„მეორეხარისხოვანს“ რომ გიწოდებენ, ცოტა ცუდად კი უნდა მოგხვდეს გულზე, მაგრამ კინემატოგრაფიასა თუ ნებისმიერ ნარატიულ ფორმაში ეს ცუდად ნამდვილად არ ჟღერს. რეალურად, მეორეხარისხოვანი პერსონაჟის კონცეფცია თხრობის ყველა მედიუმშია გავრცელებული — მისი არსებობა სიუჟეტის განვითარებაზე, გმირების ევოლუციაზე, მოტივაციასა და ერთიან ხაზზე მოქმედებს.
ზოგჯერ მაყურებელს ან მკითხველს თვალთახედვიდან რჩება ასეთი პერსონაჟების მნიშვნელობა. თუმცა მათი არარსებობის შემთხვევაში მყისიერად დაირღვეოდა წონასწორობა — დაიკარგებოდა მთავარი კონფლიქტის სხვა ასპექტები, სიუჟეტის მრავალფეროვნება და მოვლენების კომპლექსურობა. შეიძლება ითქვას, ერთგვარ დამხმარე როლს ითავსებენ, რათა მთავარი გმირების მნიშვნელობა თუ ძირითადი ხაზი მეტად გამოიკვეთოს.
ზოგადად, რამდენიმე ტიპის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არსებობს:
აქვე უნდა აღვნიშნოთ, ხშირად მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ მთავარი გმირის ნარატიულ ხაზს უთანაბრდება. მაგალითად, ალბათ, გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, რომ ჰერმიონ გრეინჯერი (ჰარი პოტერიდან) მეორეხარისხოვან პერსონაჟად განიხილება — მისი წვლილი, როგორც მეგობრის, ერთგული თანამებრძოლისა და სტრატეგიული აზროვნების მქონე პერსონაჟის, სიუჟეტში უდიდეს როლს ასრულებს.
ჰერმიონის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რიგ შემთხვევებში მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების სიუჟეტური ხაზები ისეა ერთმანეთში გადახლართული, მათი განცალკევება გვიჭირს.
როცა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი მთავარ გმირზე მეტად ახსოვთ…
არის შემთხვევები, როცა პერსონაჟის უნიკალურობა, ქარიზმა და ნარატიული მნიშვნელობა „მეორეხარისხოვანის“ ჩარჩოებს სცილდება და მთავარ გმირსაც კი ჩრდილავს. ან მინიმუმ არანაკლებ ცნობილები ხდებიან.
აქვე გაგიზიარებთ ყველაზე ცნობილ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს:
სემუელ გემჯი (ბეჭდების მბრძანებელი) — სემი, რომელიც მთავარი გმირის, ფროდო ბეგინსის, საუკეთესო მეგობარი და მეწყვილეა, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია ლიტერატურასა და კინოში. მისი ერთგულება, სიბრძნე და მხიარული ხასიათი სიუჟეტისა თუ გმირის მოტივაციას აძლიერებს.
დარტ ვეიდერი (ვარსკვლავური ომები) – მიუხედავად იმისა, რომ ვეიდერი ანტაგონისტია, მისი როლი მთელ სიუჟეტში იმდენად ცენტრალურია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი გახდა კინემატოგრაფიის ისტორიაში. მისი ტრანსფორმაცია, შინაგანი კონფლიქტები და ძლიერი კავშირი მთავარ გმირებთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
რობინი (ბეტმენი) – ბეტმენის ერთგული მეწყვილე, რობინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეორეხარისხოვანი გმირია კომიქსებსა და ფილმებში. ბეტმენისგან განსხვავებული პერსპექტივა ხშირად ახალ სიღრმეს სძენს სიუჟეტს და გმირთა ურთიერთობას.
გენდალფი (ბეჭდების მბრძანებელი) – გენდალფი, როგორც ბრძენი ჯადოქარი და მენტორი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფროდოსა და სხვა გმირების თავგადასავლებში. მისი რჩევები და კავშირი ისტორიასთან მთავარი სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მთლიანობაში, ამ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ხშირად განსაკუთრებული როლი ეკისრებათ სიუჟეტის ემოციური თუ ინტელექტუალური ხაზის განმტკიცებაში. მათ გარეშე სიუჟეტი „ჩამოიშლებოდა“ — დაკარგავდა სიმყარეს და დაახლოებით ისეთ სიტუაციას მივიღებდით: „ალაგ-ალად წამიკითხე, ძირითადი მომენტები“.