„8½“ — Asa Nisi Masa

შემოქმედებითი კრიზისი ყველა სცენარისტის, რეჟისორის თუ ზოგადად ხელოვანის ყველაზე დიდი „ტყვეობაა“. როცა გონებას აიძულებ, რაღაც იდეებზე იფიქროს, მაგრამ ნებისმიერი აზრი ჩანასახშივე იფერფლება — თითქოს, ერთ წრეზე ტრიალებ, არადა რაღაც სიახლე გინდა; რაც კი გაფიქრდება, ყველაფერი აქამდე გაკეთებულს ჰგავს… შემდეგ უბრალოდ ნებდები, ხმელეთზე მოხვედრილი თევზივით აღარ ფართხალებ და შთაგონებაც მოდის.

სწორედ ასე მოხდა დიდებული ფედერიკო ფელინის შემთხვევაში, როცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. კერძოდ, „8½“, რომელიც 1963 წელს გადაიღო, პირად გამოცდილებას დაუკავშირა. ამიტომაცაა, რომ ფილმის სცენარი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და რეჟისორის შინაგან კონფლიქტებს, შთაგონების ძიებას, პირადი თუ პროფესიული ცხოვრების ქაოსს აღწერს. სახელწოდებაც ცხოვრებისეულად სიმბოლურია — მანამდე ფედერიკოს ექვსი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა გადაღებული, რომელთაგან ერთზეც ალბერტო ლატუადასთან ერთად იმუშავა… შესაბამისად, თავის წილს მხოლოდ ნახევრად თვლიდა.

რეალურად, ეს კრიზისულ პერიოდში გადაღებული ფილმი კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. აქ შთამბეჭდავადაა გადმოცემული ფელინის ექსპერიმენტული მცდელობა, რეალობა და ფანტაზია ერთ მთლიანობად აქციოს. ასე მიიღო სიურრეალისტური, ზოგჯერ ალოგიკური მოვლენების ნაკადიც. ფილმის მთავარი პერსონაჟის, გუიდოს, ცხოვრება და ილუზიები, ფანტაზიები და მოგონებები ერთმანეთში ირევა, რაც სიუჟეტს თითქოს სიზმართან აახლოებს.

რა თემებია „8½“-ში გაშლილი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში, „8½“-ის ძირითად თემას შემოქმედებითი კრიზისი წარმოადგენს, რასაც ბუნებრივად მოსდევს  პიროვნების თვითშემეცნება, სულიერი და ემოციური აღრევა, სიყვარული და ქალთა როლი მამაკაცის ცხოვრებაში. ფელინი ფილმის მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შეხედულებების სირთულესა და ბუნდოვანებას, რასაც ის „კინო-ფიქრებს“ უწოდებს.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ფილმი იწყება სცენით, რომელშიც საცობში გაჭედილი გუიდო მანქანიდან გადმოდის და თითქოს გაქცევას ცდილობს, მაგრამ ჰაერში ადის… შემდეგ კი მიწაზე ეცემა. ეს ალეგორიული სცენა პერსონაჟის შინაგანი დაძაბულობისა და თავისუფლების სურვილის სიმბოლიკაა. ფელინის მსგავსად, გუიდო რეჟისორია — ახალი ფილმის გადაღებას ცდილობს, მაგრამ შემოქმედებით კრიზისში ექცევა. მთელი სიუჟტის განმავლობაში ვერ ახერხებს რაიმე ხელჩასაჭიდი იდეის პოვნას, რომელიც ფილმს სტრუქტურას შექმნის… ამიტომაც, ხშირად საკუთარი ფანტაზიებისა და მოგონებების სამყაროში ეძებს თავშესაფარს.

ფანტაზია, როგორც რეალობიდან გაქცევა

აღსანიშნავია, რომ ფელინი ფანტაზიის ელემენტებსა და კინემატოგრაფიულ გადათამაშებას იყენებს, რათა მთავარი პერსონაჟის, გუიდო ანსელმის, შინაგანი სამყარო, მისი კონფლიქტები და შემოქმედებითი კრიზისი გადმოსცეს. მაგალითად, მოგონებების სცენები უხვადაა დატვირთული სიმბოლიზმით — გამოხატავს წარსულზე, სიყვარულზე, სექსუალობასა და დანაშაულზე ფიქრს. ერთ-ერთი გამორჩეული სცენაა გუიდოს ბავშვობის მოგონება, როდესაც სანაპიროზე სარინასთან ცეკვავდა… ეს მისი პირველი სექსუალური გამოცდილება იყო, რაც განსაკუთრებით ძვირფას მომენტად დაამახსოვრდა.

