მეოთხე კედლის დამსხვრევა – როცა პერსონაჟი შენ გელაპარაკება!

მეოთხე კედლის დამსხვრევა – როცა პერსონაჟი შენ გელაპარაკება!

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, მსახიობებიც ჩვეულებრივი მოკვდავები და ჩვენივე საზოგადოების ნაწილნი არიან, ხშირად მათ განყენებულ სივრცეში წარმოვიდგენთ. თითქოს, რეალურად კი არ არსებობენ, არამედ მხოლოდ ეკრანებს მიღმა ან სცენაზე ცოცხლდებიან სხვადასხვა პერსონაჟის სახით… ბუნებრივად გვიყალიბდება განცდა, რომ სხვა სამყაროს ნაწილნი არიან. 

ალბათ, ახლა შენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობ, იხსენებ, როგორი დამოკიდებულება გაქვს მსახიობების მიმართ… ძალიან შორსაც ნუ წახვალ, თორემ ისიც გაგახსენდება, ბავშვობაში ტელევიზორში შესვლას რომ ცდილობდი და შენც მათ გვერდით აღმოჩენას.

და წარმოიდგინეთ, ფილმის ან სერიალის ყურებისას უცბად ეს „განყენებული“ პერსონაჟი, რომელიც თავის როლსა და სიუჟეტშია გადაშვებული, შენკენ ბრუნდება. კამერის გავლით პირდაპირ შენ გისწორებს თვალს. უცბად იბნევი, ფიქრობ, ეს შეცდომა როგორ გაეპარა რეჟისორს და კადრი ხელახლა არ გადაიღო?! მაგრამ ამაზე ფიქრი დასრულებული არ გაქვს, უცბად მსახიობი პირადად შენ მოგმართავს. ამ დროს ფანტასტიკასა და რეალობას შორის არსებული ბარიერი იშლება — აუდიტორია სიუჟეტის ნაწილი ხდება…

უფ, რამდენი ასეთი კადრი ამომიტივტივდა მეც და იცი, როგორ კარგად მიგრძნია თავი? თითქოს, ჩემმა საყვარელმა პერსონაჟმა შემამჩნია — მხედავს, როგორ მოვკალათდი ტელევიზორის ან ლეპტოპის წინ, ყავაც მოვიმარჯვე ხელთ და უცბად მეძახის; ნუ, ჩემი სახელი კი არ იცის, მაგრამ განზოგადებულ აუდიტორიაში მაინც ხომ გამომარჩია?!

ამ ტექნიკას „მეოთხე კედლის დამსხვრევის“ სახელით ვიცნობთ კინემატოგრაფიაში. მაგალითისთვის, გავიხსენოთ 1986 წლის ფილმი Ferris Bueller’s Day Off, რომლის პირველივე სცენაშიც ირღვევა მეოთხე კედელი — მთავარი პერსონაჟი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს, ეპიკური დასვენების შესახებ უზიარებს გეგმებს და ასე მეტად გვითრევს სიუჟეტში; თითქოს, ჩვენც მასთან ერთად უნდა გავატაროთ დღე. ცხადია, ამგვარი ბუნებრივი მიმართვა მყისიერ კავშირს აჩენს და გვაგრძნობინებს, რომ ფილმის ნაწილი ვართ.

აი, მე დასვენების დღეები კი არ მიყვარს. არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო და უაზროდ ვიწყენ. ამიტომ მეზიზღება კვირა დღე — დასვენებაც ყელში გაქვს ამოსული და თან ისე ნელა გადის, თითქოს უძრაობა იყოს.

 

ასევე, საინტერესოა 2016 წელს ეკრანებზე გამოსული Deadpool, რომელშიც მთავარი გმირის როლს რაიან რეინლოდსი ასრულებს. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ ესაუბრება მაყურებელს, არამედ საკუთარი არსებობის აბსურდულობასაც არღვევს — ხუმრობს იმის შესახებ, რომ კომიქსების პერსონაჟია; ხაზს უსვამს ფილმის ბიუჯეტის შეზღუდვებს და თვით სუპერგმირების ჟანრსაც აკრიტიკებს. მსგავსი მიდგომით, „დედპული“ ტიპური სამოქმედო ფილმიდან გაცნობიერებულ სატირად გარდაიქმნება, რომელიც სიცილისა და ჩართულობის ახალ ფენას მატებს სიუჟეტს.

