ორაზროვანი დასასრულის ხელოვნება კინემატოგრაფიაში

ორაზროვანი დასასრულის ხელოვნება კინემატოგრაფიაში

როდესაც რაიმე ფილმის ყურებას ვიწყებთ და სიუჟეტურ ქსელებში ვიხლართებით, გონება ავტომატურად იმაზე ფიქრობს, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი… შეხვდება თუ არა ფილმის მთავარი გმირი ნამდვილ სიყვარულს, გადაიჭრება თუ არა პერსონაჟის კონკრეტული პრობლემები და ა.შ. ალბათ, თავად სცენარისტისა და რეჟისორისთვის ყველაზე რთულად მოსაფიქრებელი სწორედ ეს ნაწილია — დასასრული არც ბანალური რომ არ იყოს, არც იმედს უცრუებდეს მაყურებელს და თან კრეატიულობასაც შეიცავდეს.

ზოგადად, კინემატოგრაფიაში მრავალი ტიპის დასასრული არსებობს, რომელთაგან თითოეულს თავისი ნარატიული ეფექტი აქვს. მათ შორისაა ე. წ. გაურკვეველი დასასრული, როცა მაყურებელმა საბოლოო პასუხები არ იცის. შეიძლება ითქვას, ეს უფრო ინტერაქციული მეთოდია — შემოქმედსა და ნებისმიერ ინდივიდს შორის ჩნდება უხილავი კავშირი, როცა გადაწყვეტილება სწორედ ამ უკანასკნელზეა. თითოეული ჩვენგანი საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებს სიუჟეტს.

ერთი მხრივ, ორაზროვანი დასასრული შეიძლება „თავის დაძვრენის“ იდეალურ ხერხად მივიჩნიოთ. თითქოს, სცენარისტი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, მრავალ ვერსიას შორის ერთზე შეაჩეროს არჩევანი და პირიქით, მაყურებლებს უტოვებს ასპარეზს. ჩვენ კი საკუთარი ინტერპერატაციებით გონებაში ვასრულებთ იმას, რაც სცენარისტმა და რეჟისორმა დაიწყეს. 

მეორე მხრივ კი, სიუჟეტის ამგვარ დასასრულს მძლავრ ნარატიულ ინსტრუმენტად იყენებენ — ის სცენარისტებსა და რეჟისორებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყარონ  ემოციური და ინტელექტუალური კავშირი მაყურებელთან. ნაცვლად პასიური დამკვირვებლის როლის მორგებისა, თითოეული ჩვენგანი ერთვება ისტორიის განვითარებაში.

რატომ მიმართავენ ორაზროვან დასასრულს?

გარდა იმისა, რომ ორაზროვან დასასრულს კლასიკური თხრობის სტილის გასარღვევად იყენებენ, ამ მეთოდს ბევრი ფუნქციური თუ სიმბოლური დატვირთვა აქვს. თითოეულ მათგანს კი აქვე განვიხილავთ:

ორაზროვანი დასასრული ხშირად ეხება ფილოსოფიურ ან ემოციურ თემებს, რომლებსაც ცალსახა ახსნა არ მოეძებნება. სცენარისტი და რეჟისორი ამ შემთხვევაში ცდილობენ, ადამიანები დააფიქრონ — ასე ვთქვათ, კითხვებზე პასუხის გაცემა მთავარ ამოცანას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა თავისებურად აფასებს ფილმში წამოჭრილ საკითხებს და, შეიძლება ითქვას, დასასრულის ინდივიდუალური გადაწყვეტა ჩვენი არაცნობიერის სარკედ იქცევა.  ეს შეიძლება იყოს ცხოვრების, იდენტობის, ბედის ან მორალის საკითხები, რომლებიც ფილმის უშუალო დასასრულზე მეტია. მაყურებელს უჩნდება სურვილი, დაფიქრდეს ფილმის სათქმელზე და მისი ფილოსოფიური ღირებულებების ახსნას შეეცადოს.

გარდა ამისა, ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ დრამატული დაძაბულობის გასაძლიერებლად. გაურკვეველი დასასრული, რომელიც კითხვებს ბადებს და პასუხებს არ იძლევა, დიდ ინტრიგას იწვევს მაყურებელში. გვიწევს, თავად გამოვიცნოთ, რა მოხდება შემდგომში ან რას გულისხმობდა მთლიანი სიუჟეტი. 

