სცენარში თითოეულ სიტყვასა თუ მოქმედებას შორის ერთგვარი ჯაჭვური კავშირი არსებობს — ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერ კი ირიბი. ყველაფერი აუტლაინით იწყება… ჩნდება ამოსავალი იდეა, რომელიც ერთგვარ ეტაპებად უნდა ჩაიშალოს, ცალკეული ხაზები განვითარდეს და საბოლოო წერტილამდე მივიდეს. შესაძლოა, ეს კავშირები ყოველთვის ხილული არ იყოს, მაგრამ სცენარისტმა ზუსტად იცის, რას რისთვის წერს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, თემატური ერთიანობა არის ის, რაც სცენარს ფუნდამენტურ და ერთიან სიუჟეტს აძლევს. თითოეული სცენა, დიალოგი და პერსონაჟის ქმედება საერთო თემას უნდა ემსახურებოდეს. ამავდროულად, პერსონაჟების განვითარებისთვის აუცილებელია ცალკეული ხაზები და სცენები. სწორედ გმირების მოტივაციებსა და მათ მოქმედებებს აქვს სიუჟეტის განვითარებაზე მთავარი გავლენა. ამიტომაც, ყველა სცენამ უნდა განავითაროს ან გაამყაროს პერსონაჟის შინაგანი სამყარო თუ ურთიერთობები.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, შესაძლოა, ეს კავშირები ირიბი იყოს. თითქოს, ზოგჯერ შეუძლებელიც კია ორ მოვლენას შორის რაღაც ბმა ვნახოთ, მაგრამ „დაუჯერებელი ამბავი“ ერთხელ უკვე ხომ გაცოცხლდა?! საუბარია ელდარ შენგელაიას რეჟისორობით გადაღებულ ფილმზე „ცისფერი მთები — ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელიც რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული. რეზოსთან ერთად კი, სცენარის ავტორია გიორგი შენგელაიაც.
მოკლედ, ახლა ცოტა იუმორისტულად და უტრირებულად უნდა განვიხილოთ ამ კავშირების საკითხი. მთავარი „მოქმედი გმირი“ კი სწორედ აღნიშნული ფილმი იქნება. ხოლო მოვლენებს, რომელთა შორისაც საერთოდ არანაირი კავშირი არ იკვეთება, საპირისპიროდ შევცვლით.
რა მოხდებოდა, სოსოს წიგნი ყველას რომ წაეკითხა?
მთელი ფილმის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სოსოს წიგნი წაიკითხა, მღებავია. ამის მიღმა ძალიან ბევრი საკითხია გაშლილი, გივის არ მოსვლით დაწყებული, შაბიამნის ახალი პარტიის მოტანით დასრულებული. შენობა რომ ინგრევა ბოლოს და გრენლანდია მაინც თავზე გვემხობა, მაგაზე აღარაფერს ვიტყვი.
ამ ბლოგში კი ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი იცვლება: სოსოს წიგნი ყველამ წაიკითხა.
პირველ რიგში, ვაჟა ზაზაევიჩი გაგიჟდებოდა ორ სათაურზე! „ეს ორი სათაური რა კარგი მოგიფიქრებია ისე, სოსო“. და ჩვენც აღარ დავიწყებდით იმის დაკვირვებას, ამ სათაურში მაინც რომელია ზედმეტი, რომელ ნაწილს ამოვაკლებდით ან საერთოდ, რას ერჩის ეს კაცი ან ცისფერ მთებს, ან ტიანშანს.
ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტების წაკითხვის ნაცვლად, სოსოს სთხოვდნენ, თავიდან ბოლომდე, ხმამაღლა და გამოთქმით წაეკითხა მთელი წიგნი. გამყრელიძის დასკვნასაც აღარ დაეთანხმებოდნენ — ანდაც კი დაეთანხმებოდნენ, მაგრამ გამყრელიძეს წაკითხული ექნებოდა წიგნი და შეკრებილი საზოგადოების აზრს აღარ დაეთანხმებოდა. ან საერთოდ ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამდა.
„შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, სულზე მოგვისწრო ისე გვჭირდებოდა“ — წარმოიდგინეთ, შაბიამნის ახალ პარტიასაც ასეთი სიხარულით რომ დახვდებოდნენ. ამით უკვე ნათელი გახდებოდა, რომ გამომცემლობა რეალურად ფუნქციონირებს და შაბიამნის ქაღალდის მეშვეობით ბეჭდავენ წიგნებს. სოსოს წიგნიც ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა, თავისი ორი სათაურით.
„ეს ხელოვნების ნაწარმიცაა და ნაწარმოებიც“ — ვინ იცის, სოსოს წიგნი რომ წაეკითხათ, იქნებ ასეთი შეფასებაც დაემსახურებინა? მურმანიძეც მოაწერდა ხელს! ბატონ იროდიონსაც ეცოდინებოდა, აქაა თუ იქ. ოღონდ მანამდე შვებულებაში გასვლასაც დააძალებდნენ, თვითონ კი არ წავიდოდა, მაგრამ მაინც…
ბუღალტერიც ზუსტად დაადგენდა, საიდან შეაქანა — მარცხნიდან თუ მარჯვნიდან. რა თქმა უნდა, ქვემოდანაც აღარ შეაქანებდა. აღარც ლიფტში გაიჭედებოდნენ, ან თუ გაიჭედებოდნენ, სხვისი მინიშნების გარეშეც მიხვდებოდნენ, რომ გაიჭედნენ…
იგავ-არაკებსაც როგორ სიხარულით მიიღებდა ვაჟა ზაზაევიჩი. „მოლოდინის დერეფანში“ გაჭედილ მარკშეიდერს კი ბზარების დათვალიერების დრო აღარ დარჩებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბზარიც იქნებოდა მანამდე იქ, მაგრამ კი ვეღარ შეამჩნევდა მარკშეიდერი. იქვე იდუმალი გივიც გამოჩნდებოდა, „ცისფერი მთების“ გოდოდ რომ იქცა…
გრენლანდიის გატანასაც აღარ მოითხოვდა პატივცემული ვასო. თუნდაც იმიტომ, რომ წიგნის კითხვით იქნებოდა გართული. აღარც თავზე დაეცემოდა შეკრებაზე და შემდეგ ბატონი იროდიონიც აღარ შებრუნდებოდა დანგრეულ შენობაში ქუდის გამოსატანად.
სულ ესაა, ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები გადავაკეთეთ. მოკლედ, გადავრჩენილვართ მეგობრებო და ეგაა!