მოგზაურობა დროსა და ჟანრში

საგულისხმოა, რომ მეოთხე კედლის მსხვრევა მხოლოდ თანამედროვე კინოთი არ შემოიფარგლება. ამ ტექნიკის ფესვებს კლასიკურ ნარატივებშიც ვაწყდებით — მაგალითად, შექსპირსა და მისი პერიოდის დრამატურგებს ხშირად ჰყავდათ პერსონაჟები, რომლებიც პირდაპირ მიმართავდნენ აუდიტორიას. ვინაიდან აღნიშნული ტექნიკა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ხალხის ჩართულობის გასაზრდელად, კინემატოგრაფიაშიც საინტერესოდ დამკვიდრდა. ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი, რომ ისეთი დიდებული რეჟისორი, როგორიც ვუდი ალენია, ხშირად მიმართავს მეოთხე კედლის მსხვრევის ტექნიკას — თუნდაც „ენი ჰოლში“ ალენის პერსონაჟი, ელვი სინგერი, ხშირად არღვევს მეოთხე კედელს, რათა თავისი ნევროზული ფიქრები და ფილოსოფიური შეხედულებები გაგვიზიაროს. 

ისე, არც მე ვგიჟდები სუპერგმირების ფილმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და საინტერესო ხაზია ჩართული, უბრალოდ ჩემი სტილი არაა.

აღნიშნული ტექნიკის მთავარი მოტივი კავშირის ძალაში მდგომარეობს. აუდიტორიის სიუჟეტში „შეთრევით“, პერსონაჟები ინტიმურობის განცდას ქმნიან, რაც ტრადიციული თხრობის მეთოდებით ასე მძაფრად ვერ მიიღწევა. ასე ვთქვათ, პასიური მაყურებლები აქტიურ მონაწილეებად გარდაიქმნებიან.

მგონი, მეც გავარღვიე ეს მეოთხე კედელი და ინფორმაციულ ტექსტებს შორის ცოტა გესაუბრეთ. კამერის გარეშე, მაგრამ მთავარი ხომ ეკრანია?!

მეოთხე კედლის მსხვრევის გავლენა

ბოლოს კი მარტივად შევაჯამოთ, რა გავლენა აქვს ამ ტექნიკის გამოყენებას კინემატოგრაფიაში:

  • ჩართულობა — პირდაპირი მიმართვა ჩვენს ყურადღებას იპყრობს და მეტად გვითრევს სიუჟეტში;
  • ინტიმური ურთიერთობა — პერსონაჟები, რომლებიც გვესაუბრებიან, პირადი კავშირის შეგრძნებას აჩენენ, რაც მაყურებელსაც უკეთ შეაგრძნობინებს მათ თითოეულ ემოციასა თუ განცდას;
  • იუმორი — მეოთხე კედლის დამსხვრევას შეუძლია, კომედიური ფენა დაამატოს სიუჟეტს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პერსონაჟები თავიანთი სიტუაციების აბსურდულობას აღიარებენ;
  • გაზიარება — ეს ტექნიკა პერსონაჟებს საშუალებას აძლევს, მაყურებლებს თავიანთი აზრები და მოტივები გაუზიარონ. ასე მათი ნებისმიერი ქმედება თუ სიუჟეტის მიმდინარეობა უკეთ გასაგებიც ხდება ხოლმე.


მთლიანობაში, მეოთხე კედლის მსხვრევა გვარწმუნებს, რომ სცენარებსა და სიუჟეტებს უბრალოდ კი არ ვქმნით, არამედ ვაზიარებთ. თითოეულ მათგანს სჭირდება აღმქმელი — ზოგჯერ კი ეს აღქმა იმდენად ხელშესახებია, უბრალო მაყურებელი აქტიური მონაწილე ხდება.