ფანტაზიების სამყაროში გადაშვებით, გუიდო რეალური პრობლემებისგან გარბის. ცდილობს, თავი მოიტყუოს და ხშირად ივიწყებს პასუხისმგებლობებს, რადგან მათთან შეჯახება უჭირს. ეს ფანტაზიები ხშირად კომიკური და სიურრეალისტურია, თუმცა ზოგჯერ ტრაგიკული ტონალობაც აქვს, რაც პერსონაჟის სულიერ მარტოობას გამოკვეთს. ცნობიერების ნაკადის ტექნიკით კი, ფანტაზიას, რეალობასა და მოგონებებს შორის ზღვარი თითქმის სრულადაა მოშლილი; შედეგად, ვეღარ ვარჩევთ, რა არის სიმართლე და რა წარმოსახვის ნაყოფი — ასე უფრო სიღრმისეულად შევისწავლით გუიდოს გონებასა თუ შეგრძნებებს.

ამასთან, სცენები დატვირთულია სიმბოლიზმით. მაგალითად, გუიდოს ფანტაზიის სცენებში ცირკის მოტივები, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში ფიგურირებს, სიმბოლურად წარმოაჩენს ხელოვნებისა და ცხოვრების დაუკმაყოფილებელ ციკლს, სადაც ადამიანი განუწყვეტლივ ეძებს საკუთარ თავს. თანაც ეს ფანტაზიები არა მხოლოდ მთავარი გმირის შინაგანი აზრებისა და გრძნობების გამოხატულებაა, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს შემოქმედებით პროცესში. 

Asa Nisi Masa

„8½“-ში სიტყვები „Asa Nisi Masa“ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და სიმბოლური ელემენტია. ფრაზა გუიდოს ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება და მის შინაგან სამყაროს, ფანტაზიებსა თუ წარსულთან კავშირს ასახავს. როგორც ჩანს,  მასსა და მის მეგობრებს ეს სიტყვები მფარველი ძალის მოზიდვის საიდუმლო ფორმულად მიაჩნდათ. 

სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა უცნობია და არც მთლად ნათლადაა განმარტებული ფილმში, რაც ფელინის სტილს ემთხვევა—ის ხშირად იყენებს იდუმალ და სიურრეალისტურ ელემენტებს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ „Asa Nisi Masa“ შეიძლება იყოს ბავშვური, სიტყვებით უაზრო თამაში, ან სპონტანური, ჯადოსნური ფრაზა. ხოლო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება იყოს სიმბოლო გუიდოს ბავშვობის მეხსიერებისა და მისი შორეული, მშვიდი და ნათელი წარსულის იდეალიზაციისა. 

ხოლო ერთი თეორიის მიხედვით, ეს სიტყვები იტალიურ ენაში დაფუძნებულ აკრონიმებს ეფუძნება. მაგალითად, შეიძლება ფრაზა Anima-დან იყოს ნაწარმოები, რაც სულს ნიშნავს. ამგვარად, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც გუიდოს სულიერი და ემოციური მდგომარეობის გამოხატულება.

ზოგადად, ფელინი ცნობილია იმით, რომ მის ფილმებში იდუმალ და არამტკიცედ განსაზღვრულ ელემენტებს იყენებს. ასე მაყურებელს თავისუფალ სივრცეს უტოვებს ინტერპრეტაციისთვის. ამგვარი მიდგომა ფილმების უნიკალურ სტრუქტურასაც განაპირობებს.

