ჰოლივუდი, რომელიც დღეს ინოვაციებისა და ოცნებების სიმბოლოს წარმოადგენს, თავდაპირველად ლოს-ანჯელესის შემოგარენში მდებარე მოკრძალებული მიწის ნაკვეთი იყო. მისი, როგორც გლობალური გასართობი ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბება საკმაოდ მრავალფეროვანი გზის ნაწილია — დაწყებული სამართლებრივი შეზღუდვების გადალახვით, დასრულებული შემოქმედებითი ამბიციებითა და ტექნოლოგიური წინსვლით.
„ჰოლივუდი ყოველთვის გალია იყო… ოქროსი, მაგრამ მაინც გალია“, — ამბობდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კლარკ გეიბლი, რომელსაც ჰოლივუდის მეფესაც უწოდებდნენ.
ჰოლივუდის ისტორია 1887 წელს იწყება, როდესაც ჰარვი უილკოქსმა, კანზასიდან ჩამოსულმა უძრავი ქონების დეველოპერმა, კალიფორნიაში 120 აკრი მიწა შეიძინა. მისი მიზანი იყო მშვიდი, რელიგიური თემის შექმნა, შორს ლოს-ანჯელესის ქალაქური ყოფისგან. ხოლო სახელწოდება Hollywood ჰარვის ცოლს, დაიიდას უკავშირდება — მას მატარებლით მგზავრობისას ერთმა ქალმა თავისი „ზაფხულის სახლზე“ უამბო, რომელსაც ჰოლივუდი ერქვა. დაიიდას იმდენად მოეწონა ეს სახელი, რომ ქმარს შესთავაზა, დასახლებისთვისაც ასე ეწოდებინათ.
თანაც სიტყვას ორ ნაწილად თუ დავყოფთ — Holly (წმინდა) და Wood (ტყე), ის პირდაპირ ასახავდა ამ ადგილის ბუნებას. ეს იყო კონსერვატიული, ოჯახზე ორიენტირებული დასახლება… თუმცა საბოლოოდ ძალიან ჰარმონიულად მოერგო ქალაქის გარემოს და მსოფლიო კინოინდუსტრიის სიმბოლოდ იქცა.
უკვე 1903 წელს ჰოლივუდმა ოფიციალურად მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი, მაგრამ წყლის ნაკლებობის გამო მისი ზრდა გარკვეულწილად იზღუდებოდა. ამიტომაც, 1910-ში გადაწყვიტეს, ლოს-ანჯელესს შეერთებოდნენ და ასე მოეპოვებინათ საჭირო რესურსები, რომლებიც აუცილებელი გახდებოდა იმ დროისთვის, როდესაც კინორეჟისორები კალიფორნიაში დაიწყებდნენ გადმოსვლას და ამ ტერიტორიას შესანიშნავ ადგილად მიიჩნევდნენ კინოშემოქმედებისთვის…
რეალურად, კინორეჟისორები ჰოლივუდში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, კინოწარმოება სამართლებრივ პრობლემებსა და შეზღუდვებს გადააწყდა. უფრო კონკრეტულად, იმ დროისთვის თომას ედისონი ფლობდა პატენტებს ძირითადი კინოტექნიკისა და აღჭურვილობის დიდ ნაწილზე და მისი კომპანია „მოუშონ ფიქჩერ პატენტს კომპანი“ (MPPC) აკონტროლებდა კინოწარმოების პროცესს, რაც მოიცავდა სხვა სტუდიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესებასა და ფილმების წარმოებისთვის ნებართვების მიღებას.
ამ რეგულაციებისა და ფინანსური შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, დამოუკიდებელმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა დასავლეთ სანაპიროზე გადასვლა დაიწყეს… მათთვის ჰოლივუდს რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევდა:
ჰოლივუდის პირველი მუდმივი კინოსტუდია Nestor Film Company იყო, რომელიც 1911 წლის 27 ოქტომბერს დაარსდა. მისმა დამფუძნებლებმა, ძმებმა დევიდ და უილიამ ჰორსლებმა, ნიუ-ჯერსიდან გადმოიტანეს Nestor-ის წარმოება კალიფორნიაში, სადაც იმ დროისთვის უკეთესი კლიმატური პირობები და გადასაღები შესაძლებლობები იყო.
