როცა ამბავს ვყვებით, თავად ვართ მთხრობელები და ხედვის წერტილიც ჩვენგან გამომდინარეობს — ჩვენს სუბიექტურ პრიზმაში ფორმირდება მოვლენა და შესაბამისად გადავცემთ სხვას. თუმცა სცენარის წერისას ამ ხედვის წერტილის სხვადასხვა მიმართულებით შეცვლა შეიძლება… შეგვიძლია, ისე „მოვკალათდეთ ნებისმიერ კუთხეში და მოვირგოთ ესა თუ ის ხმა“, რომ ხან ობიექტურ მთხრობლად ვიქცეთ, ხანაც ბევრი პერსონაჟის ხმად გავჟღერდეთ.
ზოგადად, ხედვის წერტილი (POV — Point of View) თხრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა, ვინაიდან სწორედ მისი ტიპი განსაზღვრავს ამბის აღქმას; ასევე, როგორ ურთიერთობენ პერსონაჟები ერთმანეთთან და როგორ იშლება სიუჟეტის მთავარი თუ პარალელური თემები. პირველი პირის ხედვის ინტიმური პერსპექტივიდან მესამე პირის ყოვლისმცოდნე პერსპექტივამდე, სხვადასხვა ხედვის წერტილი სცენარის მრავალფეროვან განზომილებას ქმნის. თითოეული მათგანი მკითხველსა თუ მაყურებელს საშუალებას აძლევს, განსხვავებული კუთხით დაინახოს ამბავი.
ამ ბლოგში კი განვიხილავთ ძირითადი ხედვის წერტილებს, როგორ გამოიყენება ისინი კინოში და რა გავლენა აქვს ამ არჩევანს მაყურებლის ემოციებსა თუ სიუჟეტის აღქმაზე.
პირველი პირის ხედვა: პერსონაჟის თვალით დანახული სამყარო
ამ დროს უშუალოდ მთავარი პერსონაჟის თვალით ვხედავთ და განვიცდით ყველაფერს. ცხადია, როცა სცენარისტი და რეჟისორი ამგვარი პერსპექტივით წარმოაჩენენ სიუჟეტს, მაყურებელთან გაცილებით მძაფრი ემოციური კავშირი მყარდება — გრძნობს იმას, რასაც მთავარი გმირი; თითქოს, უხილავი ძაფებით უკავშირდება და თავადაა თითოეული მოვლენის ეპიცენტი.
აღნიშნულ პერსპექტივას, ძირითადად, იმ შემთხვევაში მიმართავს ავტორი, თუკი სურს, ხალხი უშუალოდ მთავარი გმირის ემოციების, ფიქრებისა და განცდების პირდაპირ მონაწილედ აქციოს. კინოში პირველი პირის ხედვა ხშირად გადმოიცემა ხმოვანი ნარაციით, კამერის სუბიექტური კუთხით ან პერსონაჟის რეაქციების ახლო ხედებით.
ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია მარტინ სკორსეზეს კლასიკური ფილმი Goodfellas (1990). აქ ჰენრი ჰილი პირდაპირ გვიზიარებს თავისი ცხოვრების გზას, ბავშვობიდან მაფიის სამყაროში მოხვედრამდე. ის, როგორც მთავარი პერსონაჟი, პირდაპირ ესაუბრება მაყურებელს — უყვება ემოციების, გამოწვევებისა და თავგადასავლების შესახებ. ცხადია, ეს ნარაცია უნიკალურ სიახლოვეს ქმნის ჰენრისა და ეკრანს მიღმა მყოფ ხალხს შორის.
ასევე, ამ თვალსაზრისით საინტერესოა მერი ჰარონის American Psycho (2000). ფილმი პატრიკ ბეიტმენის, მთავარი გმირის, მონოლოგით იწყება — დესტრუქციისა და აგრესიის ფსიქოლოგიურ სიღრმეებში გვძირავს. მისი შიშების, ფიქრებისა და ფსიქიკური აშლილობის უშუალო მხილველები ვხდებით, რაც, ბუნებრივია, შოკისმომგვრელად მოქმედებს. ამგვარი პერსპექტივა მნიშვნელოვნად აღრმავებს პერსონაჟთან ემოციურ და ფსიქოლოგიურ კავშირს.
