„უხილავი პერსონაჟების“ კონცეფცია ერთ-ერთი რთული და მრავლისმომცველი ტექნიკაა — ის სცენარისტებს საშუალებას აძლევს, შექმნან სიუჟეტური და თემატური სიღრმე, პერსონაჟების ფიზიკური არარსებობის მიუხედავად. ხშირად ასეთ გმირებს არსებითი დატვირთვა ენიჭებათ, რადგან მათ „უხილაობას“ გარკვეული საკვანძო დატვირთვა აქვს — ეს არარსებობა აჩენს მოლოდინს, დაძაბულობასა და კონკრეტულ თემატურ დატვირთვას. ამიტომაც, აღნიშნულ ტექნიკას იყენებენ როგორც ლიტერატურაში, ისე თეატრსა და კინოში.
უხილავი პერსონაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი გოდოს ფიგურაა, სამუელ ბეკეტის პიესაში „გოდოს მოლოდინი“. პიესის ორი მთავარი პერსონაჟი, ვლადიმირი და ესტრაგონი, მთელი ნაწარმოების მანძილზე ელის გოდოს, თუმცა ფიზიკურად არასდროს ჩნდება. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს უხილავი გმირი ქმნის ნარატივის მთლიან საფუძველს — გოდო არა მხოლოდ პერსონაჟია, არამედ ცხოვრების აბსურდულობისა და ადამიანის ეგზისტენციალური მოლოდინის სიმბოლოა. ამრიგად, ის არა თუ არსად, არამედ ყველგანაა — თითქოს განსხეულებას კი ვერ მიაღწია, მაგრამ სინამდვილეში „ყველას ჩვენი გოდო გვყავს“.
ამ ტიპის უხილავი გმირების შექმნა სცენარისტებსა და დრამატურგებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს აძლევს:
პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ პერსონაჟების ემოციური განვითარება. კერძოდ, მსგავსი გმირების ინტეგრირება ძლიერი ფსიქოლოგიური და ემოციური რეაქციების იმპულსი ხდება. მაგალითად, ვლადიმირისა და ესტრაგონის მუდმივი მოლოდინი და იმედგაცრუება წარმოაჩენს მათი შიშების, მოლოდინისა თუ ურთიერთობების დინამიკას. ბეკეტმა ნათლად აჩვენა, რომ ეს ყველაფერი უხილავ პერსონაჟთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც მიიღწევა. მეტიც, შესაძლოა, უფრო ფართო სპექტრსაც იძლეოდეს, რადგან როცა კონკრეტულ ფორმებსა და საზღვრებში არაა პერსონაჟი მოქცეული, ნებისმიერი ფანტაზიის მიწებება გაცილებით ადვილია.
მეორე მხრივ, საინტერესოა თემატური სიმბოლიზმის საკითხი — ხშირად უხილავი პერსონაჟები მეტაფორებს წარმოადგენენ; იკვლევენ გლობალურ თემებს, როგორებიცაა მოლოდინი, იმედგაცრუება, ძალაუფლება, შიში, სიყვარული და ა. შ. კვლავ გოდოს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ბევრისთვის ის ღმერთთან, ხსნასთან ან ცხოვრების აზრთან ასოცირდება. მისი მუდმივი არარსებობა აჩენს კითხვებს იმაზე, არსებობს თუ არა ის საერთოდ და რას ნიშნავს ადამიანის მუდმივი მოლოდინი იმ რაღაცისა, რაც შეიძლება ვერ მიიღოს.
ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია შორეულ წარსულშიც დავბრუნდეთ და ბერძნული თეატრი გავიხსენოთ — იქ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მსახიობი; ასე ვთქვათ, ვინ იქნებოდა მთავარი იდეის განსხეულებული ვერსია. ამიტომაც, ნიღაბი ბერძნული და რომაული თეატრის ნაწილს წარმოადგენდა, როგორც მსახიობის ერთგვარი გრიმი. მის მიღმა ვინ იდგებოდა, ამას არსებითი დატვირთვა არ ენიჭებოდა — ის უნდა ყოფილიყო სახე ზოგადი იდეისა. შესაძლოა, რაღაც მხრივ ამასაც დავუკავშიროთ უხილავი პერსონაჟის კონცეფცია, უბრალოდ დროთა განმავლობაში „ნიღაბიც გაქრა“.