გუიდოს თვითშემეცნება

ფილმის ბოლოს მთავარი გმირი ახერხებს, გარკვეულწილად შეაჩეროს საკუთარი შფოთვები. ხვდება, რომ რომ ცხოვრება, მიუხედავად ყველა სირთულისა, უნდა გაგრძელდეს. ფინალური სცენა ერთგვარი შეჯერება და პიროვნული ზრდის გამოხატულებაა — გუიდო თავს აღწევს შინაგან მღელვარებას და საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიიღოს თავისი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ყველა თავის დაუძლეველი წინააღმდეგობითა და სირთულით. თავისუფლდება სრულყოფილების სურვილისგან, რაც მას შთაგონებასაც უბრუნებს…

ფინალური სცენა სიურრეალისტური ცეკვით სრულდება, სადაც გუიდო იწვევს ყველა პერსონაჟს, ვინც კი ფილმში ფიგურირებდა — თავისი გარდაცვლილი მშობლების ჩათვლით… და ისინი ერთად ცეკვავენ ცირკის მოედანზე. ეს ცეკვა არის სიცოცხლისა და შემოქმედებითი პროცესის ალეგორია: რთული, ქაოსური, მაგრამ ამავდროულად ლაღი და სიცოცხლით სავსე.

ვუდი ალენის რჩევები სცენარისტებს

კინოსამყაროში ვუდი ალენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა — სცენარისტი და რეჟისორი, რომელმაც შემოქმედებით გზაზე უნიკალური სტილი შეიმუშავა. თითქოს, კამერას „კომიკური ლინზა“ მოარგო და ასე დააწყებინა მაყურებელს სამყაროს აღქმა. სარკაზმის, ირონიის, იუმორისა და უბრალოდ ადამიანური განცდების სინთეზით კი, სახასიათო პერსონაჟები შექმნა. 

ზოგჯერ ჩვენსა და ამ გმირებს შორის ერთგვარი უფსკრული ჩნდება… ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი საშხაპით გამოვიდეს სცენაზე და ბანაობის პარალელურად იმღეროს… ან ქუჩაში გამოსულ ერთ ჩვეულებრივ, უბრალო მამაკაცს ჟურნალისტები მისცვივდნენ და არაფრის გამო ყველაზე ცნობილ პიროვნებად აქციონ. თუმცა ვუდის „აბსურდულ“ ფანტაზიებში ყველაფერი დასაშვებია.

თუმცა ამ ბლოგს ვუდის კინემატოგრაფიისა და მისი პერსონაჟების განხილვას არ მივუძღვნით — ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. ამჯერად გაგიზიარებთ თავად ვუდი ალენის მოსაზრებებს კომედიაზე და სცენარზე მუშაობის პრინციპებს.

ვუდი ალენის კარიერის საწყისები

„კითხვაზე ადრე წერა დავიწყე. ყოველთვის ვთხზავდი ზღაპრებსა და სხვადასხვა ისტორიას. თავიდან კომედია ნაკლებად მხიბლავდა, უფრო მეტად სერიოზული მწერლობა მიზიდავდა. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კომიკურ ჟანრში წერა შემეძლო — უბრალოდ, ადრეულ პერიოდში შულმანს ვბაძავდი… საერთოდ ვერ ვგრძნობდი საკუთარ თავს“.

ალენის კარიერა მოზარდობაში დაიწყო, როდესაც თავისი ხუმრობები სარეკლამო კომპანია Dancer Fitzgerald Sample-ს წარუდგინა. ეს 1953 წელს მოხდა, „კოლეჯის წარუმატებელი წლის“ დასრულების შემდეგ. უკვე 1960-იანი წლების დასაწყისში გრინვიჩ-ვილიჯის კომედიურ კლუბებში დაიწყო სტენდაპერობა და მნიშვნელოვანი აღიარებაც მოიპოვა. ხოლო 1965-ში ფილმში What’s New, Pussycat? დებიუტანტ მსახიობად და სცენარისტად მოგვევლინა.

რაც შეეხება რეჟისორობას, 1969 წელს გამოსულ ფილმში Take the Money and Run, არა მხოლოდ სცენარისტი და მსახიობი იყო, არამედ რეჟისორის ფუნქციაც შეითავსა. 

მიუხედავად იმისა, რომ ალენის ბევრმა ადრეულმა ფილმმა (Bananas, Sleeper, Love and Death) კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ნამდვილი აღიარება Annie Hall-ის გადაღებით მიიღო. ფილმმა ოთხი ოსკარი მოიპოვა, ალენი კი ამერიკული კინოს მნიშვნელოვნ აღმოჩენად მიიჩნიეს.