მესამე პირის შეზღუდული ხედვა: ახლო, მაგრამ ფარული
ხედვის ეს პერსპექტივა მაყურებელს საშუალებას აძლევს, მოვლენები პერსონაჟის მხრიდან დაინახოს, მაგრამ უშუალოდ არ შეეძლოს მისი ფიქრებისა თუ გრძნობების გაგება. გმირებთან ემოციური კავშირი მაინც კი ყალიბდება, მაგრამ უფრო დამოუკიდებლად — ინტერპრეტაციისთვის მეტი სივრცე რჩება.
დევიდ ფინჩერის ფილმი The Social Network (2010), რომელიც მარკ ცუკერბერგის ისტორიის მონათხრობზეა აგებული, მესამე პირის შეზღუდული ხედვის საუკეთესო მაგალითია. სიუჟეტი მარკის ცხოვრებას, მოტივაციას, დამოკიდებულებებსა და კონფლიქტებს მიჰყვება, მაგრამ მის უშუალო ფიქრებსა და გრძნობებზე წვდომა არ გვაქვს. სანაცვლოდ, ვიზუალური ენა და მარკის ქცევები გვეხმარება, პერსონაჟის მდგომარეობა შევაფასოთ. უბრალოდ, ჩვენივე ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, გარკვეული ინტერპრეტაციებით აღვიქვამთ ყველაფერს.
ასევე, ტოდ ფილიპსის Joker-ში (2019) არტურ ფლეკის შინაგან სამყაროს ვხედავთ — ბრძოლას, მზარდ ფსიქიკურ აშლილობას და ასოციალურობას. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამოწვევის თვითმხილველია მაყურებელი, არტურის პირადი ფიქრები გაუჟღერებელია. ამ შემთხვევაშიც დეტალებსა და ვიზუალურ განწყობას ვეყრდნობით, რათა მოვლენები თუ ქმედებები არტურის ხასიათთან დავაკავშიროთ. თუმცა მაინც ჩვენივე პრიზმაში ვაქცევთ ყველაფერს…
მესამე პირის ყოვლისმცოდნე ხედვა: „ღმერთის თვალი“
ე. წ. „ღმერთის თვალი“ ყველა პერსონაჟის სამყაროს გვიშლის — თითოეული მათგანის ფიქრებისა და ემოციების პირდაპირი მონაწილე ვხდებით. ასე ვთქვათ, მრავალი პერსპექტივით გადმოიცემა ნარატივი, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულად აღვიქვათ ყველა გმირის მოტივაცია, კავშირები და მათი წილი ისტორიაში.
მაგალითად, რიჩარდ კურტისის ფილმში Love Actually (2003) წარმოდგენილია სხვადასხვა პერსონაჟის სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა. მესამე პირის ყოვლისმცოდნე ხედვა კი მაყურებელს ეხმარება, თითოეული გმირის ცხოვრება, ფიქრები და გრძნობები გაიგოს. ეს მრავალფეროვანი პერსპექტივა თავის თავში სიყვარულის განსხვავებულ სახეებს აერთიანებს, რაც ერთიან ემოციურ კონტექსტს ქმნის.
ასევე, კიდევ ერთი ასეთი ფილმია პოლ ჰაგისის Crash (2004) — სიუჟეტი ლოს-ანჯელესის მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ კონტექსტსა და სხვადასხვა ადამიანის ურთიერთკავშირებს მოიცავს. ყოვლისმცოდნე პერსპექტივა კი მაყურებელს საშუალებას აძლევს, განიცადოს პერსონაჟების ფიქრები, გრძნობები და მათ შორის არსებული სოციალური ზეწოლები.
