პირველი სიტკომი ისტორიაში და მისი გავლენა სატელევიზიო სივრცეზე

პირველი სიტკომი ისტორიაში და მისი გავლენა სატელევიზიო სივრცეზე

1947 წლის 18 ნოემბერს ნიუ-იორკის ტელევიზიაში მსოფლიოს პირველი სიტუაციური კომედია (სიტკომი) „Mary Kay and Johnny“ გავიდა. შოუ მერი ქეისა და მისი ქმრის, ჯონი სტერნსის ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერდა — მათი ოჯახური ურთიერთობები და ცხოვრებისეული თავგადასავლები სიტკომის მთავარ ხაზს წარმოადგენდა. 

ეს იყო მარტივი, სახალისო კომედია, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ცოლ-ქმრის ყოველდღიურობასა და ურთიერთობებზე. სერიებში ხშირად იქმნებოდა კომიკური სიტუაციები, რომლებიც პერსონაჟების ყოფითი პრობლემებით იყო გამოწვეული… თანაც ყველაფერს მეტ ხიბლს სძენდა ის ფაქტი, რომ მერი და ჯონი რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინებულები იყვნენ — ეკრანზე გამოხატული ქიმია რეალური ურთიერთობიდან გამომდინარეობდა… უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჯონი ბანკში მუშაობდა, სინამდვილეში კი Mary Kay and Johnny-ის სცენარისტი და რეჟისორი იყო — თავად წერდა აუტლაინებს, დიალოგებსა და ყველაფერს, რაც კი სერიას სჭირდებოდა. შემდეგ კი გადაღების პროცესსაც ხელმძღვანელობდა. რეალურად, მთელი შემოქმედებითი კონტროლი ჰქონდა სიტკომზე — დაწყებული იდეებისა და სცენარის შემუშავებით, დასრულებული ამ ყველაფრის გადაღებაზე გაცოცხლებით.

საგულისხმოა, რომ შოუ თავიდანვე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რაც რთულ ტექნიკურ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. თუმცა მეტად იძლეოდა იმპროვიზაციის საშუალებას და მაყურებლებთანაც უფრო ბუნებრივი, ცოცხალი კავშირი მყარდებოდა.

გარდა იმისა, რომ Mary Kay and Johnny უნიკალური ფორმატით გამოირჩეოდა, იმ დროისთვის „სენსაციად ქცეულ“ თემებსაც მოიცავდა — მაგალითად, ეს იყო პირველი სატელევიზიო შოუ, რომელშიც ორსულობა აჩვენეს. გადაღების პერიოდში მერი ქეი სტერნსი დაფეხმძიმდა, მეტი ავთენტურობისთვის კი ეს ამბავი სიუჟეტის ნაწილად აქციეს. 

ასევე, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შოუ, რომელშიც ცოლ-ქმარი ერთ საწოლში აჩვენეს. იმ პერიოდში ეს უჩვეულო ფაქტს წარმოადგენდა, თუმცა სატელევიზიო ეთიკაში წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა.

რას ამბობდნენ კრიტიკოსები?

სიტკომი Mary Kay and Johnny ძირითადად დადებით შეფასებებს იღებდა კრიტიკოსების მხრიდან. მათ განსაკუთრებით ხიბლავდათ ავთენტურობა და ქიმია — როგორც ჩანს, მაყურებელს იზიდავდა ის ფაქტი, რომ მერი ქეისა და ჯონის წყვილი რეალურ ურთიერთობაზე იყო დაფუძნებული. ასევე, კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ სიუჟეტის სიმარტივეს, რომელიც ფოკუსირებული იყო ყოველდღიურ ოჯახურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. ეს თემები მარტივად გასაგები და ნაცნობი იყო იმ პერიოდის მაყურებლისთვის, რაც მეტწილად შოუს პოპულარობასაც განაპირობებდა.

ამავდროულად, კრიტიკოსები ხაზს უსვამდნენ შოუს ინოვაციურ მიდგომებს, როგორიც იყო ორსულობისა და ცოლ-ქმრული ურთიერთობების ეკრანზე ჩვენება, რაც იმ დროისთვის მოულოდნელ, გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენდა ტელევიზიაში. ამ კუთხით შოუ განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედებითი სიახლე სატელევიზიო კომედიაში.

რა გადატეხა მოახდინა პირველმა სიტკომმა სატელევიზიო სივრცეში?

პირველი სიტკომის გამოჩენამ ერთგვარი სტანდარტიზებული ფორმატი დაამკვიდრა კომედიისთვის — მოკლე, კონცენტრირებული და აუდიტორიისთვის მარტივად აღქმადი. ყოველკვირეული ეპიზოდები საშუალოდ 20-30-წუთიანი იყო და სწორედ ამ მცირე დროში ეტეოდა ერთი სერიის დასრულებული ამბავი.

Mary Kay and Johnny-მ და 1949 წელს გამოსულმა The Goldbergs-მა, რომელიც ბრონქსში მცხოვრები ებრაული ოჯახის ყოველდღიურობას ეხებოდა, სიტკომი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად აქცია სატელევიზიო სივრცეში. კომიკური სიტუაციების სინთეზი, რომლებიც ნამდვილი ცხოვრების შთაგონებით იყო გაცოცხლებული, მაყურებლებს ძალიან იზიდავდა… თითოეული მათგანი საკუთარ თავს ხედავდა პერსონაჟების მიღმა — ოჯახურ, სოციალურ თუ სამსახურებრივ გამოწვევებში. მთლიანობაში, ამგვარმა მიდგომამ მაყურებელსა და სატელევიზიო შოუებთან ემოციური კავშირი გააძლიერა.

ამავდროულად, სიტკომების ხანმოკლე ფორმატმა ტელევიზიის კომერციალიზაციასაც შეუწყო ხელი. ვინაიდან სარეკლამო ჭრები აუცილებელი იყო, ამ სივრცეს კომერციული ნაწილისთვის იყენებდნენ. შედეგად, ტელევიზიის ფინანსური მოდელიც გამყარდა — სიტკომები კი რეკლამების „თავშესაფრად“ იქცა.

თანაც გარდა კომიკური სიტუაციებისა, სიტკომებში ხშირად ეხებოდნენ კულტურულ ინოვაციებსა და სენსიტიურ თემებს — იქნებოდა ეს ფემინიზმი თუ რასობრივი საკითხები. შეიძლება ითქვას, მათი მეშვეობით მაყურებელი პირდაპირ რეჟიმში მიადევნებდა თვალს სოციალურ ცვლილებებს, დისკუსიებსა და ახალ იდეებს.

მთლიანობაში, სიტკომის ფორმატის დამკვიდრებამ ტელევიზიაში ღრმა ცვლილებები დანერგა — მათ შორის, როგორ რეაგირებს მაყურებელი კომედიაზე; როგორ ახდენენ იდენტიფიკაციას პერსონაჟებთან და როგორ შეიცვალა ტელევიზიის კომერციული მოდელი.