Nestor Film Company სამ ჟანრზე იყო ფოკუსირებული: ვესტერნი, დრამა და კომედია. სწორედ აქ დაიწყო ჰოლივუდში სტაბილური შემოქმედება — მისი შექმნა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჰოლივუდის, როგორც კინოწარმოების გლობალური ცენტრის ჩამოყალიბებაში.
1910-იან წლებში ჰოლივუდში უკვე რამდენიმე პატარა კინოსტუდია მოქმედებდა; ხოლო 1920-იანი წლებისთვის უკვე მთლიანად იქცა ამერიკული კინოწარმოების ცენტრად, სადაც ისეთი ცნობილი სტუდიები დაფუძნდა, როგორებიცაა:
Paramount Pictures – ადოლფ ცუკორის მიერ დაარსებული სტუდია, რომელიც მაღალი ხარისხის სრულმეტრაჟიანი ფილმებითა და ვარსკვლავების სისტემის ჩამოყალიბებით გახდა ცნობილი. სტუდია ხელს უწყობდა მსახიობების პოპულარიზაციას, აძლევდა გამორჩეულ როლებს და მათ გარშემო მძლავრ მარკეტინგულ კამპანიებს ქმნიდა. ამის წყალობით, Paramount-ის ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მერი პიქფორდი, რუდოლფ ვალენტინო, გლორია სვონსონი და სხვა მსახიობები, საერთაშორისო აღიარებას აღწევდნენ.
ასევე, ერთ-ერთი პირველი სტუდია იყო, რომელიც კინოთეატრების დიდ ქსელს ფლობდა — აქ უშუალოდ სტუდიის ფილმები გადიოდა. თანაც Paramount მუდმივად ცდილობდა ახალი სტილისა და ტექნოლოგიების დანერგვას. მისი ფილმები გამოირჩეოდა ახალი ნარატივებით, გაბედული თემატიკითა და ტექნიკური სიახლეებით. შესაბამისად, იმ პერიოდის ცნობილ რეჟისორებთან და მხატვრებთან თანამშრომლობდა — მაღალი ხარისხის სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოება სურდა, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის იქნებოდა საინტერესო და ხარისხიანი. მთლიანობაში, სტუდია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვიზუალურ ესთეტიკას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დეკორაციებს, კოსტიუმებსა და ზოგად სტილისტიკას.
Warner Bros. — სტუდია ჰარი, ალბერტ, სემი და ჯეკ ვორნერებმა დააფუძნეს. მთავარი ცნობადობა იმით მოიპოვა, რომ ფილმში სინქრონიზებული ხმის სისტემა დანერგა 1927 წელს, ფილმში The Jazz Singer. ამ ინოვაციამ სრულად შეცვალა კინოინდუსტრია და, შესაბამისად, სტუდიის რეპუტაციაც გაძლიერდა. ამისათვის Warner Bros.-მა დიდი ინვესტიცია ჩადო ახალი „ვიტაფონის“ სისტემაში, რომელიც ხმოვან სიგნალს ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად სინქრონულად აჟღერებდა. ვიტაფონის სისტემამ რეჟისორებს საშუალება მისცა, ფილმში ხმოვანი ეფექტები და მუსიკა შეეტანათ.
ასევე, Warner Bros. დიდ ყურადღებას აქცევდა რეალისტურ და სოციალური თემატიკის მქონე ფილმებს. სიუჟეტები ხშირად ეხებოდა საზოგადოების მნიშვნელოვან პრობლემებს და ასახავდა მენტალურ კრიზისებს, სოციალურ უთანასწორობასა თუ მორალურ საკითხებს. შესაბამისად, მაყურებლები უფრო რეალურ, „ცოცხალ“ კავშირს გრძნობდნენ — კინო არა თუ სხვა სამყარო, არამედ მათი ცხოვრების მხატვრული ასახვა ხდებოდა.
