ფილმის დასაწყისი ერთგვარ ანკესს წარმოადგენს — გადაუშვებ და იმის მიხედვით წამოიყოლებ მაყურებლებს, რამდენად საინტერესოა ის. თუკი მიმზიდველი, დამაინტრიგებელი და „ჩამთრევია“, ბევრი განაგრძობს ფილმის ყურებას; ხოლო თუ მოსაწყენი და არაფრით განსაკუთრებულია, ძალიან ცოტა გაიგებს, როგორ ვითარდება სიუჟეტი.
კინემატოგრაფიაში რამდენიმე საკულტო დასაწყისი არსებობს, თუმცა ყოველი მათგანი გარკვეულ კატეგორიაშია მოქცეული. ასე ვთქვათ, განსხვავდება ამბავი, მაგრამ დასაწყისის რამდენიმე ძირითადი ფორმულა არსებობს:
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
პროლოგი:
ამგვარ დასაწყისს ხშირად მიმართავენ იმ მნიშვნელოვანი ამბების გადმოსაცემად, რომლებიც ფილმის მოვლენების განვითარებამდე მოხდა. ზოგჯერ მონტაჟს ნარატორის ხმა მიჰყვება, ე. წ. კადრს გარე მთხრობლის — მისი ტონიც სიუჟეტის შესაბამისადაა შერჩეული, რათა კონკრეტული განწყობა შექმნას. მსგავს მეთოდს ხშირად იყენებენ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში, რათა აუდიტორიას უკეთ გააგებინონ კომპლექსური ამბავი — იქნება ეს ახალი სამყაროს მშენებლობა თუ ფანტასტიკურ არსებათა შემოჭრა…
როგორც ჩამონათვალში აღვნიშნეთ, აუცილებელი არაა, პროლოგს ვოისოვერი გასდევდეს ფონად. სანაცვლოდ, შეიძლება ფილმი პერსონაჟის წარსულით დაიწყოს — კერძოდ, გადამწყვეტი მომენტით, როცა მთავარი გმირის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ამისათვის „ფლეშბექის“ ტექნიკას მიმართავენ, რაც მაყურებელს ეხმარება, უკეთ გაიგოს სცენარის დანარჩენ ნაწილში განვითარებული მოვლენები.
წამახალისებელი ინციდენტი:
ამ შემთხვევაში სიუჟეტი სწრაფად შედის ძირითადი კონფლიქტის ან მოქმედებათა ეპიცენტრში. წამახალისებელი ინციდენტი მოვლენათა კატალიზატორს წარმოადგენს, რომელიც ამბის განვითარებას განაპირბებს და მთავარ გმირს გარკვეული მოქმედებებისკენ უბიძგებს. ხშირად წარმოაჩენს სიტუაციას, რომელიც პერსონაჟების ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ცვლის და მათ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
ამგვარი დასაწყისი მაყურებელს ეხმარება, მყისიერად ჩაერთოს სიუჟეტში. პერსონაჟების ისტორია და მთავარი კონფლიქტი კი ისეთი ჯაჭვური რეაქციით უკავშირდება ერთმანეთს, ინტერესის დონეც მეტად იწევს.
მაგალითად, ასეთი დასაწყისი შეიძლება იყოს მოულოდნელი თავდასხმა, სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა ქალაქში გადასვლა და ა. შ.
მისტიკური დასაწყისი:
კინემატოგრაფიაში მისტიკური დასაწყისი ხასიათდება იდუმალი და კითხვების აღმძვრელი სცენებით, რომლებიც მყისიერად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და ინტრიგას იწვევს. ამ დროს სიუჟეტში გაურკვეველი მოვლენით ვერთვებით, რომელიც ცნობიერად რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
ასეთ დასაწყისში გარემო ხშირად ნაწილობრივ ან სრულად გაუგებრად ვლინდება. პერსონაჟები და მოვლენები ისეთი კუთხითაა დანახული, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ მათ მიღმა რაიმე მნიშვნელოვანი იმალება. ამგვარი განწყობის შესაქმნელად მიმართავენ სპეციფიკურ განათებას, მუსიკას ან ვიზუალურ ეფექტებს, რაც მისტიკურობის განცდას ამძაფრებს.
მისტიკურ დასაწყისში შესაძლოა გამოჩნდეს უცნაური ან ზებუნებრივი მოვლენები, რომელთა ახსნასაც თავიდანვე ვერ ახერხებს მაყურებელი. ასე ვთქვათ, უამრავი კითხვა იბადება, მაგრამ პასუხები არსად ჩანს, ამიტომაც ყურადღებით უნდა მიადევნონ თვალი სიუჟეტის განვითარებას და საიდუმლოებებიც ამოხსნან.
მსგავს დასაწყისებს ხშირად ვხვდებით დევიდ ლინჩის ფილმებში — სცენები სავსეა მისტიკური, სიურრეალისტური მოვლენებით.
„ცივი“ დასაწყისი:
კინემატოგრაფიაში cold open წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც ფილმის ან სატელევიზიო შოუს პირდაპირ მოქმედების ჩვენებით ხასიათდება. როგორც წესი, ეს სცენები სიუჟეტთან უშუალო კავშირშია და მაყურებელს მყისიერად რთავს მთავარ ამბავში, ვიდრე შოუს სახელწოდება ან ტიტრები გამოჩნდება.
რეჟისორები ხშირად მიმართავენ მსგავს დასაწყისს, რათა სწრაფად მიიზიდონ მაყურებელი. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელევიზიაში, სადაც შეიძლება მალე დაკარგოს მაყურებელმა ინტერესი და მარტივად გადართოს არხიდან არხზე.
„ცივი“ დასაწყისი განსაკუთრებით პოპულარულია სატელევიზიო შოუებში, მაგალითად: Breaking Bad, The X-Files, Law & Order და Saturday Night Live, სადაც ეპიზოდები იწყება მოქმედებით ან კომიკური სცენით ტიტრების გარეშე, ხოლო შემდეგ შოუს მთავარ თემაზე გადადიან.
Flash Forward:
ამ შემთხვევაში ფილმი ან სერიალი მომავლის სცენით იწყება — გვაჩვენებს მოვლენებს, რომლებიც სამომავლოდ სიუჟეტის ქრონოლოგიურ განვითარებას მოჰყვება. ეს სტრატეგია მაყურებელს ამბის შედეგებს აცნობს, რაც ცნობისმოყვარეობასაც აღძრავს და მოლოდინსაც აჩენს, თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი ამ მომენტამდე.
„ფლეშფორვარდს“ ხშირად მიმართავენ ინტრიგის გასაჩენად — მაყურებელმა იცის, როგორ დასრულდება ან განვითარდება მოვლენები, მაგრამ არ იცის, რა გზით მივა სიუჟეტი იქამდე. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგჯერ დასაწყისში ნაჩვენები კადრები საბოლოოდ განსხვავებულ ინტრპრეტაციას იღებს — ანუ, „ეს ის არაა, რაც შენ გგონია“.
მაგალითად, ფილმი Fight Club მომავლის სცენით იწყება, სადაც მთავარი პერსონაჟი დრამატულ სიტუაციაში აღმოჩნდება და მხოლოდ შემდეგ ვიგებთ, როგორ მივიდა ის ამ სიტუაციამდე. ასევე, Breaking Bad-ის რამდენიმე ეპიზოდშია გამოყენებული „ფლეშფორვარდის“ ტექნიკა.