და ბოლოს, ტარანტინოს თქმით, „ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად ძალიან კარგი ფილმის გადაღებაა“. ალბათ, ცოტა დამაბნეველია, რას ნიშნავს „კარგი ფილმი“, რადგან ერთი კონკრეტული შეხედულება არასდროს არსებობს. თუმცა უშუალოდ ტარანტინო გულისხმობს ფილმს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხით, ინოვაციით, კრეატიულობითა და საკუთარი ნიშით.
არა, შეცდომით არ დაგვიწყია in ultimas res. ჩვენ ხომ ისეთ სცენარისტსა და რეჟისორზე ვწერთ, რომლის განუყოფელ ნიშასაც „არაწრფივი თხრობის“ ტექნიკა წარმოადგენს. ამ მცირე გადათამაშების შემდეგ კი შეგვიძლია დავიწყოთ:
კვენტინ ტარანტინო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურაა თანამედროვე კინემატოგრაფიაში. მისი შემოქმედება გამოირჩევა უნიკალური სტილით, არატრადიციული თხრობით, საინტერესო დიალოგებითა და ჟანრებისადმი ინოვაციური მიდგომით. იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო კინემატოგრაფიით, თუმცა არასდროს მიუღია ოფიციალური განათლება ამ მიმართულებით. უბრალოდ, ძალიან ბევრ ფილმს უყურებდა და ცდილობდა, თითოეული მათგანიდან რაღაც ახალი ესწავლა.
22 წლის ტარანტინო Video Archives-ში მუშაობდა — პატარა ვიდეომაღაზიაში, რამაც დიდი გავლენა იქონია მის კინემატოგრაფიულ გემოვნებასა თუ ამ მხრივ ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე. უკვე 1992-ში მან თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, Reservoir Dogs, გამოუშვა, რომელიც მალევე საკულტო ნამუშევრად იქცა — აქვე გამოჩნდა რეჟისორის არაწრფივი თხრობის ტექნიკა. ამას 2 წლის შემდეგ მოჰყვა ყველასათვის ცნობილი Pulp Fiction — კვლავ არაწრფივი ნარატივით, უნიკალური პერსონაჟებითა და გენიალური დიალოგებით. ფილმმა ოსკარიც კი მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.
მთლიანობაში, ტარანტინოს შემოქმედება უამრავ საკულტო ფილმს იტევს, თუმცა ამჯერად მათზე არ ვისაუბრებთ. ბლოგში გაგიზიარებთ ამ დიდებული სცენარისტისა და რეჟისორის რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სცენარზე მუშაობისას თუ ფილმის გადაღებისას.
„წერე ის, რაც თავად გაინტერესებს“
ტარანტინო მუდმივად ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია, დაწერო ის, რაც თავად მოგწონს და გხიბლავს. მისი თქმით, თუ სცენარისტს საკუთარი ამბავი არ უყვარს, ვერც მაყურებელი შეიყვარებს მას.
„იყავი თვითმყოფადი“
თვითმყოფადობაში გულისხმობს სხვების არმიბაძვას — როგორც ამბობს, კინოს სამყაროში ყველაზე ფასეული ისაა, როდესაც ავტორი საკუთარი ხმით საუბრობს.
„დიალოგი მნიშვნელოვანია“
თუკი ტარანტინოს შემოქმედებას იცნობთ, ამას ისედაც მიხვდებოდით… მისი აზრით, დიალოგების წერაზე ძალიან დიდი დრო უნდა დახარჯოს სცენარისტმა. კარგი დიალოგი არა მხოლოდ პერსონაჟების სახეს აყალიბებს, არამედ მაყურებელს უხსნის ახალ პერსპექტივებს.
„ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების“
კვენტინი სცენარისტებს მოუწოდებს, არასდროს მოერიდონ სტრუქტურის ექსპერიმენტულ აგებას. არაწრფივი თხრობის სტილი, სიუჟეტის ნაწილებად დაყოფა ან მოულოდნელი შემობრუნებები — სწორედ ეს ყველაფერი ქმნის მის ფილმებს უნიკალურს… „გათავისუფლდი აკადემიური ჩარჩოებისგან და უბრალოდ დაწერე ის, რაც გინდა“.
მაგალითად, გარდა არაწრფივი ნარატივისა, ტარანტინო ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა ჟანრის სინთეზს და ასე ახალ, უნიკალურ სტილს ქმნის. მისი ფილმები ვესტერნის, პოპ-კულტურის, კრიმინალური დრამისა და სხვა ჟანრების ელემენტებს აერთიანებს.
„იყავი გულწრფელი და უშიშარი“
ალბათ, ამას ყველაზე კარგად თავისი შემოქმედებით გვასწავლის: როგორც ამბობს, სცენარისტი გულწრფელი და უშიშარი უნდა იყოს; არ უნდა მოერიდოს რთულ თემებს, თუ მათში რაღაც საინტერესოს დანახვა შეუძლია. ამიტომაცაა, რომ თავად ყოველთვის მძლავრ, ინდივიდუალურ პერსონაჟებს ქმნის — თითოეული მათგანი ტრადიციული „გმირისა“ და „ბოროტმოქმედის“ სახის მიღმაა.
„გამოიმუშავე დაკვირვების უნარი“
ტარანტინო ამტკიცებს, რომ კარგი სცენარისტი ისაა, ვისაც დაკვირვების უნარი აქვს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ საუბრობენ, იქცევიან და ურთიერთობენ ადამიანები — ამ ყველაფრის ერთობლიობით იქმნება რეალისტური პერსონაჟები. მაგალითად, კვენტინის ფილმებში ხშირია პოპ-კულტურული რეფერენსები და პიროვნული დაკვირვებები.
„მიიღე შთაგონება ფილმებიდან“
დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ ტარანტინოს ოფიციალური განათლება არ მიუღია კინემატოგრაფიის მიმართულებით. დღემდე განუწყვეტლივ უყურებს ფილმებს, რადგან ეს აუცილებელ პირობად მიაჩნია განვითარებისთვის. როგორც ამბობს, სხვადასხვა ნამუშევარში, ჟანრსა და სტილში პოულობს შთაგონებას.
„ისწავლე წერის დროს განწყობის შენარჩუნება“
ტარანტინოს აზრით, სცენარისტებმა თავიანთი ემოციური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინონ წერის დროს. თუ რაღაც კონკრეტულ ეპიზოდში დაძაბულობის ან ეიფორიის განცდაა საჭირო, ეცადეთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ეს ემოცია.