ვუდი ალენის რჩევები სცენარისტებს

ვუდი ალენის რჩევები სცენარისტებს

კინოსამყაროში ვუდი ალენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა — სცენარისტი და რეჟისორი, რომელმაც შემოქმედებით გზაზე უნიკალური სტილი შეიმუშავა. თითქოს, კამერას „კომიკური ლინზა“ მოარგო და ასე დააწყებინა მაყურებელს სამყაროს აღქმა. სარკაზმის, ირონიის, იუმორისა და უბრალოდ ადამიანური განცდების სინთეზით კი, სახასიათო პერსონაჟები შექმნა. 

ზოგჯერ ჩვენსა და ამ გმირებს შორის ერთგვარი უფსკრული ჩნდება… ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი საშხაპით გამოვიდეს სცენაზე და ბანაობის პარალელურად იმღეროს… ან ქუჩაში გამოსულ ერთ ჩვეულებრივ, უბრალო მამაკაცს ჟურნალისტები მისცვივდნენ და არაფრის გამო ყველაზე ცნობილ პიროვნებად აქციონ. თუმცა ვუდის „აბსურდულ“ ფანტაზიებში ყველაფერი დასაშვებია.

თუმცა ამ ბლოგს ვუდის კინემატოგრაფიისა და მისი პერსონაჟების განხილვას არ მივუძღვნით — ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. ამჯერად გაგიზიარებთ თავად ვუდი ალენის მოსაზრებებს კომედიაზე და სცენარზე მუშაობის პრინციპებს.

ვუდი ალენის კარიერის საწყისები

„კითხვაზე ადრე წერა დავიწყე. ყოველთვის ვთხზავდი ზღაპრებსა და სხვადასხვა ისტორიას. თავიდან კომედია ნაკლებად მხიბლავდა, უფრო მეტად სერიოზული მწერლობა მიზიდავდა. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კომიკურ ჟანრში წერა შემეძლო — უბრალოდ, ადრეულ პერიოდში შულმანს ვბაძავდი… საერთოდ ვერ ვგრძნობდი საკუთარ თავს“.

ალენის კარიერა მოზარდობაში დაიწყო, როდესაც თავისი ხუმრობები სარეკლამო კომპანია Dancer Fitzgerald Sample-ს წარუდგინა. ეს 1953 წელს მოხდა, „კოლეჯის წარუმატებელი წლის“ დასრულების შემდეგ. უკვე 1960-იანი წლების დასაწყისში გრინვიჩ-ვილიჯის კომედიურ კლუბებში დაიწყო სტენდაპერობა და მნიშვნელოვანი აღიარებაც მოიპოვა. ხოლო 1965-ში ფილმში What’s New, Pussycat? დებიუტანტ მსახიობად და სცენარისტად მოგვევლინა.

რაც შეეხება რეჟისორობას, 1969 წელს გამოსულ ფილმში Take the Money and Run, არა მხოლოდ სცენარისტი და მსახიობი იყო, არამედ რეჟისორის ფუნქციაც შეითავსა. 

მიუხედავად იმისა, რომ ალენის ბევრმა ადრეულმა ფილმმა (Bananas, Sleeper, Love and Death) კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ნამდვილი აღიარება Annie Hall-ის გადაღებით მიიღო. ფილმმა ოთხი ოსკარი მოიპოვა, ალენი კი ამერიკული კინოს მნიშვნელოვნ აღმოჩენად მიიჩნიეს.

ვუდი ალენი და კომედია

„თუ კომიკური პერსპექტივით უყურებ სამყაროს, რაც კი ხდება, ყველაფერს ამ ფილტრში ატარებ. თუმცა ამ მიდგომას მუდმივი განახლება, ერთგვარი გამოკვება სჭირდება“. ამ მხრივ ვუდი ადამიანების ორ კატეგორიას გამოყოფს: ზოგისთვის ძალიან რთულია, სამყაროს სულ იუმორისტულად უყურებდეს; ზოგიერთისთვის კი ეს არაფერია. 

„თუ კომედიას გრძნობ, იცი როგორც უნდა გააკეთო და ხვდები, რამდენად მარტივია. არ ვგულისხმობ, რომ საბოლოო შედეგია მარტივია — თავად პროცესი ხდება უბრალო. თან, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბუნებრივად გამოსდით ყველაფრის სახალისო ჭრილში გადატანა“.