ვუდი ალენი და კომედია

„თუ კომიკური პერსპექტივით უყურებ სამყაროს, რაც კი ხდება, ყველაფერს ამ ფილტრში ატარებ. თუმცა ამ მიდგომას მუდმივი განახლება, ერთგვარი გამოკვება სჭირდება“. ამ მხრივ ვუდი ადამიანების ორ კატეგორიას გამოყოფს: ზოგისთვის ძალიან რთულია, სამყაროს სულ იუმორისტულად უყურებდეს; ზოგიერთისთვის კი ეს არაფერია. 

„თუ კომედიას გრძნობ, იცი როგორც უნდა გააკეთო და ხვდები, რამდენად მარტივია. არ ვგულისხმობ, რომ საბოლოო შედეგია მარტივია — თავად პროცესი ხდება უბრალო. თან, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბუნებრივად გამოსდით ყველაფრის სახალისო ჭრილში გადატანა“.

როგორც თავად ვუდი ამბობს, კომედია ცხოვრებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საინტერესო გზაა. ხშირად აღნიშნავს, რომ კომედია ადამიანებს ტკივილის, აბსურდულობისა და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ეხმარება — ასე ვთქვათ, სიცილით სამწუხარო რეალობას ვაბათილებთ, მისგან ვდისტანცირდებით. ამიტომაცაა, რომ ალენის ფილმებში სცენების უმეტესობა ჩვენი ყოველდღიურობის აბსურდულ, პარადოქსულ მხარეზეა აგებული. თუმცა ეს იმდენად სახალისო გზით ხდება, ნებისმიერი სირთულე „მარტივად გადააქვს“ როგორც პერსონაჟს, ისე მაყურებელს.

იმპროვიზაციის შენარჩუნება — როცა სცენარზე დასასრულის გარეშე მუშაობ

ვუდი ალენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ფილმის ან ნაწარმოების დასასრულის წინასწარ ცოდნა აუცილებელი არაა. მისი თქმით, ხშირად მუშაობის პროცესში ირკვევა, როგორ უნდა დასრულდეს ისტორია.

„ფილმის გადაღებისას ხშირად ვითარდება და იცვლება იდეები, რაც საშუალებას მაძლევს, უფრო ორგანული შედეგი მივიღო“. როგორც ამბობს, წერისა და რეჟისურის პროცესში სიუჟეტის მიმართულება თუ დასასრული „თავად ჩნდება“, რაც შემოქმედებით პროცესს უფრო საინტერესოსა და დინამიკურს ხდის.

ზოგადად, ვუდის უყვარს იმპროვიზაციის შენარჩუნება, რადგან ასე მეტ თავისუფლებას აძლევს იდეებს. წინასწარ დადგენილი საზღვრებით არ იზღუდება.

ვუდი ალენის რჩევები სცენარისტებს

რა თქმა უნდა, ყველა სცენარისტსა და რეჟისორს განსხვავებული მიდგომები აქვს. კარგი სცენარისტობის ერთი ფორმულა არ არსებობს, მაგრამ წარმატებული შემოქმედების რჩევების გაზიარება ყოველთვის გვეხმარება… ამიტომაც, აქვე ვისაუბრებთ, როგორია ვუდის ძირითადი მიდგომები მუშაობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ალენი ხაზს უსვამს მუდმივი წერის მნიშვნელობას — მისი აზრით, ყოველდღიური წერა, თუნდაც მცირე რაოდენობით, განვითარების მთავარი გზაა: „ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წერაში მუდმივობაა. ეს არის შეუპოვრობა, რომელიც ქმნის განსხვავებას, მხოლოდ ნიჭი არ კმარა“.

ასევე, ვუდი ფიქრობს, რომ კარგი სცენარი მრავალგანზომილებიანი პერსონაჟების შექმნით იწყება. გმირებს კომპლექსური, საინტერესო მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ. „ჩემი ფილმები ადამიანურ მდგომარეობაზეა, პერსონაჟები კი ყოველთვის მთავარ როლს ასრულებენ. თუ ისინი საინტერესოები არ არიან, ამბავიც დაკარგავს მნიშვნელობას“.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ სცენარის წერისას ალენი ხშირად იყენებს პირად გამოცდილებას. „ვფიქრობ, თუ წერას აპირებ, უნდა დაწერო იმაზე, რაც იცი… რასაც გრძნობ. საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება ყველაზე გულწრფელი მასალაა, რაც გაგაჩნია“.