ცხადია, ორაზროვანი დასასრული ერთგვარი სინამდვილის ასახვაცაა — რეალურ ცხოვრებაში ხშირად არ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი ან ზოგიერთი ამბავი უბრალოდ ბუნდოვნად სრულდება. მარტივად რომ ვთქვათ, გაურკვევლობა და არასტაბილურობა ცხოვრების ნაწილია. 

ცნობილი ფილმები ორაზროვანი დასარულით

2001: A Space Odyssey

1968 წელს გადაღებული ფილმი, რომლის რეჟისორიც და სცენარის ავტორიც, ართურ ს. კლარკთან ერთად, სტენლი კუბრიკია, ცნობილია თავისი ორაზროვანი დასასრულით. კუბრიკის სტრატეგიამ სიუჟეტს  ფილოსოფიური და მეტაფიზიკური სიღრმე შემატა — აქ არ არსებობს სწორი ნარატიული პასუხი, თუ რა ხდება ფილმის დასასრულს ან რა არის მთავარი პერსონაჟის „ვარსკვლავურ ბავშვად“ გარდასახვის საბოლოო მიზანი.

რეალურად, ეს ორაზროვანი დასასრული იდეალურად გამოკვეთს ზრდისა და ევოლუციის მეტაფორას. კერძოდ, ფილმის ერთ-ერთ ძირითად თემას ადამიანის განვითარება წარმოადგენს, დასასრული კი სიმბოლურად აღიქმება: დეივ ბოუმანი, რომელიც ადამიანური სიცოცხლიდან რაღაც ახალ ზღვარზე გადადის, ევოლუციური ნახტომის საწყისია. კუბრიკმა და კლარკმა გადაწყვიტეს, აუდიტორიისთვის ერთი კონკრეტული პასუხის მიწოდების ნაცვლად, ინტელექტუალური გამოწვევა წამოეწყოთ. ჩვენ თავად უნდა გამოვიტანოთ დასკვნები — კუბრიკმაც თქვა, რომ სურდა, ფილმს ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონოდა მაყურებელზე.

ამასთან, ფინალურ სცენაში მთავარი პერსონაჟი ისეთ სივრცეშია, სადაც დრო არ არსებობს. ის საკუთარ თავს სხვადასხვა ასაკში ხედავს — შესაბამისად, აღნიშნული სცენა ერთგვარი მეტაფიზიკური ალეგორიაა. სიმბოლურად გვანიშნებს, რომ ადამიანის გონებას დროისა და სივრცის ჩარჩოების გადალახვა შეუძლია… მთლიანობაში, მაყურებელს ეძლევა სივრცე, რომ თავად ჩაერთოს ფილმში და იფიქროს ადამიანის ევოლუციაზე, გონებრივ და სულიერ ტრანსფორმაციაზე; და, რაც მთავარია, სიცოცხლის საზღვრებს მიღმა შესაძლო არსებობაზე.

Inception

კრისტოფერ ნოლანის ფილმი Inception ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ამ თვალსაზრისით. ფილმის ბოლო სცენაში დომ კობი (ლეონარდო დიკაპრიო) სახლში, შვილებთან ბრუნდება და ცდილობს, ბზრიალას მეშვეობით გაგვარკვიოს, სიზმარშია თუ ცხადში. თუმცა ამას ვერც თავად იგებს და ვერც ჩვენ — არ ვიცით, რა ბედი ეწევა ბზრიალას… ამგვარი დასასრულით ნოლანმა რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა გაშალა:

რეალობა და სიზმარი — ფილმში სიზმრები ისეთივე რეალისტურია, როგორც ნამდვილი ცხოვრება. დასასრულს კი თავად უნდა განვსაზღვროთ, სად იმყოფება კობი… თითქოს, ზღვარი სრულად იშლება და სიუჟეტური განვითარება იმაზე გვაფიქრებს, რომ ფანტაზიაც და სინამდვილეც, ორივე ჩვენი რეალობაა. თანაც სცენარულად ვხედავთ მთავარი პერსონაჟის ფოკუსის ცვლილებას — მნიშვნელობა აღარ აქვს, სიზმარშია თუ ცხადში, მთავარია, სასურველ გარემოშია. 

მთლიანობაში, ნოლანს სურდა, ფილმს ინტერპრეტაციული მრავალფეროვნება ჰქონოდა, რასაც წარმატებით მიაღწია… Inception-ის ორაზროვანი დასასრული ხაზს უსვამს ფილოსოფიურ შეკითხვებს რეალობის შესახებ: „რა არის ნამდვილი?“ და „შეიძლება თუ არა ჩვენმა განცდებმა და ემოციებმა რეალობასთან კავშირი ბუნდოვანი გახადოს?“ 

The Best Offer

ორაზროვანი დასასრული „საუკეთესო წინადადების“ ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რაც სიუჟეტს დრამატულობას და ფსიქოლოგიურ დატვირთვას სძენს. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ჯუზეპე ტორნატორე მაყურებელს აძლევს თავისუფლებას, საკუთარი ინტერპრეტაციით გადაწყვიტოს მთავარი პერსონაჟის, ვირჯილ ოლდმანის ბედი.