ობიექტური ხედვა: მიუკერძოებელი პერსპექტივა (Fly on the Wall)
ამ შემთხვევაში მაყურებელი უბრალო დამკვირვებელია — მოვლენების დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აქვს, რაც ხშირად რეალისტურ ატმოსფეროს ქმნის. ობიექტური ხედვის გამოყენებისას, კამერა და თხრობა ნეიტრალურ პოზიციაში რჩება; არ გადმოიცემა პერსონაჟების შინაგანი ფიქრები, ემოციები თუ განცდები — სანაცვლოდ, მხოლოდ მათ ქცევებსა და მოქმედებებს ვხედავთ.
ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის The Conversation (1974) მთავარი პერსონაჟია ჰარი კოლი, რომელიც სხვა ადამიანების საუბრებს ისმენს. ობიექტური ხედვის წერტილი მაყურებელს დამკვირვებლის პოზიციაში ტოვებს — ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ წვდომა არ აქვს ამ გმირების შინაგან სამყაროზე. ეს მიუკერძოებელი პოზიცია დაძაბულობისა და რეალიზმის განცდას ქმნის, რადგან თავად განვსჯით მოვლენებს.
ასევე, ფილმში No Country for Old Men (2007) ძმები კოენები ობიექტურ ხედვას ეყრდნობიან — შექმნეს ბრუტალური, ცივი და შოკისმომგვრელი გარემო, სადაც მაყურებელი მხოლოდ დამკვირვებელია. უშუალოდ ვერ ვერთვებით პერსონაჟების ფიქრებში, მაგრამ მათ ქცევებსა და ემოციებს ვხედავთ.
მეორე პირის ხედვა: უშუალო მიმართვა მაყურებელთან
ამ დროს პერსონაჟი უშუალოდ მიმართავს მაყურებელს — თითქოს, რეალურად იყოს სცენარის მონაწილე. ასე ვთქვათ, ამგვარი მიდგომა ამხელს „მეორე პირის“ პიროვნებას, როგორც თხრობის აქტიურ და პირდაპირ მონაწილეს. სწორედ ასე იქმნება ჩართულობის განცდა. მეორე პირის ხედვა ხშირად გამოიყენება კომედიურ და ექსპერიმენტულ ფილმებში, სადაც პერსონაჟები არღვევენ „მეოთხე კედელს“ და პირდაპირ ესაუბრებიან მაყურებელს.
Ferris Bueller’s Day Off (1986) – ჯონ ჰაგის ფილმში მთავარი პერსონაჟი, ფერის ბულერი, ხშირად მიმართავს მაყურებელს. მისი მხიარული და უშუალო კომენტარები პერსონაჟის შინაგანი ემოციების, ხასიათისა თუ განზრახვების მონაწილედ გვაქცევს.
მარველის Deadpool-შიც (2016) მთავარი გმირი ხშირად მიმართავს მაყურებელს — კამერაში გვიყურებს და სარკასტულ, სახალისო კომენტარებს გვიზიარებს.
შერეული ან ცვალებადი პერსპექტივები: მრავალშრიანი თხრობა
ეს არის თხრობის ტექნიკა, როცა ფილმი რამდენიმე ხედვის წერტილს აერთიანებს. ამ მიდგომის მეშვეობით, მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის თვალით ვხედავთ, რაც ამბის მრავალფეროვნებას აძლიერებს და მეტ სიღრმეში ჩავყავართ. ბუნებრივია, მატულობს ნარატივის კომპლექსურობაც, ვინაიდან რამდენიმე გმირის აზრებისა და გრძნობების მონაწილე ვხდებით.
Pulp Fiction (1994) — კვენტინ ტარანტინოს ამ ფილმში სიუჟეტი სწორედ შერეულ პერსპექტივებზეა აგებული. სხვადასხვა გმირის ისტორიები ერთმანეთთან იკვეთება და თითოეული მათგანის ხედვა სცენარის ამა თუ იმ ნაწილში იჩენს თავს.
ასევეა სტივენ დალდრის The Hours (2002), რომელიც სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები სამი ქალის თვალით გვაჩვენებს ამბებს. ამ პერსონაჟების პერსპექტივები კი დამატებით სიღრმეს მატებს საერთო კონტექსტს.