ამასთან, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ვუდი ალენი კონკრეტული სტრუქტურის დაცვას არ ემხრობა. მისი აზრით, კარგ სცენარში მნიშვნელოვანია დინამიკურობა და შესაძლებლობა, რომ სიუჟეტი განვითარდეს თავისთავად, იძულების გარეშე. ის სცენარისტებს ურჩევს, არ ეშინოდეთ ექსპერიმენტების და სცენარი ნაკლებად ტრადიციული გზებით განავითარონ.

What Dreams May Come — ერთი ფილმის ამბავი

„საით მივყავართ ოცნებებს“ — ეს არის ვიზუალურად განსაცვიფრებელი და ემოციურად დატვირთული ფილმი, რომელიც სიყვარულის, დანაკარგისა და სიცოცხლე-სიკვდილის უწყვეტ ციკლს ეხება. ვინსენტ უორდის რეჟისორობით გადაღებული ფილმი, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, რიჩარდ მეტესონის 1978 წლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. კინოკადრებად გაცოცხლებული სიუჟეტი კი ზედმიწევნით მიჰყვება რომანში ჩაქსოვილ ფილოსოფიურ კვლევებს, რომლების სიცოცხლისა და სიკვდილის თემას სცდება…

„როცა გძინავს, შენი ოცნების სამყარო ისეთივე რეალურია შენთვის, როგორც ცხოვრება“

სიუჟეტი 

ფილმი მოგვითხრობს კრის ნილსენის (რობინ უილიამსის შესრულებით) ისტორიას, რომელიც მოულოდნელად იღუპება ავტოავარიაში. გარდაცვალების შემდეგ ის საოცარ, სიურრეალისტურ სამოთხეში ხვდება — როგორც მაყურებელი თანდათან აცნობიერებს, მთელი ეს სამყარო კრისის ცნობიერი მეხსიერებისა და სურვილების მიხედვითაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურია, კრისს მაინც აწუხებს ერთი მთავარი დანაკარგი — აქ არაა მისი მეუღლე, ენი (ანაბელა შიორას შესრულებით)

„სამოთხე არასოდეს იქნებოდა სამოთხე უშენოდ“

სამწუხაროდ, ენმა ვერ გაუძლო ჯერ შვილების, შემდეგ კი მეუღლის გარდაცვალებით განცდილ ტკივილს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. What Dreams May Come-ის სამყაროში თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან, რომელიც დანაშაულის გრძნობისა და სასოწარკვეთილების ნამდვილი განსხეულებაა. როდესაც კრისი ენის ბედის შესახებ გაიგებს, დაუფიქრებლად გადაწყვეტს ჯოჯოხეთის სამყაროში მოგზაურობას, მეუღლის პოვნას და მის გათავისუფლებას… მართალია, ეს თითქმის შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ რობინ ულიამსის პერსონაჟი მაინც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში.

ფილმის ძირითადი იდეები

რა თქმა უნდა, What Dreams May Come-ის ძირითად იდეას წარმოადგენს სიყვარული, როგორც დაუმარცხებელი ძალა. სცენარის თითოეული დეტალი იმის მტკიცებისკენაა მიმართული, რომ სიყვარული სიკვდილის ზღვარსაც კი სცდება და მისი მეშვეობით ნებისმიერი რთული მდგომარეობის გადალახვა შესაძლებელია. კრისის ურყევი გადაწყვეტილება, გადაარჩინოს ენი, აღნიშნული იდეის ერთგვარი ვიზუალური დემონსტრაციაა. 

ამავდროულად, ფილმი შესანიშნავად გადმოსცემს საიქიოს კონცეფციას, როგორც მეტად პირად და სუბიექტურ გამოცდილებას. კერძოდ, აქ სამოთხე და ჯოჯოხეთი არა თუ ერთგვაროვანი ადგილებია, არამედ თითოეული პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას შეესაბამება. ამგვარი მიდგომით „საით მივყავართ ოცნებებს“ მაყურებელს აფიქრებს, როგორია მისი რეალური გრძნობები, იმედები, სურვილები, განცდები და ა. შ.

