიზუალური კადრების კომბინაცია უფრო მეტ ემოციას აღძრავს, ვიდრე სიტყვიერი ახსნა.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ ამბის უმეტესი ნაწილი წყლის ქვეშ უნდა იმალებოდეს, რათა მკითხველმა ან მაყურებელმა თავად გააცნობიეროს მთავარი სათქმელი. უშუალოდ კინემატოგრაფიაში კადრები, სიმბოლოები, განათება, ფერები და კომპოზიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეტექსტის შექმნაში. მაგალითად, ფილმში „Blade Runner 2049“ ფერები და კადრები პირდაპირ შეესაბამება პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას — როცა ის იმედგაცრუებული და მარტოსულია, ცივი, ნაცრისფერი და ცისფერი ტონები ჭარბობს. შედეგად, ეს ვიზუალური კომბინაცია სიტყვების გარეშე გადმოსცემს მის ემოციურ მდგომარეობას.
ასევე, ფილმში „Schindler’s List“ შავ-თეთრ ფონზე ერთადერთი ფერადი ელემენტია წითელ კაბაში ჩაცმული პატარა გოგო. ეს სიმბოლო მიანიშნებს უდანაშაულობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მთავარი გმირის მსოფლმხედველობა, რისი დიალოგში ან მონოლოგში გაჟღერებაც ნაკლებად ეფექტური იქნებოდა.
- დაუმთავრებელი ამბები და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა
ჰემინგუეის აისბერგის თეორიის მიხედვით, კინემატოგრაფიაში დაუმთავრებელი ამბები და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებელი ფილმის აქტიური მონაწილე ხდება, ნაცვლად უბრალოდ პასიური დამკვირვებლისა. ამიტომაც ხდება, რომ კარგ სცენარში ყოველთვის ბოლომდე არ ითქმის მთავარი ამბავი, არამედ ნაგულისხმევად გასდევს. ასე ვთქვათ, მაყურებელი შეგნებულად რჩება ერთგვარ გაურკვევლობაში, რაც ინდივიდუალურად ჩაღრმავების ბიძგად იქცევა. სწორედ ეს არის აისბერგის თეორიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი — არ არის აუცილებელი ყველაფერი პირდაპირ ითქვას, რადგან გაურკვევლობა ქმნის დამატებით ფენებს, რომლებიც მაყურებელმა თავად უნდა აღმოაჩინოს.
ამასთან, გაურკვეველი დასასრული განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან მაყურებელი ფილმის დასრულების შემდეგაც განაგრძობს მის შესახებ ფიქრს. მაგალითად, ფილმში „Inception“ ბოლო სცენა უპასუხოდ გვტოვებს — ეცემა თუ არა „ბზრიალა“… ეს თავად ჩვენი გადასაწყვეტია. თანაც ზოგჯერ დაუმთავრებელი ამბები არა მხოლოდ დასასრულს, არამედ სიუჟეტის მსვლელობასაც მოიცავს. პერსონაჟების მოტივები ხშირად ბოლომდე არ იხსნება, მათი წარსული ბუნდოვანი რჩება, ხოლო დიალოგები შეიძლება მინიშნებების დონეზე დარჩეს.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ რაც მეტი დეტალია ბუნდოვანი, მით უფრო მძლავრად მოქმედებს ნაწარმოები. იგივე პრინციპი მუშაობს კინემატოგრაფიაშიც — რაც მეტი ასპექტი რჩება მაყურებლის ინტერპრეტაციას, მით უფრო დიდხანს რჩება ის მის გონებაში.
- ემოციური დისტანცია და სიძლიერე
აღნიშნული თეორიის ჩარჩოებში პერსონაჟები ხშირად არ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ღიად, მაგრამ მაყურებელი მაინც გრძნობს მათ შინაგან სამყაროს მოქმედებების, პაუზების და გარემოს მინიშნებების მეშვეობით. ჰემინგუეის აზრით, ემოციური დისტანცია სცენის დრამატულობის ზრდას უწყობს ხელს, რადგან ეკრანის მეორე მხარეს მდგომი ადამიანი ინტუიციურად ხვდება და თავად „გრძნობს“ იმას, რასაც პერსონაჟი არ ამბობს. მაგალითად, თუ ფილმის გმირი ტკივილს განიცდის, მაგრამ ამას ცრემლებით ან სიტყვებით არ გამოხატავს, მაყურებელი უფრო ძლიერად აღიქვამს ამ განცდას, რადგან ეს ტკივილი უფრო რეალისტურად და ბუნებრივად აღიქმება.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ გრძნობების ზედმეტად აშკარა არ უნდა იყოს, რადგან სწორედ არასრულყოფილი და შეზღუდული გამომხატველობა აძლიერებს ემოციურ დატვირთვას. რა თქმა უნდა, პერსონაჟის პირდაპირი ტირილი ან ყვირილი სრულიად გასაგებია, მაგრამ ემოციურ დონეს ნაკლებად აღვიძებს. სხვა სიტყვებით, შესაძლოა, ამგვარი სცენა ზედაპირულად აღიქმებოდეს — მაგრამ თუ გმირი სიჩუმეში ზის, ვერაფერს ამბობს ან თითქოს ჩვეულებრივად იქცევა, რეალურად კი მისი სხეულის ენა, მზერა თუ გარემო კონფლიქტში მოდის, მეტად კომპლექსურ განცდებს ვიღებთ.
ფილმებში ემოციური დისტანცია ხშირად აისახება მოქმედებებით და სიმბოლოებით. მაგალითად, ფილმში „Manchester by the Sea“ მთავარ პერსონაჟს დიდი ტრავმა აქს გადატანილი, მაგრამ იშვიათად საუბრობს ამაზე. მაყურებელი მის ტკივილს გრძნობს არა სიტყვებით, არამედ ქცევებზე დაკვირვებით — როგორ გაურბის მნიშვნელოვან თემებს, როგორ არ ეცვლება გამომეტყველება მაშინ, როცა სხვები ტირიან. ეს დისტანცია არ ასუსტებს ემოციურ ზემოქმედებას, არამედ აძლიერებს მას, რადგან მაყურებელი თავად ამჩნევს და ინტერპრეტირებს განცდების სიღრმეს.
კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება იყოს „There Will Be Blood“, სადაც მთავარი გმირი თითქმის არასდროს გამოხატავს აშკარა ემოციებს. თუმცა მისი მზერა, ხმის ტონი და ფარული აგრესია ბევრად ძლიერად ქმნის სიძულვილისა და შინაგანი კონფლიქტის სურათს.