„8½“ — Asa Nisi Masa

„8½“ — Asa Nisi Masa

შემოქმედებითი კრიზისი ყველა სცენარისტის, რეჟისორის თუ ზოგადად ხელოვანის ყველაზე დიდი „ტყვეობაა“. როცა გონებას აიძულებ, რაღაც იდეებზე იფიქროს, მაგრამ ნებისმიერი აზრი ჩანასახშივე იფერფლება — თითქოს, ერთ წრეზე ტრიალებ, არადა რაღაც სიახლე გინდა; რაც კი გაფიქრდება, ყველაფერი აქამდე გაკეთებულს ჰგავს… შემდეგ უბრალოდ ნებდები, ხმელეთზე მოხვედრილი თევზივით აღარ ფართხალებ და შთაგონებაც მოდის.

სწორედ ასე მოხდა დიდებული ფედერიკო ფელინის შემთხვევაში, როცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. კერძოდ, „8½“, რომელიც 1963 წელს გადაიღო, პირად გამოცდილებას დაუკავშირა. ამიტომაცაა, რომ ფილმის სცენარი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და რეჟისორის შინაგან კონფლიქტებს, შთაგონების ძიებას, პირადი თუ პროფესიული ცხოვრების ქაოსს აღწერს. სახელწოდებაც ცხოვრებისეულად სიმბოლურია — მანამდე ფედერიკოს ექვსი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა გადაღებული, რომელთაგან ერთზეც ალბერტო ლატუადასთან ერთად იმუშავა… შესაბამისად, თავის წილს მხოლოდ ნახევრად თვლიდა.

რეალურად, ეს კრიზისულ პერიოდში გადაღებული ფილმი კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. აქ შთამბეჭდავადაა გადმოცემული ფელინის ექსპერიმენტული მცდელობა, რეალობა და ფანტაზია ერთ მთლიანობად აქციოს. ასე მიიღო სიურრეალისტური, ზოგჯერ ალოგიკური მოვლენების ნაკადიც. ფილმის მთავარი პერსონაჟის, გუიდოს, ცხოვრება და ილუზიები, ფანტაზიები და მოგონებები ერთმანეთში ირევა, რაც სიუჟეტს თითქოს სიზმართან აახლოებს.

რა თემებია „8½“-ში გაშლილი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში, „8½“-ის ძირითად თემას შემოქმედებითი კრიზისი წარმოადგენს, რასაც ბუნებრივად მოსდევს  პიროვნების თვითშემეცნება, სულიერი და ემოციური აღრევა, სიყვარული და ქალთა როლი მამაკაცის ცხოვრებაში. ფელინი ფილმის მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შეხედულებების სირთულესა და ბუნდოვანებას, რასაც ის „კინო-ფიქრებს“ უწოდებს.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ფილმი იწყება სცენით, რომელშიც საცობში გაჭედილი გუიდო მანქანიდან გადმოდის და თითქოს გაქცევას ცდილობს, მაგრამ ჰაერში ადის… შემდეგ კი მიწაზე ეცემა. ეს ალეგორიული სცენა პერსონაჟის შინაგანი დაძაბულობისა და თავისუფლების სურვილის სიმბოლიკაა. ფელინის მსგავსად, გუიდო რეჟისორია — ახალი ფილმის გადაღებას ცდილობს, მაგრამ შემოქმედებით კრიზისში ექცევა. მთელი სიუჟტის განმავლობაში ვერ ახერხებს რაიმე ხელჩასაჭიდი იდეის პოვნას, რომელიც ფილმს სტრუქტურას შექმნის… ამიტომაც, ხშირად საკუთარი ფანტაზიებისა და მოგონებების სამყაროში ეძებს თავშესაფარს.

ფანტაზია, როგორც რეალობიდან გაქცევა

აღსანიშნავია, რომ ფელინი ფანტაზიის ელემენტებსა და კინემატოგრაფიულ გადათამაშებას იყენებს, რათა მთავარი პერსონაჟის, გუიდო ანსელმის, შინაგანი სამყარო, მისი კონფლიქტები და შემოქმედებითი კრიზისი გადმოსცეს. მაგალითად, მოგონებების სცენები უხვადაა დატვირთული სიმბოლიზმით — გამოხატავს წარსულზე, სიყვარულზე, სექსუალობასა და დანაშაულზე ფიქრს. ერთ-ერთი გამორჩეული სცენაა გუიდოს ბავშვობის მოგონება, როდესაც სანაპიროზე სარინასთან ცეკვავდა… ეს მისი პირველი სექსუალური გამოცდილება იყო, რაც განსაკუთრებით ძვირფას მომენტად დაამახსოვრდა.