ფილმის დასასრულს ვხედავთ, როგორ ზის ვირჯილი რესტორანში, რომელიც მისი მთავარი სიყვარულის, კლერის საყვარელი ადგილია. ჩვენ არ ვიცით, დაბრუნდება თუ არა აქ კლერი ან რა მოხდა რეალურად — სიუჟეტში ყველაფერი ბუნდოვანია. სწორედ ეს ორაზროვნება გვაიძულებს იმაზე დაფიქრებას, თუ როგორია ვირჯილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა… ერთი მხრივ, რესტორანი იმედისა და მოლოდინის განსხეულებული სახეა; მეორე მხრივ კი, ილუზიებში ცხოვრების სიმბოლო.

მთლიანობაში, ტორნატორეს მიზანი შეიძლება იყოს იმის ჩვენება, რომ ადამიანები ხშირად საკუთარი ილუზიების მსხვერპლი ვართ. ფილმის თემატიკა სიყვარულსა და ნდობას უკავშირდება, ხოლო ორაზროვანი დასასრული ასახავს იმ ემოციურ და მენტალურ ზღვარზე ყოფნას, რომელშიც ვირჯილი აღმოჩნდა…

კიდევ რა ტიპის დასასრულები არსებობს კინემატოგრაფიაში?

„დახურული“ დასასრული

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ე. წ. ტრადიციული დასასრულია — აქ ყველა სიუჟეტური ხაზი „დახურულია“, ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. მაყურებელმა იცის, როგორ განვითარდა პერსონაჟების ცხოვრება, როგორ დასრულდა მათი თავგადასავალი და რა შედეგები მოჰყვა თითოეულ ამბავს.

ტვისტ-დასასრული

ამ შემთხვევაში სიუჟეტის დასასრული მოულოდნელია და სრულიად ცვლის აქამდე ნანახი ამბის აღქმას. მაყურებელი იძულებულია, ერთიანად გადააფასოს ფილმის მთავარი თემები, სხვა პერსპექტივით დაინახოს თითოეული საკითხი და დასკვნები თავიდან გამოიტანოს.

ბედნიერი დასასრული

ბოლო დროს ხშირად კი ამბობენ, ბედნიერი დასასრული არ არსებობსო, მაგრამ ფაქტია, არსებობს და ხშირადაც ვხვდებით კინემატოგრაფიაში, განსაკუთრებით, ჰოლივუდში. ამგვარი დასასრული პოზიტიურ გადაწყვეტებზეა აგებული — პერსონაჟები წარმატებას აღწევენ და ყველაფერი კარგად მთავრდება. 

ტრაგიკული დასასრული

ასეთია დასასრული, როცა სიუჟეტის ბოლოს ყველაფერი ნეგატივითაა გაჟღენთილი. მაგალითად, თუ მთავარი პერსონაჟი გარდაიცვლება ან პროტაგონისტი მიზნებს ვერ აღწევს. ასეთი გადაწყვეტა ფილმს უფრო ემოციურს ხდის და სევდიან კონტექსტში აქცევს.

ახალი დასაწყისი

როცა ფილმის მოვლენები დასასრულთან ერთად რაღაც ახალს მოასწავებს. მსგავს მიდგომას ხშირად იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი ფილმის შემდეგი ნაწილის გამოშვებას აპირებენ. ასე მაყურებელი წინასწარ „სპოილერდება“, რას უნდა ელოდეს.

ამბივალენტური დასასრული

ამბივალენტური დასასრული მაყურებელს გაურკვევლობაში ტოვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეაფასოს მოვლენები. ის არც ცალსახად ბედნიერია და არც ცალსახად სევდიანი, რადგან მათი ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება.

ციკლური დასასრული

ციკლური დასასრული არის ნარატიული ხერხი, როცა ფილმი მთავრდება იმავე მოვლენებით ან ვითარებით, რითაც დაიწყო. ამ ხერხით ხშირად გვაჩვენებენ, რომ მოვლენები ბრუნვაშია და პერსონაჟი ვერ ახერხებს საკუთარი ბედის შეცვლას.