გარდა ამისა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, უხილავი გმირი ნარატიულ სიღრმისეულობას მატებს სიუჟეტს. ფიზიკური არ არსებობა, პარადოქსულად, აძლიერებს მის მნიშვნელობას — მაყურებელი ან მკითხველი მუდმივად ფიქრობს იმაზე, როდის ან როგორ გამოჩნდება ეს პერსონაჟი. შესაბამისად, სცენარისტები სიუჟეტურ განვითარებას ხშირად აგებენ ამ გმირის ირგვლივ არსებულ დაძაბულობაზე. ამას მოსდევს წარმოსახვის გააქტიურებაც — თუკი კონკრეტული მახასიათებლებით არაა განსაზღვრული ასეთი პერსონაჟის იდენტობა, თითოეული ინდივიდი თავად იქმნის მასზე წარმოდგენას.
ცალკე შეიძლება გამოვყოთ ალფრედ ჰიჩკოკი, როგორც დრამატული და ვიზუალური დაძაბულობის ოსტატი, რომელიც ხშირად იყენებდა უხილავი პერსონაჟების ტექნიკას. მაგალითად, ფილმში „რებეკა“ რებეკას პერსონაჟი ფიზიკურად არასდროს ჩნდება, რადგან უკვე გარდაცვლილია. თუმცა სწორედ მისი არყოფნა განსაზღვრავს სიუჟეტის დრამატულ მუხტს და ამძაფრებს სხვა პერსონაჟების შიშებსა თუ კომპლექსებს. რებეკას კვალი ყველგან იგრძნობა — მისი ხსოვნა, გავლენა და სახელი მთელი ფილმის განმავლობაში დომინირებს. ასე ვთქვათ, ეს არის „უხილავი ყოფნა“.
ასევე, საინტერესოა დამიან შოფრონის „ველური ისტორიების“ პირველი ნაწილი თვითმფრინავზე, რომლის მთავარ გმირსაც უხილავი პასტერნაკი წარმოადგენს. მართალია, მას ფიზიკურად ვერ ვხედავთ, მაგრამ სხვა პერსონაჟების მეშვეობით ყველაფერს ვიგებთ ამ ადამიანზე — ვიცით, როგორი წარუმატებელი მუსიკოსი იყო, პრობლემები ჰქონდა სკოლაში, მშობლებთან და შეყვარებულთან. ამ ყველაფერმა კი მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია მასზე. რა თქმა უნდა, ახლა მის იდენტობას არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ ტექნიკის მხრივაა აღსანიშნი, როგორ გვაცნობს შიფრონი გმირს, რომელიც არც კი ჩანს.
ქართულ კინემატოგრაფიაში დაახლოებით ასეთია გივის პერსონაჟი ფილმიდან „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. თუმცა განსხვავება ისაა, რომ მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით — უბრალოდ ვიღაც გივია, რომლის ნახვაც ორ მამაკაცს უნდა.
გივიდან „შუა ქალაქშის“ გოგიზეც უნდა გადავიდეთ — ამ სიტკომის არცერთი სეზონის არცერთ ეპიზოდში არ გვინახავს, მაგრამ უამრავი რამ ვიცით მის შესახებ. ალბათ, ფიზიკურადაც ზუსტად წარმოგვიდგენია და იმის განცდაც არ გვრჩება, არასდროს რომ არ გვინახავს…
მთლიანობაში რომ შევაჯამოთ,, კინოსა და თეატრში უხილავი პერსონაჟების სიღრმისეულ გამოყენებას ხშირად მიმართავენ დრამატული ეფექტების შესაქმნელად. უხილავი პერსონაჟების საშუალებით ავტორები აძლიერებენ მოლოდინს, ხსნიან და იკვლევენ ფსიქოლოგიურ თემებს, რომლებიც ფიზიკურ სივრცეს სცდება.