აქ ჟანრების მრავალფეროვნებაც აშკარად იყო — კომედია, დრამა და მიუზიკლები. სტუდიამ „განგსტერების“ ფილმების წარმოებაც დაიწყო, რაც 1930-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა და Warner Bros.-ის ნიშად იქცა.
Universal Pictures — Universal Pictures-ის დამფუძნებელმა კარლ ლაემლიმ 1915 წელს გახსნა Universal City, პირველი დიდი და სრულყოფილი კინოსტუდიის ლოტი სან-ფერნანდოს ველში, ლოს-ანჯელესის სიახლოვეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდიამ ყველა გადასაღები და საწარმოო პროცესი ერთ ადგილას მოაქცია. თანაც ის არა მხოლოდ გადაღების ადგილს წარმოადგენდა, არამედ ტურისტულ დანიშნულებასაც ითავსებდა — Universal აქ ტურებს აწყობდა და საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, ფილმის შექმნის პროცესისთვის ედევნებინათ თვალი. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კინოს ადამიანებთან დასაახლოებლად…
ამავდროულად, Universal იყო ერთ-ერთი პირველი სტუდია, რომელიც კინოსერიალების ფორმატშიც იღებდა ფილმებს. 1920-იან წლებში აქ შეიმუშავეს სერიალები, რომლებიც სხვადასხვა თავგადასავალს აერთიანებდა, დაწყებული რომანტიკული ელემენტებით, დასრულებული დრამატული პასაჟებით. საშინელებათა ჟანრის ფილმების განვითარებაც ამ სტუდიას უკაშირდება — 1925 წელს გამოუშვეს The Phantom of the Opera (1925) ლონ ჩეინის მონაწილეობით. ეს ფილმი და მსგავსი პროექტები საფუძველს უდებდა Universal-ის „მონსტრების“ სერიას, რომელიც 1930-იან და 1940-იან წლებში განვითარდა და კლასიკური პერსონაჟები მოიცვა: დრაკულა, ფრანკენშტაინი და სხვა.
რეალურად, Universal Pictures არ იყო ისეთი დიდი და ძლიერი, როგორც სხვა სტუდიები, მაგრამ დამოუკიდებელი პოლიტიკით გამოირჩეოდა. ეს გამოიხატებოდა ინოვაციური სცენარების მიღებით და ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომლებიც სარისკოდ მიიჩნეოდა.
Metro-Goldwyn-Mayer (MGM) — 1924 წელს ჩამოყალიბდა Metro Pictures-ის, Goldwyn Pictures-ის და Louis B. Mayer Productions-ის შერწყმით. MGM მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი სტუდია ჰოლივუდში, ცნობილი მაღალი ბიუჯეტიანი ფილმებითა და სლოგანით: „უფრო მეტი ვარსკვლავი, ვიდრე ცაშია“.
სტუდიის ფილმები გამოირჩეოდა დახვეწილი პროდაქშენ დიზაინითა და სრულყოფილი ესთეტიკით, რაც მაყურებელს მდიდარ და შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობდა. რეალურად, MGM-ის წარმატება დიდწილად ლუის ბ. მეიერის ხელმძღვანელობას უკავშირდებოდა. მეიერი იყო ძლიერი და გავლენიანი მენეჯერი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევდა ფილმების ხარისხს და სტაბილურობას. შესაბამისად, მისი სტრატეგიები მნიშვნელოვნად დაეხმარა MGM-ს, შეექმნა მიმზიდველი ბრენდი, რომელსაც მაყურებელი მუდმივად ენდობოდა.