„რაც ცხოვრებაში მხოლოდ ფანტაზია იყო, ახლა უკვე ხელშესახები გახდა. თითოეული ფანტაზია სრული რეალობაა“

„ის, რისიც გჯერა, ხდება შენი სამყარო“

გარდა ამისა, ერთ-ერთი მკვეთრად გამოკვეთილი თემა რეინკარნაციის იდეას ეხება, რომელიც დახვეწილად და ფილოსოფიურადაა გადმოცემული. ბუნებრივია, ის იდეურად ებმის ფილმის სხვა ძირითად ასპექტებს — სიყვარულს, ცხოვრებას, სიკვდილსა და მათ მიღმა არსებულ შესაძლებლობებს. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რეინკარნაციის იდეა ყველაზე აშკარად სიუჟეტის ბოლოს იჩენს თავს — მაშინ, როცა კრისი და ენი საიქიოში მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებენ… მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ, სამუდამოდ დარჩნენ სამოთხეში, რეინკარნაციას ამჯობინებენ, რათა კვლავ შეძლონ დედამიწაზე ერთად ცხოვრება და თავიდან დაიწყონ თავიანთი სიყვარული ახალი, ბავშვური ფორმით. ეს არჩევანი კიდევ ერთხელ გამოკვეთს კრისის რწმენას სიყვარულის ძალასთან დაკავშირებით — ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მან უნდა გაიაროს არა მხოლოდ სიცოცხლე და სიკვდილი, არამედ განმეორებითი ცხოვრება და ახალი დასაწყისი.

მთლიანობაში, რეინკარნაცია ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ციკლური ბუნებისა და ადამიანის სულის გაგრძელების სიმბოლო. რეინკარნაციის იდეა აძლიერებს ფილმის მთავარ მესიჯს, რომ სიყვარულს შეუძლია გადალახოს ყველა ბარიერი, მათ შორის სიკვდილი.

რეჟისურა და ვიზუალური სტილი

ვინსენტ უორდის რეჟისურული გადაწყვეტილებები დიდ როლს თამაშობს ფილმის წარმოსახვითი ხედვის რეალიზებაში. What Dreams May Come ცნობილია თავისი ინოვაციური ვიზუალური ეფექტებით, განსაკუთრებით სამოთხის გამოსახულებით. უორდმა და მისმა გუნდმა გამოიყენეს ტრადიციული ფერწერის და ციფრული ეფექტები, ასევე პრაქტიკული დეკორაციები, რათა „ცოცხალი“ სამყარო მიეღოთ. მსგავსი მიდგომით, ფილმი განსაკუთრებული და ეთერული ელემენტებითაა გამსჭვალული — თითქოს, საიქიო სამყარო ერთდროულად ნაცნობიცაა და უცხოც.

ისიც აღსანიშნავია, რომ ფილმის ვიზუალურ სტილზე დიდი გავლენა აქვს ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი და კლოდ მონე. თანაც ეს მხატვრული გავლენა კიდევ უფრო აძლიერებს ზემოხსენებულ იდეას საიქიო სამყაროს ბუნებაზე, როგორც პირადი გამოცდილებით, ინდივიდუალური მეხსიერებით, ემოციებითა და აღქმებით ფორმირებულ სამყაროზე. 

ფილმის ნარატიული სტრუქტურა, მისი არასწორხაზოვანი დრო და სიცოცხლეს, სიკვდილსა და საიქიოს შორის ხშირი გადასვლები, სიზმრისეულ განწყობასაც აძლიერებს. ეს სტრუქტურა მაყურებელს საშუალებას აძლევს, ისტორია აღიქვას, როგორც ემოციური და სენსორული შთაბეჭდილებების სერია…

მიღებული ჯილდოები და ნომინაციები

What Dreams May Come-ს რამდენიმე ჯილდო და რამდენიმე ნომინაცია აქვს მიღებული, განსაკუთრებული აღიარება კი თავისი ვიზუალური ეფექტებისთვის მოიპოვა:

  1. ოსკარის ჯილდო (Academy Award) — 1999 წელს ფილმმა მოიპოვა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. ეს იყო ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება, რაც ხაზს უსვამდა მის უნიკალურ ვიზუალურ სტილსა და ინოვაციურ ტექნიკას;
  2. კინომხატვრების გილდიის ჯილდო (Art Directors Guild Awards) — ფილმი ნომინირებული იყო გამორჩეული კინემატოგრაფიული დიზაინისთვის;
  3. სატურნის ჯილდო (Saturn Awards) — „საით მივყავართ ოცნებებს“  ნომინირებული იყო საუკეთესო ფანტასტიკური ფილმისთვის; ასევე, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

მეოთხე კედლის დამსხვრევა – როცა პერსონაჟი შენ გელაპარაკება!

