ლიტერატურის კრიტიკოსის, როლან ბარტის, მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, „ავტორის სიკვდილი“ გარდაუვალ პროცესს უნდა წარმოადგენდეს ნამუშევრის გაცნობისას. კერძოდ, ჩემთვის და თქვენთვის ავტორის ავტორიტეტი ან დამოკიდებულებები არ უნდა განსაზღვრავდეს „შემოქმედების ნაწარმის“ ღირებულებას — არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დგას მის უკან. თითქოს, უნდა გაქრეს ყოველგვარი პარალელური ფონი და მხოლოდ იმაზე ვფოკუსირდეთ, რაც კონკრეტულ ნამუშევარში ხდება. მართალია, ბარტს ლიტერატურაზე ჰქონდა აქცენტი, თუმცა ამ შემთხვევაში სცენარსა და კინემატოგრაფიას მოვარგებთ მის იდეას.
თანამედროვე კინემატოგრაფიაში ავტორის როლი სცენარის წარმატებასა და პოპულარიზაციაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თავის მხრივ, აქ იგულისხმება საზოგადოებაში დამკვიდრებული სახელი და რეპუტაცია — ეს მოქმედებს როგორც ინდუსტრიის შიდა ფენებზე, ისე მაყურებლის ზოგად აღქმაზეც. პირველ რიგში, ავტორიტეტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტისადმი ინტერესს — ბუნებრივია, ცნობადი ავტორები წინასწარ ქმნიან მაღალ მოლოდინებს კინოკრიტიკოსებსა და მაყურებლებში. ამ შემთხვევაში შეიძლება, ავტორი ერთგვარ „ბრენდად“ აღვიქვათ, რომლის სახელიც ნდობასა და მაღალ ხარისხთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ მარკეტინგული კამპანიები ავტორის სახელზეა ფოკუსირებული, რათა წინასწარ გაჩნდეს დადებითი განწყობა. ამგვარი ნდობა ხელს უწყობს არა მხოლოდ ფილმის პირველად ინტერესს, არამედ მისი აქტიური პოპულარიზაციის პროცესსაც.
გარდა ამისა, სცენარისტის ავტორიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორია კრიტიკოსების და მედიის თვალსაზრისითაც. თუ სცენარისტი უკვე ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით, სიუჟეტური ხაზის ინდივიდუალურად გადმოცემით ან კონკრეტული ჟანრისადმი მიდრეკილებით, მისი ახალი ნამუშევარი ავტომატურად იქცევა კრიტიკოსებისა და მედიის ყურადღების ობიექტად. ამასთან, ხაზს უსვამენ მის წინა ნამუშევრებსაც, რათა მეტად განამტკიცონ კონკრეტული პიროვნების ღირებულება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კინოსტუდიებისა და პროდიუსერებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სცენარისტის რეპუტაცია. ცნობილი სცენარისტები ავტომატურად დიდ შემოსავალთან, წარმატებასა თუ პოპულარობასთან ასოცირდებიან — ნებისმიერი სტუდიისთვის მცირდება რისკი, როდესაც საქმე ისეთ ავტორს ეხება, რომლის ნამუშევრებიც აღიარებულია. შესაბამისად, ასეთი სცენარისტებისთვის გაცილებით ადვილია კინოსტუდიების დაინტერესება, ახლებური იდეების განხორციელება და მაყურებლებისთვის იმის დაჯერება, რომ მათი ნამუშევრები კარგია.
აქედან გამომდინარე, სცენარისტის ავტორიტეტი არა მხოლოდ პოპულარიზაციის სტრატეგიების ნაწილად იქცევა, არამედ პირდაპირ ახდენს გავლენას სცენარის განხორციელების შესაძლებლობებზე.
2015 წელს კინემატოგრაფიაში, ჯეი როაჩის რეჟისორობით, ახალი ფილმი Trumbo გამოჩნდა, რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ამერიკელი სცენარისტის, დალტონ ტრამბოს, ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი სცენარისტი იყო 1940-იანი წლების ჰოლივუდში, ვიდრე თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო შავ სიაში მოხვდებოდა. კერძოდ, ტრამბო კომუნისტი იყო.
სიუჟეტი ვითარდება 1940-1950-იან წლებში, ცივი ომისა და მაკკარტიზმის პერიოდში, როდესაც კომუნიზმთან დაკავშირებული პირები და იდეები აქტიურად იდევნებოდნენ. ტრამბო და სხვა ჰოლივუდელი მოღვაწეები, რომლებიც ე. წ. „ჰოლივუდის ათიანად“ არიან ცნობილნი, კონგრესში გამოიძახეს და ზოგიერთი მათგანი ციხეშიც ჩასვეს — მათ შორის იყო დალტონიც.
კინოინდუსტრიაში ისეთი ფონი შეიქმნა, რომ ტრამბოსა და მის თანამოაზრეებს შემოქმედებითი საქმიანობა შეეზღუდათ. მათ ოფიციალურად ეკრძალებოდათ ფილმებზე მუშაობა. თუკი ტრამბოს სახელი გამოჩნდებოდა რომელიმე ფილმის სცენარის ავტორად, ეს თავად სტუდიას დააზარალებდა და სამუდამოდ შელახავდა მის რეპუტაციას. ამიტომაც გადაწყვიტა, ანონიმურად ემუშავა და სხვა სახელით გაეგრძელებინა სცენარების წერა — სწორედ ასე მიჰყიდა ერთ-ერთ კინოსტუდიას Roman Holiday და The Brave One. ორივე ფილმმა ოსკარი მოიპოვა, თუმცა თავად ნამდვილი ავტორის ვინაობა მრავალი წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
და რა იქნებოდა, „რომაული არდადეგები“ ავტორის ცუდი რეპუტაციის, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის შეუსაბამო პოლიტიკური შეხედულებების გამო რომ გაენადგურებინათ? პასუხი მარტივია: კინემატოგრაფია ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს დაკარგავდა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, სახელს მიღმა გახედვა — მთავარია საბოლოო შედეგი, ხელოვნების ნიმუში, რომელიც თვითმყოფადი და ავტორისგან განცალკევებული უნდა იყოს.
თანაც Trumbo-ში იდეალურადაა გადმოცემული, რომ მიუხედავად ტრამბოს პოლიტიკური შეხედულებებისა და მის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებისა, ერთი ფაქტი მაინც უცვლელია: ის თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო სცენარისტი იყო. რეჟისორი სწორედ ამ კუთხით აჩვენებს, როგორ უნდა გამოყოს საზოგადოებამ ხელოვნება მისი შემქმნელის იდეოლოგიებისგან… ტრამბოს ნამუშევრებმა, მიუხედავად დევნისა, დიდი კვალი დატოვა კინემატოგრაფიის ისტორიაში.
მთლიანობაში, ფილმის ერთ-ერთი მთავარი მორალური გზავნილი ის არის, რომ შემოქმედებითი ნამუშევრები, რომლებიც საზოგადოებას ემსახურება და კულტურულად ფასეულია, ავტორის პირადი შეხედულებების მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ. მით უმეტეს მაშინ, როცა მისი იდეოლოგია სცენარში საერთოდ არ იკვეთება და სიუჟეტი პოლიტიკისგან განყენებულ თემებზეა აგებული. ტრამბოს წარმატებული ანონიმურობა კი ზუსტად ამტკიცებს, რომ ნამუშევრების ხარისხი და ღირებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ავტორის პოლიტიკური ხედვები თუ პირადი ცხოვრება.