ზოგადად, Metro-Goldwyn-Mayer ცნობილი იყო რომანტიკული დრამებითა და ეპიკურ ფილმებით, რომელთა სიუჟეტები ხშირად ეხებოდა კლასიკურ თემებს, საზოგადოებრივ მორალსა და ღირებულებებს.
Fox Film Corporation — ეს სტუდია უილიამ ფოქსმა დააარსა 1915 წელს; 1935-ში კი Twentieth Century Pictures-თან გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ცნობილი 20th Century Fox. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სტუდია, რომელმაც newsreels-ის წარმოებას მიჰყო ხელი — აღნიშნული კინოჩვენებები მოიცავდა იმ დროის სიახლეებსა და საზოგადოებრივ მოვლენებს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა, რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე ამბები გაეგო.
ამასთან, Fox ინვესტიციას დებდა ტექნოლოგიებში და ცდილობდა, კინოთეატრებში დომინანტი პოზიცია დაეკავებინა. ამიტომაც, 1920-იან წლებში ულიამ ფოქსმა დააპატენტა Movietone — ხმის სისტემის ერთ-ერთი პირველი ფორმატი, რომელიც ფილმებში სინქრონიზებული ხმის შეტანის საშუალებას იძლეოდა. ამრიგად, ზემოხსენებული Warner Bros.-ის ერთგვარ კონკურენტადაც იქცა.
გარდა ამისა, Fox Film Corporation იყო ერთ-ერთი სტუდია, რომელმაც საკუთარი კინოთეატრების დიდი ქსელი შეიძინა. უილიამ ფოქსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფილმების ჩვენების პროცესის კონტროლს და, შესაბამისად, ინვესტიციებს დებდა კინოთეატრების შეძენაში, რაც სტუდიას საშუალებას აძლევდა, საკუთარი ფილმები ექსკლუზიურად ეჩვენებინა და მეტი ფინანსური სარგებელი მიეღო.
რაც შეეხება სიუჟეტებს, აქ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ სოციალურ და დრამატულ თემებს. ფილმებში ხშირად წარმოჩენილი იყო სოციალური კონფლიქტები, ადამიანური ემოციები და მორალური საკითხები.
Columbia Pictures – ჰარი და ჯეკ კონმა, ჯო ბრანდტთან ერთად, დააარსეს Columbia, რომელიც თავდაპირველად დაბალბიუჯეტიან ფილმებს ქმნიდა, მაგრამ მალე ერთ-ერთ დომინანტად იქცა კინოინდუსტრიაში.
თავდაპირველად ჰარი და ჯეკ კონებმა, მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეემცირებინათ გადაღების ხარჯები და შეექმნათ მოკლე, სწრაფად წარმოებადი ფილმები; თუმცა ფიქრობდნენ, რომ ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი მაინც პოპულარობას მოიპოვებდა. ამგვარი მიდგომით, სტუდიამ მოახერხა, შედარებით მცირე ფინანსური რესურსებით გაზრდილიყო და შემოქმედებითად დატვირთული ყოფილიყო.
Columbia Pictures ცნობილი იყო კომედიური ფილმებითა და სერიალებით. კერძოდ, სტუდიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა მოკლე კომედიებით, რაც მას ეკონომიკურად მოგებიანი პროდუქტების წარმოების საშუალებას აძლევდა. 1920-იანი წლების ბოლოს, Columbia-მ თანამშრომლობა დაიწყო იმ დროის აღიარებულ რეჟისორთან, ფრენკ კაპრასთან, რაც სტუდიისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდა. კაპრას ფილმებმა, მათ შორის It Happened One Night სტუდიას მეტი პოპულარობა და პრესტიჟი მოუტანა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სტუდიებისა, რომლებიც იმდროინდელი ჰოლივუდის ეპოქას ქმნიდნენ და კინოინდუსტრიის განვითარებას უწყობდნენ ხელს… თითოეული მათგანი დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას, საკუთარი ნიშითა და შესაძლებლობებით.