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, მსახიობებიც ჩვეულებრივი მოკვდავები და ჩვენივე საზოგადოების ნაწილნი არიან, ხშირად მათ განყენებულ სივრცეში წარმოვიდგენთ. თითქოს, რეალურად კი არ არსებობენ, არამედ მხოლოდ ეკრანებს მიღმა ან სცენაზე ცოცხლდებიან სხვადასხვა პერსონაჟის სახით… ბუნებრივად გვიყალიბდება განცდა, რომ სხვა სამყაროს ნაწილნი არიან. 

ალბათ, ახლა შენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობ, იხსენებ, როგორი დამოკიდებულება გაქვს მსახიობების მიმართ… ძალიან შორსაც ნუ წახვალ, თორემ ისიც გაგახსენდება, ბავშვობაში ტელევიზორში შესვლას რომ ცდილობდი და შენც მათ გვერდით აღმოჩენას.

და წარმოიდგინეთ, ფილმის ან სერიალის ყურებისას უცბად ეს „განყენებული“ პერსონაჟი, რომელიც თავის როლსა და სიუჟეტშია გადაშვებული, შენკენ ბრუნდება. კამერის გავლით პირდაპირ შენ გისწორებს თვალს. უცბად იბნევი, ფიქრობ, ეს შეცდომა როგორ გაეპარა რეჟისორს და კადრი ხელახლა არ გადაიღო?! მაგრამ ამაზე ფიქრი დასრულებული არ გაქვს, უცბად მსახიობი პირადად შენ მოგმართავს. ამ დროს ფანტასტიკასა და რეალობას შორის არსებული ბარიერი იშლება — აუდიტორია სიუჟეტის ნაწილი ხდება…

უფ, რამდენი ასეთი კადრი ამომიტივტივდა მეც და იცი, როგორ კარგად მიგრძნია თავი? თითქოს, ჩემმა საყვარელმა პერსონაჟმა შემამჩნია — მხედავს, როგორ მოვკალათდი ტელევიზორის ან ლეპტოპის წინ, ყავაც მოვიმარჯვე ხელთ და უცბად მეძახის; ნუ, ჩემი სახელი კი არ იცის, მაგრამ განზოგადებულ აუდიტორიაში მაინც ხომ გამომარჩია?!

ამ ტექნიკას „მეოთხე კედლის დამსხვრევის“ სახელით ვიცნობთ კინემატოგრაფიაში. მაგალითისთვის, გავიხსენოთ 1986 წლის ფილმი Ferris Bueller’s Day Off, რომლის პირველივე სცენაშიც ირღვევა მეოთხე კედელი — მთავარი პერსონაჟი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს, ეპიკური დასვენების შესახებ უზიარებს გეგმებს და ასე მეტად გვითრევს სიუჟეტში; თითქოს, ჩვენც მასთან ერთად უნდა გავატაროთ დღე. ცხადია, ამგვარი ბუნებრივი მიმართვა მყისიერ კავშირს აჩენს და გვაგრძნობინებს, რომ ფილმის ნაწილი ვართ.

აი, მე დასვენების დღეები კი არ მიყვარს. არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო და უაზროდ ვიწყენ. ამიტომ მეზიზღება კვირა დღე — დასვენებაც ყელში გაქვს ამოსული და თან ისე ნელა გადის, თითქოს უძრაობა იყოს.