როგორც თავად ვუდი ამბობს, კომედია ცხოვრებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საინტერესო გზაა. ხშირად აღნიშნავს, რომ კომედია ადამიანებს ტკივილის, აბსურდულობისა და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ეხმარება — ასე ვთქვათ, სიცილით სამწუხარო რეალობას ვაბათილებთ, მისგან ვდისტანცირდებით. ამიტომაცაა, რომ ალენის ფილმებში სცენების უმეტესობა ჩვენი ყოველდღიურობის აბსურდულ, პარადოქსულ მხარეზეა აგებული. თუმცა ეს იმდენად სახალისო გზით ხდება, ნებისმიერი სირთულე „მარტივად გადააქვს“ როგორც პერსონაჟს, ისე მაყურებელს.

იმპროვიზაციის შენარჩუნება — როცა სცენარზე დასასრულის გარეშე მუშაობ

ვუდი ალენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ფილმის ან ნაწარმოების დასასრულის წინასწარ ცოდნა აუცილებელი არაა. მისი თქმით, ხშირად მუშაობის პროცესში ირკვევა, როგორ უნდა დასრულდეს ისტორია.

„ფილმის გადაღებისას ხშირად ვითარდება და იცვლება იდეები, რაც საშუალებას მაძლევს, უფრო ორგანული შედეგი მივიღო“. როგორც ამბობს, წერისა და რეჟისურის პროცესში სიუჟეტის მიმართულება თუ დასასრული „თავად ჩნდება“, რაც შემოქმედებით პროცესს უფრო საინტერესოსა და დინამიკურს ხდის.

ზოგადად, ვუდის უყვარს იმპროვიზაციის შენარჩუნება, რადგან ასე მეტ თავისუფლებას აძლევს იდეებს. წინასწარ დადგენილი საზღვრებით არ იზღუდება.

ვუდი ალენის რჩევები სცენარისტებს

რა თქმა უნდა, ყველა სცენარისტსა და რეჟისორს განსხვავებული მიდგომები აქვს. კარგი სცენარისტობის ერთი ფორმულა არ არსებობს, მაგრამ წარმატებული შემოქმედების რჩევების გაზიარება ყოველთვის გვეხმარება… ამიტომაც, აქვე ვისაუბრებთ, როგორია ვუდის ძირითადი მიდგომები მუშაობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ალენი ხაზს უსვამს მუდმივი წერის მნიშვნელობას — მისი აზრით, ყოველდღიური წერა, თუნდაც მცირე რაოდენობით, განვითარების მთავარი გზაა: „ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წერაში მუდმივობაა. ეს არის შეუპოვრობა, რომელიც ქმნის განსხვავებას, მხოლოდ ნიჭი არ კმარა“.

ასევე, ვუდი ფიქრობს, რომ კარგი სცენარი მრავალგანზომილებიანი პერსონაჟების შექმნით იწყება. გმირებს კომპლექსური, საინტერესო მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ. „ჩემი ფილმები ადამიანურ მდგომარეობაზეა, პერსონაჟები კი ყოველთვის მთავარ როლს ასრულებენ. თუ ისინი საინტერესოები არ არიან, ამბავიც დაკარგავს მნიშვნელობას“.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ სცენარის წერისას ალენი ხშირად იყენებს პირად გამოცდილებას. „ვფიქრობ, თუ წერას აპირებ, უნდა დაწერო იმაზე, რაც იცი… რასაც გრძნობ. საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება ყველაზე გულწრფელი მასალაა, რაც გაგაჩნია“.

ამასთან, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ვუდი ალენი კონკრეტული სტრუქტურის დაცვას არ ემხრობა. მისი აზრით, კარგ სცენარში მნიშვნელოვანია დინამიკურობა და შესაძლებლობა, რომ სიუჟეტი განვითარდეს თავისთავად, იძულების გარეშე. ის სცენარისტებს ურჩევს, არ ეშინოდეთ ექსპერიმენტების და სცენარი ნაკლებად ტრადიციული გზებით განავითარონ.