„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ — ანუ როგორ იწერება ლოგლაინი?

„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ — ანუ როგორ იწერება ლოგლაინი?

ლოგლაინი არის მოკლე, ორი-სამ წინადადებიანი აღწერა (დაახლოებით 25 სიტყვა), რომელიც გადმოსცემს ფილმის ან სატელევიზიო სცენარის ძირითად იდეას. მასში სცენარის ძირითადი არსი და სიუჟეტის ბირთვი ისეა წარმოჩენილი, რომ გარკვეული ინფორმაციის მიცემასთან ერთად, ინტერესსაც იწვევს.

ბევრ სცენარისტს ლოგლაინის დაწერა უფრო უჭირს, ვიდრე თავად სცენარის. ამას ჯონ ავგუსტიც იზიარებს — თითქოს წარმოუდგენელია, Big Fish-ის სცენარისტს რაიმე ერთულებოდეს, თუმცა მისი აზრით, სრულყოფილი ლოგლაინი ძალიან დიდ მუშაობას მოითხოვს. „სიუჟეტი რამდენიმე სიტყვაში ისე უნდა მოაქციო, რომ ხალხში მაქსიმალური ინტერესი აღძრა“.

შეიძლება ითქვას, ლოგლაინი სცენარის „გულს“ წარმოადგენს და მასში სიუჟეტის მთლიანობა უნდა იგრძნობოდეს. მარტივი შედარებით რომ წარმოვიდგინოთ, ნაძვის ხეს ჰგავს — ჩვენ მხოლოდ ღერძი გვჭირდება და დროებით უნდა დავივიწყოთ გაშლილი ტოტები, მათზე ჩამოკიდებული სათამაშოებით. ცდუნება საკმაოდ დიდია, რადგან ავტორს ყოველთვის უნდა, მნიშვნელოვანი დეტალები და ხაზები გამოკვეთოს… თუმცა ლოგლაინს ეს არ სჭირდება — უბრალოდ, უნდა გააჩინო ინტერესი, მოკლედ აღწერო მთავარი ხაზი და დანარჩენი გაურკვევლად დატოვო. 

„ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას“ — აქ „შერეკილების“ ქრისტეფორე მგალობლიშვილი სიყვარულის ძალაზე კი საუბრობს, მაგრამ ფორმულის ეს ნაწილი შეიძლება საჩვენოდაც გამოვიყენოთ. კერძოდ, თუკი ლოგლაინს ისე დავწერთ, რომ მასში ინტერესის მარცვლები (ამ შემთხვევაში ოცნება) ჩავდოთ, ადამიანებს ამ ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი გაუჩნდებათ… ამას კი ფილმის/სერიალის ჩართვა მოჰყვება — სხვა შემთხვევაში ვერ გაიგებენ, რა ხდება. 

როგორ იწერება ლოგლაინი?

კარგი ლოგლაინის დაწერა სიუჟეტის ბირთვის ნათლად ჩამოყალიბებას მოითხოვს, ოღონდ ეს ყველაფერი დინამიკურ და მიმზიდველ ფორმატში უნდა იყოს მოქცეული.

  1. გმირის ხსენება — ლოგლაინში მთავარი გმირი აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები, რათა მაყურებელმა იცოდეს, ვინ წარმოადგენს სიუჟეტის ცენტრს. მნიშვნელოვანია, ეს პერსონაჟი სპეციფიკური მახასიათებლით იყოს წარმოდგენილი: მაგალითად, მეცნიერი, პროფესორი ან სხვა;
  2. მთავარი მიზანი — ლოგლაინში უნდა ჩანდეს, რა სურს მთავარ გმირს და რა ამოძრავებს მას. პირობითად, ეს შეიძლება იყოს ოჯახური პრობლემის მოგვარება ან სამყაროს გადარჩენა;
  3. კონფლიქტის შექმნა — ასევე, უნდა იკვეთებოდეს მთავარი კონფლიქტი ან დაბრკოლება, რომელიც გმირს მიზნის მიღწევაში უშლის ხელს;
  4. კონკრეტული და უნიკალური ელემენტები — ლოგლაინი უნდა შეიცავდეს უნიკალურ ელემენტებს, რომლებიც გამოარჩევს სიუჟეტს. ეს შეიძლება იყოს ინოვაციური სიტუაცია, გმირის განსაკუთრებული უნარი ან გარემო;
  5. სიტყვების მინიმალური რაოდენობა — იდეალური ლოგლაინი უნდა იყოს მოკლე, ორი ან სამი წინადადებით გადმოცემული. 

საგულისხმოა, რომ ლოგლაინის ერთგვარი ფორმულაც არსებობს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ სიუჟეტს მოარგოთ: „როცა [ინციდენტი], [მთავარი გმირი] იბრძვის წინააღმდეგ [კონფლიქტი/ანტაგონისტური ძალა], რათა [მიზანი]“.

მაგალითად: „როცა ახალბედა პოლიციელს უწევს მანიაკის დაჭერა, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს აშინებს, მან  უნდა გადაარჩინოს თავისი ოჯახი და შეინარჩუნოს სამსახური“.

მთლიანობაში, ლოგლაინის შექმნის სირთულე მხოლოდ მის სიმცირეში არ მდგომარეობს, არამედ იმაშიც, რომ უნდა გადმოსცემდეს კონფლიქტის, მიზნისა და სიუჟეტის არსს.