ჩარლი კაუფმანის რჩევები სცენარისტებს

ჩარლი კაუფმანის რჩევები სცენარისტებს

ჩარლი კაუფმანი ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელიც თავისი უჩვეულო, მეტაფიზიკური სიუჟეტებით გახდა ცნობილი. მისი სცენარები უმეტესად ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ თუ ემოციურ საკითხებს ეხება — ცდილობს, ამ თემების მეშვეობით ჩაწვდეს გონებისა და იდენტობის კომპლექსურ ხასიათს. სწორედ ამგვარი სიღრმისეული კვლევის ირგვლივ აერთიანებს რეალობასა, წარმოსახვასა და შინაგან სამყაროს.

კაუფმანმა ერთ-ერთი პირველი წარმატებული სცენარი ფილმისთვის „Being John Malkovich“ დაწერა. ეს არის სიუჟეტი ადამიანებზე, რომლებიც ჯონ მალკოვიჩის გონებაში შეღწევის შესაძლებლობას პოულობენ — შესაბამისად, მთელი სცენარი ადამიანის ცნობიერებასა თუ იდენტობაზეა ფოკუსირებული. 

ამას მოსდევს 2002 წელს გადაღებული ფილმი „Adaptation“, რომელიც ავტობიოგრაფიული ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. კერძოდ, კაუფმანი სცენარისტის კრიზისულ პერიოდს გადმოსცემს, სიუჟეტს კი თვითრეფლექსიური სტილი გასდევს, რაც ჩარლის ხელწერის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

უკვე 2004-ში კი კაუფმანის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფილმი ვიხილეთ, სახელწოდებით „Eternal Sunshine of the Spotless Mind“. მისი გამოსვლის შემდეგ, ჩარლიმ ოსკარიც მიიღო, როგორც ყველაზე ორიგინალური სცენარის ავტორმა. სიუჟეტი მეხსიერების წაშლის ტექნოლოგიასა და ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთში ირევა. ცხადია, ამ ყველაფერს თან სდევს ემოციური სიღრმე, ფსიქოლოგიური კომპლექსურობა.

ხოლო „Synecdoche, New York“ იმითაა გამორჩეული, რომ კაუფმანის რეჟისორული დებიუტის შედეგად შეიქმნა, ფილმი სიცოცხლისა და სიკვდილის, ხელოვნებისა და იდენტობის თეორიულ საკითხებს იკვლევს. რა თქმა უნდა, სიუჟეტი ძალიან კომპლექსურია, ვინაიდან რეჟისორმა შექმნა ფიქციური თეატრალური სამყარო, რომელიც ადამიანის ცხოვრებისეულ სცენარს უკავშირდება…

რას ურჩევს ჩარლი კაუფმანი სცენარისტებს?

ბუნებრივია, ასეთი წარმატებული და ცნობილი შემოქმედისგან რჩევების მიღება ნებისმიერ დამწყებ თუ უკვე პროფესიონალ სცენარისტს დაეხმარება. თანაც იგი იმდენად გულწრფელად გასცემს ამ რჩევებს, თითოეული მათგანი მისი ფილოსოფიისა და შემოქმედებითი პროცესის ანარეკლია. 

„იყავით ავთენტურები და გულწრფელნი საკუთარ თავთან“

კაუფმანისთვის ავთენტურობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც სცენარისტებს მუდამ მოუწოდებს, არ სცადონ გემოვნების ან კომერციული წარმატების სტანდარტებზე მორგება. სანაცვლოდ, უნდა შექმნან ისეთი სცენარები, რომლებიც პიროვნულ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. მისი თქმით, სცენარისტებმა ღიად უნდა გამოხატონ საკუთარი ეჭვები, შიშები და ემოციები, რადგან ასეთი ნამუშევრები ყოველთვის უფრო მეტად იზიდავს მაყურებელს.

„მოერიდეთ კლიშეებსა და კომფორტის ზონას“

როგორც ჩანს, ჩარლი სკეპტიკურად უყურებს ინდუსტრიის სტანდარტიზებულ ფორმულებს და ხშირად მოუწოდებს სცენარისტებს, უარი თქვან უკვე არსებულ შაბლონებზე. პირიქით, ურჩევს, ახალი ფორმები გამოიყენონ, მუდმივად გამოიკვლიონ განსხვავებული თემები და გაჩერდნენ კომფორტის ზონაში, რადგან ნამდვილი ინოვაცია სწორედ გამოწვევებიდან მოდის.

„ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის“

კაუფმანი ამბობს, რომ წარუმატებლობა შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე შეუძლებელია რაიმე საინტერესოს შექმნა. შესაბამისად, მისი აზრით, სცენარისტებს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეთ, არამედ კრიტიკის მიღება და მარცხის საფუძველზე სწავლა შეეძლოთ.

„ნუ ეცდებით მარკეტინგული სცენარის შექმნას“

რაღაც მხრივ, ეს რჩევა ავთენტურობის პრინციპს ეხმიანება. კაუფმანს მიაჩნია, რომ კარგი სცენარისტი არასდროს ფოკუსირდება კომერციულ წარმატებაზე — მთავარი მხოლოდ უნიკალური ხედვა და ისტორიაზე კონცენტრირებაა. მისი აზრით, წარმატება სწორედ იმ ნამუშევრებიდან მოდის, რომლებიც შემოქმედებით სინამდვილეზეა აგებული.

„გამოიყენეთ პირადი გამოცდილება“

როგორც კაუფმანი აღნიშნავს, სცენარებში პირადი გამოცდილებებისა თუ ემოციების ჩართვა ჭკვიანურ ხრიკს წარმოადგენს. მისი თქმით, საუკეთესო სცენარი ისაა, რომელიც ღრმა ემოციურ საფუძველს შეიცავს — ამას კი ხშირად ჩვენივე თავიდან გამომდინარე უფრო კარგად ვახერხებთ.

„ნუ ეძებთ დაფასებას“

კაუფმანი ხშირად უსვამს ხაზს, რომ ავტორებმა არ უნდა აირჩიონ გზები, რომლებიც მხოლოდ გარე დაფასებისკენაა მიმართული. პირიქით, შემოქმედება უნდა იყოს შიდა მოთხოვნილება და არა საზოგადოების მოლოდინებზე დაფუძნებული. როგორც ამბობს, კარგ სცენარს შინაგანი დინამიკა და სიღრმე სჭირდება… ხოლო სხვებზე ფოკუსირებით ეს შემოქმედებითი კავშირი ავტომატურად წყდება.