ფანტაზიების სამყაროში გადაშვებით, გუიდო რეალური პრობლემებისგან გარბის. ცდილობს, თავი მოიტყუოს და ხშირად ივიწყებს პასუხისმგებლობებს, რადგან მათთან შეჯახება უჭირს. ეს ფანტაზიები ხშირად კომიკური და სიურრეალისტურია, თუმცა ზოგჯერ ტრაგიკული ტონალობაც აქვს, რაც პერსონაჟის სულიერ მარტოობას გამოკვეთს. ცნობიერების ნაკადის ტექნიკით კი, ფანტაზიას, რეალობასა და მოგონებებს შორის ზღვარი თითქმის სრულადაა მოშლილი; შედეგად, ვეღარ ვარჩევთ, რა არის სიმართლე და რა წარმოსახვის ნაყოფი — ასე უფრო სიღრმისეულად შევისწავლით გუიდოს გონებასა თუ შეგრძნებებს.

ამასთან, სცენები დატვირთულია სიმბოლიზმით. მაგალითად, გუიდოს ფანტაზიის სცენებში ცირკის მოტივები, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში ფიგურირებს, სიმბოლურად წარმოაჩენს ხელოვნებისა და ცხოვრების დაუკმაყოფილებელ ციკლს, სადაც ადამიანი განუწყვეტლივ ეძებს საკუთარ თავს. თანაც ეს ფანტაზიები არა მხოლოდ მთავარი გმირის შინაგანი აზრებისა და გრძნობების გამოხატულებაა, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს შემოქმედებით პროცესში. 

Asa Nisi Masa

„8½“-ში სიტყვები „Asa Nisi Masa“ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და სიმბოლური ელემენტია. ფრაზა გუიდოს ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება და მის შინაგან სამყაროს, ფანტაზიებსა თუ წარსულთან კავშირს ასახავს. როგორც ჩანს,  მასსა და მის მეგობრებს ეს სიტყვები მფარველი ძალის მოზიდვის საიდუმლო ფორმულად მიაჩნდათ. 

სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა უცნობია და არც მთლად ნათლადაა განმარტებული ფილმში, რაც ფელინის სტილს ემთხვევა—ის ხშირად იყენებს იდუმალ და სიურრეალისტურ ელემენტებს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ „Asa Nisi Masa“ შეიძლება იყოს ბავშვური, სიტყვებით უაზრო თამაში, ან სპონტანური, ჯადოსნური ფრაზა. ხოლო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება იყოს სიმბოლო გუიდოს ბავშვობის მეხსიერებისა და მისი შორეული, მშვიდი და ნათელი წარსულის იდეალიზაციისა. 

ხოლო ერთი თეორიის მიხედვით, ეს სიტყვები იტალიურ ენაში დაფუძნებულ აკრონიმებს ეფუძნება. მაგალითად, შეიძლება ფრაზა Anima-დან იყოს ნაწარმოები, რაც სულს ნიშნავს. ამგვარად, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც გუიდოს სულიერი და ემოციური მდგომარეობის გამოხატულება.

ზოგადად, ფელინი ცნობილია იმით, რომ მის ფილმებში იდუმალ და არამტკიცედ განსაზღვრულ ელემენტებს იყენებს. ასე მაყურებელს თავისუფალ სივრცეს უტოვებს ინტერპრეტაციისთვის. ამგვარი მიდგომა ფილმების უნიკალურ სტრუქტურასაც განაპირობებს.

გუიდოს თვითშემეცნება

ფილმის ბოლოს მთავარი გმირი ახერხებს, გარკვეულწილად შეაჩეროს საკუთარი შფოთვები. ხვდება, რომ რომ ცხოვრება, მიუხედავად ყველა სირთულისა, უნდა გაგრძელდეს. ფინალური სცენა ერთგვარი შეჯერება და პიროვნული ზრდის გამოხატულებაა — გუიდო თავს აღწევს შინაგან მღელვარებას და საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიიღოს თავისი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ყველა თავის დაუძლეველი წინააღმდეგობითა და სირთულით. თავისუფლდება სრულყოფილების სურვილისგან, რაც მას შთაგონებასაც უბრუნებს…

ფინალური სცენა სიურრეალისტური ცეკვით სრულდება, სადაც გუიდო იწვევს ყველა პერსონაჟს, ვინც კი ფილმში ფიგურირებდა — თავისი გარდაცვლილი მშობლების ჩათვლით… და ისინი ერთად ცეკვავენ ცირკის მოედანზე. ეს ცეკვა არის სიცოცხლისა და შემოქმედებითი პროცესის ალეგორია: რთული, ქაოსური, მაგრამ ამავდროულად ლაღი და სიცოცხლით სავსე.