 

ასევე, საინტერესოა 2016 წელს ეკრანებზე გამოსული Deadpool, რომელშიც მთავარი გმირის როლს რაიან რეინლოდსი ასრულებს. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ ესაუბრება მაყურებელს, არამედ საკუთარი არსებობის აბსურდულობასაც არღვევს — ხუმრობს იმის შესახებ, რომ კომიქსების პერსონაჟია; ხაზს უსვამს ფილმის ბიუჯეტის შეზღუდვებს და თვით სუპერგმირების ჟანრსაც აკრიტიკებს. მსგავსი მიდგომით, „დედპული“ ტიპური სამოქმედო ფილმიდან გაცნობიერებულ სატირად გარდაიქმნება, რომელიც სიცილისა და ჩართულობის ახალ ფენას მატებს სიუჟეტს.

მოგზაურობა დროსა და ჟანრში

საგულისხმოა, რომ მეოთხე კედლის მსხვრევა მხოლოდ თანამედროვე კინოთი არ შემოიფარგლება. ამ ტექნიკის ფესვებს კლასიკურ ნარატივებშიც ვაწყდებით — მაგალითად, შექსპირსა და მისი პერიოდის დრამატურგებს ხშირად ჰყავდათ პერსონაჟები, რომლებიც პირდაპირ მიმართავდნენ აუდიტორიას. ვინაიდან აღნიშნული ტექნიკა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ხალხის ჩართულობის გასაზრდელად, კინემატოგრაფიაშიც საინტერესოდ დამკვიდრდა. ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი, რომ ისეთი დიდებული რეჟისორი, როგორიც ვუდი ალენია, ხშირად მიმართავს მეოთხე კედლის მსხვრევის ტექნიკას — თუნდაც „ენი ჰოლში“ ალენის პერსონაჟი, ელვი სინგერი, ხშირად არღვევს მეოთხე კედელს, რათა თავისი ნევროზული ფიქრები და ფილოსოფიური შეხედულებები გაგვიზიაროს. 

ისე, არც მე ვგიჟდები სუპერგმირების ფილმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და საინტერესო ხაზია ჩართული, უბრალოდ ჩემი სტილი არაა.

აღნიშნული ტექნიკის მთავარი მოტივი კავშირის ძალაში მდგომარეობს. აუდიტორიის სიუჟეტში „შეთრევით“, პერსონაჟები ინტიმურობის განცდას ქმნიან, რაც ტრადიციული თხრობის მეთოდებით ასე მძაფრად ვერ მიიღწევა. ასე ვთქვათ, პასიური მაყურებლები აქტიურ მონაწილეებად გარდაიქმნებიან.

მგონი, მეც გავარღვიე ეს მეოთხე კედელი და ინფორმაციულ ტექსტებს შორის ცოტა გესაუბრეთ. კამერის გარეშე, მაგრამ მთავარი ხომ ეკრანია?!

მეოთხე კედლის მსხვრევის გავლენა

ბოლოს კი მარტივად შევაჯამოთ, რა გავლენა აქვს ამ ტექნიკის გამოყენებას კინემატოგრაფიაში:

  • ჩართულობა — პირდაპირი მიმართვა ჩვენს ყურადღებას იპყრობს და მეტად გვითრევს სიუჟეტში;
  • ინტიმური ურთიერთობა — პერსონაჟები, რომლებიც გვესაუბრებიან, პირადი კავშირის შეგრძნებას აჩენენ, რაც მაყურებელსაც უკეთ შეაგრძნობინებს მათ თითოეულ ემოციასა თუ განცდას;
  • იუმორი — მეოთხე კედლის დამსხვრევას შეუძლია, კომედიური ფენა დაამატოს სიუჟეტს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პერსონაჟები თავიანთი სიტუაციების აბსურდულობას აღიარებენ;
  • გაზიარება — ეს ტექნიკა პერსონაჟებს საშუალებას აძლევს, მაყურებლებს თავიანთი აზრები და მოტივები გაუზიარონ. ასე მათი ნებისმიერი ქმედება თუ სიუჟეტის მიმდინარეობა უკეთ გასაგებიც ხდება ხოლმე.


მთლიანობაში, მეოთხე კედლის მსხვრევა გვარწმუნებს, რომ სცენარებსა და სიუჟეტებს უბრალოდ კი არ ვქმნით, არამედ ვაზიარებთ. თითოეულ მათგანს სჭირდება აღმქმელი — ზოგჯერ კი ეს აღქმა იმდენად ხელშესახებია, უბრალო მაყურებელი აქტიური მონაწილე ხდება.